რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?

რამზან კადიროვის დასასრულის დასაწყისი დაიწყო?

რუსეთში, რამდენიმე დამოუკიდებელი მედია, ხელისუფლების ძლიერი ზეწოლის პირობებში, როგორღაც ახერხებს კრიტიკული აზრის გამოთქმას და უკვე აქტიურად საუბრობს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მიმართ კრემლში არსებულ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე.

წლების განმავლობაში, ჩეჩნეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინის ფავორიტად ითვლებოდა და მისი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუ როგორ მოვიდა ახალგაზრდა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის სათავეში, როგორ მოიპოვა ძალაუფლება და როგორ ჩამოიშორა ანტირუსულად განწყობილი ჩეჩნები, ამის შესახებ ოსლოელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ოსნე საიეშტადმა, ყველაზე გაბედულად ისაუბრა თავის წიგნში. მის მიერ გროზნოში მოგზაურობის დეტალების აღწერისას, ჩეჩნები ჯერ კიდევ ხმამაღლა საუბრობდნენ კადიროვის "ბიჭების" ქმედებებზე, რადგან მიაჩნდათ, "დუმილიც საშიში" იყო...

რამზან კადიროვი, 10 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველად დანიშნა. ცოტა ხანში ამ "ოდიოზურმა პიროვნებამ" (როგორც ის თავის თავს ხშირად უწოდებს), პოპულარობით მოსკოველ პოლიტიკოსებსაც გაასწრო.

ასევე წაიკითხეთ: რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

"მოგეხსენებათ, ჩენჩეთი ის ადგილია, საიდანაც აფეთქებას მუდმივად უნდა ელოდე, მაგრამ ამას თავისი დაუნდობელი ხასიათითა და სისასტიკით ისე ახერხებს ჩეჩნეთის ლიდერი ძლიერი მხარდაჭერის სანცვლოდ, რომ ამით თავის მფარველ პუტინს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას. მას იქ სრული თავისუფლება აქვს, რისი საშუალებითაც იქ დიქტატურა დაამყარა. მის "ანგარიშზეა" არაერთი მკვლელობა, რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაზე, მაგრამ ამის გამო მისი გავლენები არ შესუსტებულა" - წერს Новая газета.

მათი მოსაზრებით, ჩენჩეთში გადასროლილი ფინანსური დივიდენდების გამო, კადიროვი მალე დაკარგავს პუტინის მხარდაჭერას და მას რუსეთის პრეზიდენტი სხვა კანდიდატით შეცვლის, რადგან კადიროვის მიმართ ანტიპათიურად კრემლის მაღალჩინოსნებიც არიან განწყობილნი.

კადიროვის მიმართ აგრესიამ რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებშიც არაერთხელ იფეთქა; ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2007 წლის გაზაფხულზე რუსეთში აბსურდული პოლიტიკური სპექტაკლი გათამაშდა, - გავლენიანი რუსი პოლიტიკოსები პუტინს სათითაოდ სთხოვდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მესამედ ეყარა, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუცია ამის უფლებას არ აძლევდა. მაშინ კადიროვმა, რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართა, - დაიჩოქეთ და იქნებ პუტინი მესამე ვადით პრეზიდენტობას დათანხმდესო.

"არგუმენტად" მისი ლიდერის სიტყვები მოჰყავდა, - პუტინი მიუდმივად ამბობს რომ რუსეთი ისლამის მეგობარია... თუმცა, პასუხმა არ დააყოვნა, - მუსლიმები მხოლოდ ალაჰს ვუჩოქებთ და ჩეჩნეთის მოსახლეობაში არ აგერიოთო - შემოუთვალეს რუსეთში მცხოვრებმა მუსლიმებმა... ყველასთვის გასაგები იყო, კადიროვი საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძოდა, რადგან პუტინი მისი მშვიდად ყოფნის გარანტი იყო. ეტყობა, მისმა ექსცენტრიკულმა გამოსვლებმა, მის გარშემო უარყოფითად განწყობილთა რაოდენობა გაზარდა, როგორც კრემლში, ასევე რუსეთში მცხოვრებ მუსლიმ საზოგადოებაში.

წაიკითხეთ: "იმდენი მყავს ნაწამები და მოკლული, ერთი შეხედვით მივხვდები, რას წარმოადგენო..." - რას ყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს საქართველოში გამოექცა

ბოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კადიროვმა, ჩეჩენ ქალთა დღე აღნიშნა და ცერემონიაზე შუასაუკუნეების რაინდული აღკაზმულობით, ხანჯლით და აბჯრით გამოცხადდა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, - მაშინ ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გაშუქებულმა აბჯრიანმა კადიროვმა მალაიზიური ავიახაზების რეისი MH17-ის კატასტროფის შესახებ ჰოლანდიური გამოძიების შედეგებიც კი გადაფარა. არადა, გამოძიების თანახმად, MH17 პრორუსი სეპარატისტების ტერიტორიიდან გასროლილმა რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

რუსეთში აპრობირებული მეთოდია და სხვადასხვა პრობლემების გადასაფარად მას ხშირად იყენებენ, თუმცა, რუსი ოპოზიციონერების ნაწილს იმედი აქვს, რომ ეს ანტიკადიროვული კამპანიაც უშედეგოდ არ ჩაივლის და რაღაც შეიცვლება. მით უფრო, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და სხვა მიზეზების გამო, საშუალო სტატისტიკური რუსის საცხოვრებელი პირობები ყოველდღიურად უარესდება, მაგრამ ჩეჩნეთისთვის სუბსიდიები არ წყდება. მათი ნაწილი კი კადიროვის ოჯახის და მისი თანამოაზრეების კეთილდღეობას ხმარდება და მოსახლეობამდე არ აღწევს...

"რომ არაფერი ვთქვათ, გახმაურებულ მკვლელობებზე, პუტინის ყველაზე აქტიური ოპონენტის ბორის ნემცოვის მკვლელობაზე, რომლის უკან რამზან კადიროვის ჩრდილი უკვე დაინახეს; ასევე, "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა, კადიროვის ხალხს უკავშირდება; ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ საჩივარი, ოჯახის წევრების წამების, მოკვლისა და უფლებების დარღვევის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოში ასობით ჩეჩენმა შეიტანა. თუმცა, ამით კადიროვს არაფერი დაკლებია..." - წერს "ნოვაია გაზეტა."

ჟურნალისტ ოლეგ კაშინის თქმით, კადიროვის გადაყენების უფლებამოსილება მხოლოდ პუტინს აქვს, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ის მას შავი საქმეებისთვის იყენებს. და მაინც, ალბათ თავად რუსეთის პირველი პირიც უკვე აცნობიერებს, რომ მის გამო არ ღირს ყველასთან დაპირისპირება. გასულ დღეებში, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ჩრდილოეთ კავკასიის ოლქებს დაფინანსება შეუწყვიტონ, რაც რამზან კადიროვმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ "ეს უბრალოდ შეუძლებელია". მალევე ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, - სახელმწიფო პროგრამების ჩრდილოეთ კავკასიაში გაზრდასთან დაკავშირებით... კრემლში უკვე ვარაუდობენ, რომ კადიროვის ხისტი ქმედებები უკმაყოფილების გაზრდის კიდევ ერთი მიზეზია... რუსი დეპუტატების თქმით, შესაძლოა, პუტინი კადიროვის გამო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდეს.

"შესაძლოა, არც ისე დიდი დროა, კადიროვის ხანის დასასრულის დასაწყისამდე, მით უფრო, რომ კადიროვის საწინააღმდეგოდ წლებია ძალიან ბევრი საქმეა მომწიფებული, იქნებ კადიროვთან დაკავშირებით, ერთხელ მაინც მიიღოს საღი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა. თუმცა, არსებობს ერთი საფრთხე, პუტინს თავადაც ეშინია კადიროვისა და მის გარშემო შემოკრებილი ათასი "ბოევიკის", რომლებიც სხვებთან ერთად "უზრუნველყოფენ" ჩეჩნეთში "მშვიდობას"... - წერს უფლებადამცველი ლევ პონამარევი.

ჩეჩნეთის პირველი პირის მოჩვენებით მშვიდობის ფონზე, კრემლის ფავოტორის რეპრესიების გამო, ასობით ჩეჩენი გარბის ქვეყნიდან და ბელორუსიის გავლით პოლონეთში გადასვლას ცდილობს, იმ იმედით, რომ იქ ლტოლვილის სტატუსს მიიღებს. ერთ-ერთი ლტოლვილი, რომელმაც ჩეჩნეთი ოჯახთან ერთად დატოვა, ამჟამად ვარშავაში ცხოვრობს.

"მდინარე ბუგის მეორე მხარეს პოლონეთია, ტერესპოლი. ბრესტსა და ტერესპოლს შორის მოძრავ მატარებელს თუ ადრე სამი ვაგონი ჰყოფნიდა, ახლა ათამდე ვაგონი აქვს ჩაბმული ყველა გადაჭედილია... მზად ვიყავით გზაში ერთი თვე ან მეტი ვყოფილიყავით, ოღონდ კი სამშვიდობოს ჩავსულიყავით. მე და ჩემი ძმა ჩეჩნეთიდან საბოლოოდ წამოვედით და შვილებს ვუთხარით, რომ დაივიწყონ მათი ქვეყანა... ჩეჩნეთი არის ადგილი, სადაც ვიდრე რამზან კადიროვი ცოცხალია, არაფერი შეიცვლება. იქ მოხელეები კანონს არ აღიარებენ. აქ კანონს კადიროვის სახელი ჰქვია და ვითარება უარესდება. ხალხი დაშინებულია... ამ რეჟიმს ჩემი ორი ძმა შეეწირა, არიან ისეთებიც, სადაც ოჯახში ყველა მამაკაცი დახოცეს. თუ ვინმემზე გაიგეს, რომ რეჟიმის წინააღმდეგია, თუ მას ვერ მოიხელთებენ, მის ოჯახის წევრს ან ნათესავს გაიტაცებენ, რამდენიმე დღე სცემენ აწამებენ და ასე ცდილობენ მისგან ინფორმაციის მიღებას..."

ახლახან ის ორი ისტორიკოსი, რიზვან იბრაგიმოვი და აბუბაკარ დედიო გაურკვეველი ბრალდებით დააკავეს. ცოტა ხანში ისინი ტელევიზიით გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადეს, - 1944 წელს ჩეჩნების შუა აზიაში გასახლების ისტორიის კვლევა, შეცდომა იყოო. იგივე ბედი არაერთ მკლვევარსა და ჟურნალისტს ეწია, რომელთა უმეტესობამაც საქმიანობა შეწყვიტა ან თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა...

პ.ს. 2004 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის 70 ათასმა მოქალაქემ მიმართა პოლონეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით. მათი უმეტესობა ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო. მიგრანტთა ბოლო დიდი ტალღა 2013 წელს წამოვიდა ჩეჩნეთიდან. მაშინ იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს, 13 ათასი იყო და ეს რიცხვი თანდათან მატულობს.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე