რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს

რა სურს რუსეთს აფხაზეთში? - უკრაინელმა ჰაკერებმა ორი ათასამდე სკანდალური წერილი გამოაქვეყნეს

რამდენიმე დღის წინ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია განხორციელდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას გულისხმობს. საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულება დაგმო.

"მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ეს ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს - "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიდო და სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად, გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბებას "აგრესიის მოგერიების" მიზნით. ამ დაჯგუფებაში აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა შევა და მას გაერთიანებული სარდლობა ეყოლება.

რუსეთის სათათბირომ ხელშეკრულების რატიფიცირება 2 ნოემბერს 410 ხმით მოახდინა მაშინ, როცა სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში მსგავსი პროცედურა 2015 წლის დეკემბერში, ხელმოწერიდან ერთ თვეში განხორციელდა.

მაშინ, ამ ხელშეკრულების გარშემო აფხაზეთში დიდი მღეელვარება დაიწყო, - სოხუმში აქციები იმართებოდა. ადგილობრივები, აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, შემდეგ, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ყველა საკითხი გავლილი და მოგვარებულია". მას შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები შეწყდა, მაგრამ დაძაბულობა არ გამქრალა, ეჭვები დარჩა, რომ რუსეთსა და მათ ლიდერებს შორის გარკვეული გარიგება შედგა...

ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან "კიბერხუნტა" ორი ათასამდე წერილი გამოაქვეყნეს. ყველა მათგანი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღები აპარატის ელექტრონული ფოსტის გატეხვით შედეგად მოიპოვეს. წერილებში წერია, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი ყირიმის უკრაინისაგან მოწყვეტას ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მაიდანის მოვლენები დაიწყებოდა. მიმოწერა ასევე, ეხებოდა აფხაზეთის რეგიონს. კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია ღიად ერეოდნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შიდა საქმეებში.

რადიო "ეხო კავკაზას" რედაქტორი დემის პოლანდოვი, დეტალურად გაეცნო უკრაინელი ჰაკერების მიერ ინტერნეტით გამოქვეყნებული წერილების შინაარსს და ეჭვი არ ეპარება მათ ავთენტურობაში.

"დაახლოებით, 2400 წერილზეა საუბარი, რომლებიც თვალნათლივ აჩვენებენ, თუ როგორ მუშაობს რუსეთი აფხაზ პოლიტიკოსებთან და თუ ზემოქმედების რა მეთოდები მოეპოვებათ მათზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვსა და მის თანაშემწეებს. ეს ის თემაა, რასაც ასე საჯაროდ, რა თქმა უნდა, აფხაზეთში არავინ განიხილავს. უფრო სწორად, არ არსებობს პოლიტიკოსების არანაირი განცხადებები, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა პრეზიდენტის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის მხრიდან. თუმცა, ყველანი შოკირებული არიან, რადგან პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რაც საჯაროდ არასოდეს გამოდის", აცხადებს დემის პოლანდოვი, რომლის თქმითაც, დოკუმენტების ნახვის შემდეგ, გასაგებია, რა სურს რუსეთს.

"მას არა მხოლოდ სურს, არამედ, ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მეტიც, სურკოვის კანცელარიის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები 2014 წელს წარმოდგენილ პუნქტებს დაეთანხმნენ, არა მხოლოდ რაულ ხაჯიმბა, არამედ ასლან ბჟანიაც".

წერილებიდან ირკვევა, რომ აფხაზი მაღალჩინოსნები, დაეთანხმნენ, რომ გადაწყდეს საზღვრის საკითხი. შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საზღვრის დახურვას მდინარე ენგურზე და მის გახსნას მდინარე ფსოუზე. ვლადისლავ სურკოვი მკაფიოდ საუბრობს რუსეთის პოზიციაზე, - კონკრეტულად, რუსეთს სურს, მისი სპეცსამსახურები, საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები, მხოლოდ მდინარე ენგურზე კი არა, საზღვაო პორტებსა და აეროდრომებზეც იყვნენ. ერთი სიტყვით, რუსეთს სურს მთლიანად აკონტროლებდეს აფხაზეთის "საზღვრებს".

ბოლო დროს, აფხაზეთში ძალიან ბევრი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მათ "ქვეყნის დამოუკიდებლობას" ექმნება, თუმცა, ძალიან ცოტა, თანაც ირიბად საუბრობს, იმ კონკრეტულ მიზეზებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. ის აფხაზები, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ამბობენ, რომ პრობლემების ძირითადადი მიზეზი, ხელმძღვანელობის უუნარობაა. 'რატომ არ შეიძლება ავიღოთ შვეიცარიის მოდელი? რა უშლის ხელს აფხაზეთს?.. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ბუნების მიერ ნაბოძები სამოთხე, მას სამხედრო ბაზების ადგილად ვაქცევთ", - წერენ ისინი სოციალურ ქსელში.

აფხაზეთში რუსეთის გამოკვეთილ ინტერესებთან დაკავშირებით, ხანდახან აქტიურობს პარტია "ედინაია აბხაზია" და "აინარი". მათი თქმით, ისინი თვალნათლივ ხედავენ, როგორ ყიდის ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთის ინტერესებს და მოსახლეობას იმას ჰპირდებიან, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ...

აფხაზეთში დაგროვილ პრობლემებზე, სოციალურ ქსელებში მსჯელობისას, აფხაზები ამბობენ, რომ "ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორი "მხოლოდ ლამაზი თვალების გამო არ დაეხმარება" და მათ თავიანთი ინტერესები აქვთ.

აფხაზურ წრეებში საკმაოდ ცნობილი თენგიზ აგრბა სამხედრო ხელშეკურლების რატიფაკაციას ასე ეხმაურება: - "ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვაძლევენ თითოეულ თეთრს და რას ითხოვენ ამისთვის ჩვენგან. სხვა ნებისმიერი საუბრები, არის საბავშვო თემა. ყველა კაცმა უნდა იცოდეს თავის ქვეყნის ისტორია... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა... სახელმწიფოსთვის ყველაზე ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა...", - წერს აგრბა. 

მოჰყვება თუ არა ამ ფაქტს "ვითარების აფეთქება" აფხაზეთში, ძნელი სათქმელია, თუმცა, არც იმის იაყროფა შეიძლება, რომ ბოლო დროს სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ბევრი კითხვა, ეჭვი და უკმაყოფილო მოსაზრებები დაგროვდა.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", სტატია მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?