რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!

რა სარგებლობა მოაქვს ჯარს?!

თავის დროზე, თავდაცვის ექსმინისტრის გადაწყვეტილებას, წვევამდელების სამხედრო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, _ სამხედრო სპეციალისტთა ერთი ნაწილის თქმით, ეს არასწორი გადაწყვეტილება, რასაც სხვები არ ეთანხმებოდნენ... იმ ახალგაზრდების თქმით, ვისაც სამხედრო კარიერის გაკეთება არ აქვს დაგეგმილი, "სახელმწიფო მათ დროს ფუჭად აკარგვინებს და მომავალს უნგრევს"... მათი მოსაზრებით, სხვებისგან განსხვავებით, მაღალჩინოსნების შვილები ამ საკითხს უპრობლემოდ აგვარებენ... მეორე ნაწილის თქმით, _ არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანს პატრიოტიზმი ქვეყნის სამსახურში ყოფნას არ ავალდებულებს, არადა, ძალოვან სტრუქტურებში სამუშაოდ არც უნდა იღებდნენ იმათ, ვისაც სავალდებულო სამხედრო გავლილი არ აქვს.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, სავალდებულო გაწვევა აღდგენა შეცვლილი პირობებით მოხდება. ეს პროცესი, დაახლოებით, 5 თვით იყო შეჩერებული ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, გადაწყვეტილების შემდეგ.

მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ის წერს, რომ "გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს: ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა; ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს; ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს თავისი მომავალი; ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ, ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;

ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს".

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებას, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები შეიარაღებულ ძალებს დააკლდნენ.

"სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები დააკლდნენ შეიარაღებულ ძალებს, გამომდინარე იქიდან, რომ იძულებული გახდნენ საყარაულო სამსახური საკონტრაქტო მომსახურეებს შეესრულებინათ, ის ადამიანები, ვინც ქვეყანას დაქირავებული ჰყავს და იხდის დიდ თანხას, 800-900-1000 ლარს, რომელიც საბრძოლო მზადყოფნას უნდა სრულყოფდეს და ემზადებოდეს ველზე, იმის გამო, რომ ჯარისკაცები აღარ ყავდათ, იძულებული გახდნენ ისინი დაეყენებინათ ყარაულში, დარაჯად. ამის აკრძალვა შეუძლებელია, დარაჯი აუცილებელია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ლაპარაკია აღდგენაზე შეიარაღებულ ძალებში, თორემ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულებას გაწვევა არც შეუწყვეტიათ. ეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჩანდა. ამ ახალი კონცეფციით, როგორც ჩანს, საუბარია, რომ ის წვევამდელი არა მარტო დარაჯი იყოს, არამედ როცა კოშკურიდან მოიხსნება, საშუალება ექნება გაიაროს საბრძოლო მომზადება, ეს არის მთავარი. ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდების სახით ჩვენ გვეყოლება საუკეთესო საფუძველი რეზერვის სამსახურისთვის", - აღნიშნა ალადაშვილმა...

გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ახალწვეულებს სამხედრო ნაწილებში გაზაფხულიდან მიიღებენ. "დღეს, სამხედროების ხედვა არის ის, რომ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში, ამიტომ, ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას. ახალწვეულები გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, მსგავს, როგორსაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით... ინფრასტრუქტურულად პრობლემა არ არის, სისტემურად პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენ დავხვეწთ საბრძოლო მომზადების პროგრამებს. შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. დავიწყებთ მუშაობას წელს, რათა გაზაფხულის გაწვევისთვის მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები სამხედრო ნაწილებში", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი, _ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს მის გადაწყვეტილება არავის გაუპროტესტებია, მათ შორის არც გენშტაბის წარმომადგენლობას. როდესაც თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელმა, ლევან იზორიამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გადაწყვიტა, იგივე შემადგენლობა მასაც უსიტყვო თანხმობით შეხვდა...

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე