რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო

რუსეთის სპეცსამსახურების "ნადირობა" დაღესტანში და "გამქრალი ადამიანების" საიდუმლო

ბოლო დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები ხშრიად ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში, - ამჯერად, ადამიანების მასობრივი გაუჩინარების გამო, დაღესტანში დაკარგულების ნათესავები გაერთიანდნენ. მათი თქმით, არსებობს, საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განწყობილი ადამიანების საქმიანობას სწავლობს, რის შემდეგაც ისინი, უბრალოდ, "ქრებიან".

პორტალ "კავკაზსკი უზელის" ცნობით, დაღესტნელი შამილ ჯამალუთდინოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ის 27 სექტემბერს, მანასიდან კასპიისკამდე მიმავალ გზაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

დაღესტნის შს საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში ჩანერგილმა წყარომ განაცხადა, რომ შამილ ჯამალუთდინოვი უკანონო ფორმირებების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი, ექსტრემიზმში დაადანაშაულეს და დაპატიმრების დადგენილება გამოიტანეს. დაკარგული ახალგაზრდა კაცის ახლობლებისთვის, მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

დაკარგული დაღესტნელის ახლობლების თქმით, - მისი ექსტრემიზმში მონაწილეობა უსაფუძვლოა, ის ცემენტის ქარხანაში მუშაობდა. მათ შემთხვევით შეიტყვეს, რომ შამილ გასული წლის ბოლოდან (თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ) შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე იყო აყვანილი.

დაღესტნის მოსახლეობის თქმით, - რესპუბლიკის მცხოვრებთა პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე აყვანის პრაქტიკა ბოლო წლებში დამკვიდრდა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ხშირად ასეთ აღრიცხვაზე აყვანის მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ადამიანი წვერს ატარებს, ან მეჩეთში დადის. ხელმძღვანელობის ასეთმა დამოკიდებულებამ, ადგილობრივი ახალგაზრდების "გარადიკალურება" გამოიწვია.

ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად, დაკარგული ახალგაზრდების ნათესავები მახაჩყალის მოედანზე რეგურალურად გადიან. იქ მათ, სხვადასხვა დროს, გაურკვეველი მიზეზებით, გაუჩინარებული სხვა ადამიანების ახლობლებიც უერთდებიან.

ძალოვანები ირწმუნებიან, რომ არც ერთი დაკარგული არ არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მათი ადგილმდებარეობის დასადგენად სისხლის სამართლისა და სამძებრო საქმეებია აღძრული. თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ კონკრეტული პირების აღრიცხვაზე აყვანა ქვეყნის სტაბილურობისთვის, აუცილებელია, რადგან დაღესტნის სხვადასხვა ქალაქსა და ზოგადად მთლიანად რესპუბლიკაში, შეიარაღებული ადამიანების მხრიდან დესტაბილიზაცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

უფლებადამცველთა ცენტრი "მემორიალი" აცხადებს, რომ სამ კვირაზე მცირე დროში, 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში რესპუბლიკაში თორმეტი ადამიანია მოტაცებული - სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.

"გატაცებების ტალღა 2010 წელს აგორდა... აშკარაა, რომ გატაცებები დაიწყო და გაგრძელდა. ადამიანების გაუჩინარების შემთხვევების რაოდენობამ იამატა" - აცხადებს, უფლებადამცველთა ცენტრ "მემორიალის" დაღესტნის ოფისის წარმომადგენელი, სირაჟუდინ დაციევი.

სხვა უფლებადამცველების თქმით, "ხშირია ისეთი, ფაქტები, როდესაც გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელის გვამს მორიგი სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის აღმოაჩენენ".

უფლებადამცველების ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურებს გაუჩინარებული დაღესტნელების საქმეებთან დაკავშირებით, დიდი გამოცდილება აქვთ. ძალოვანები ადამიანების გაუჩინარებას მათი "ტყეში გასვლით" ხსნიან. ასეთ შემთხვევებში, აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძალოვანებთან შეტაკებისას ეჭვმიტანილების სიკვდილის, ან თავის აფეთქების შედეგით სრულდება და შემდეგ, იხურება.

არავინ იცის, ოდესმე დასრულდება თუ არა დაღესტანში ადამიანების გაუჩინარების ფაქტები... ადგილობრივების მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურები, ადგილობრივი ძალოვნების დახმარებით, ცდილობენ, დაღესტნის რესპუბლიკა გააკონტროლონ, რადგან იქ თურქული სპეცსამსახურების აშკარა კვალს ხედავენ.

დაღესტნური არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, კავკასიაში მდგომარეობა მეტად არასაურველია. "ჩუმი ჭიდილი" რომელსაც, წლებია ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირება, გრძელდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, თავის იურისდიქციაში შემავალ სუნიტურ მუსლიმანურ სამყაროს, თითქოს "მეგობრობას" უცხადებს, თუმცა, ამავდროულად, სპეცსამსახურების ხელით ებრძვის. ჯერჯერობით, რუსეთის ანგარიშზე მეტი მოგებაა...

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე