თავდაცვის მაღალჩინოსნების სკანდალი - სად "გაქრა" გენშტაბის უფროსი კაპანაძე და რატომ დუმს ქვეყნის მთავარსარდალი

თავდაცვის მაღალჩინოსნების სკანდალი - სად "გაქრა" გენშტაბის უფროსი კაპანაძე და რატომ დუმს ქვეყნის მთავარსარდალი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსობის კანდიდატის პირველივე საკადრო გადაწყვეტილება სკანდალური აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგინებით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა ოფიცრები, რომლებიც განათლებითა და კომპეტენციით არ შეესაბამებიან მოთხოვნებს და არც უმწიკვლო წარსული აქვთ. ასევე, მათ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელქვეითების საჯარო შეურაცხყოფა ბრალდებათ.

ამ სკანდალის შემდეგ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს, გენერალური ინსპექცია კი მათი დანიშვნის კანონიერებას სწავლობს, მაგრამ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, სად გაქრა გენერალი ვახტანგ კაპანაძე და რატომ არ აკეთებს კომენტარს. საქმე ის არის, რომ კაპანაძე, ოფიციალურად, ჯერ კიდევ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსია, ხოლო, გენერალი ჩაჩიბაია, მისი ერთ-ერთი მოადგილე.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ნინუას და ცაბაძის გადადგომა დროებით მოხდა, ვიდრე მოკვლევა პასუხს არ იტყვის.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის საფუძველზე არ გამოიკვეთება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის პოლიტიკიკური ნიშნით აქტიურობა, მათ თანამდებობებზე აღადგენს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნინუასა და ცაბაძეს კონკრეტული ხედვა და ღვაწლი აქვთ თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით.

ნინუასა და ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ გაავრცელა, სადაც ის ნინუასა და ცაბაძის მიერ 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ პოლიტიკურ საქმიანობაზე. ნემსაძის ვიდეომიმართვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტს მოჰყვა, რომელშიც ნაჩვენებია "ინფო 9"-ის მიერ 2012 წელს გადაღებული კადრები "ქართული ოცნების" აქციიდან, სადაც გიორგი ცაბაძე ფიგურირებს. ნინუაც და ცაბაძეც ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.

ატეხილი სკანდალის გარშემო, კომენტარი, არც საქართველოს პრეზიდენტს გაუეკთებია, რომელიც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და მას კანონი გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა სარდლების მოხსნა-დანიშვნის უფლებას პირდაპირ აძლევს. რა ხდება, საქართველოს გენერალურ შტაბში, ვინ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და მოულოდნელობის წინაშე დადგა გენერალი ჩაჩიბაია, - ეს კითხვები აღნიშნულ უწყებაში რამდენიმე დღეა ტრიალებს...

ცნობისთვის, გენერალი ჩაჩიბაია, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ერთხელ უკვე გენერალური შატბის უფროსი, - 2009 წელს, მცირეხნიანი შტაბის უფროსობის შემდეგ, მან თანამდებობა მალევე დატოვა.

რაც შეეხება, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგინებით, თავდაცვის მინისტრის მიერ, საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ სერგო ნინუასა და ასევე, საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის პოსტზე დანიშნულ გიორგი ცაბაძეს, - მათ 2012 წელს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით, პოლიტიკურ რეპრესიებში ადაშაულებდნე. ამასთან, არ გააჩნიათ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად საკმარისი კვალიფიკაცია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველ საკითხთან დაკავშირებით უწყების გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით ზოგადი ხასიათის განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ: "გაცნობებთ, რომ არსებობს სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინისტრს აქვს უფლება, საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პირი. აქვე მოგახსენებთ, რომ სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის შერჩევა რამდენიმე კანდიდატს შორის მოხდა. თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გაითვალისწინა აღნიშნული პირების ხედვები, რომელიც თანხვედრაშია ნატოს და ნატოს წევრი ქვეყნების ხედვებთან და რეკომენდაციებთან, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალების განვითარებას და რეფორმირებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ასევე თანხვედრაშია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ დაანონსებულ სტრატეგიასთან. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირების ხედვებთან ერთად გენერალურმა შტაბმა ასევე გაითვალისწინა მათი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია", – აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტრომ განმარტება მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

სერგო ნინუას დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-საავიაცო ფაკულტეტი - საფრენი აპარატების ექსპლუატაცია და საბრძოლო გამოყენება, ასევე, საქართველოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კურსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი მფრინავი ინჟინრის კვალიფიკაცით. ასევე, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსები უკრაინაში.

ის 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მმართველ პოზიციებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხედრო საჰაერო ძალების ცალკეულ საავიაციო ესკადრილიაში, როგორც მფრინავის, ასევე, ესკადრილიის მმართველობით რგოლში. უშუალოდ ბოლო დანიშვნამდე კი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში სარდლის მოადგილე იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგო ნინუას მიღებული აქვს 10 ჯილდო და მედალი მამაცობისთვის, უმწიკვლო სამსახურისთვის. ასევე, გენერალ კვინიტაძის და გენერალ მაზნიაშვილის მედლები და გენერალური შტაბის უფროსის მადლობა.

გიორგი ცაბაძეს, დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია რადიოლოკაციური სისტემებისა და კომპლექტების ექსპლუატაცია - რემონტის მიმართულებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტიტის საავიაციო ინსტიტუტი.

2003 წლიდან საჰაერო თავდაცვის სარდლობის მმართველ პოზიციებზე მუშაობს. ბოლო დანიშვნამდე კი ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში- ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის მეთაური.

უწყების ცნობით, გიორგი ცაბაძეს მიღებული აქვს მე-3 ხარისხის უწყებრივი მედალი, საპატიო სიგელი, მედალი - "გენერალი კვინიტაძე", მედალი - მეორე ხარისხის "უმწიკვლო სამსახურისთვის", მედალი - "გენერალი მაზნიაშვილი", მედალი - მხედრული მამაცობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, მედალი- "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", მედალი - პირველი ხარისხის "უმწიკვლო სამსახურისთვის".

თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნული პირები.

ლალი პაპასკირი

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე