რუსი დეპუტატის განცხადება, როგორც რუსეთის მორიგი ფანდი და აფხაზური პროტესტი - ვისი აზრები გაახმოვანა კალაშნიკოვმა

რუსი დეპუტატის განცხადება, როგორც რუსეთის მორიგი ფანდი და აფხაზური პროტესტი - ვისი აზრები გაახმოვანა კალაშნიკოვმა

რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა.

"რამდენი სახე და პოზიცია აქვს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, პირველმა მან გვაღიარა, თუმცა ამ აღიარებას როგორც ისე უნდა ათამაშებს", - აცხადებენ აფხაზურ საზოგადოებაში, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ეს ცალკეული პერსონის აზრია და არა, რუსეთის დუმის პოზიცია.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც რუსულ მხარეს მოუწოდებენ, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებას მოერიდონ.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა, რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეცადა რუსი დეპუტატის, მისივე თქმით, დაუფიქრებელ განცხადებაზე პასუხი გაეცა.

"ამის შესახებ ისაუბრა ადამიანმა, რომელმაც სავარაუოდ, ცუდად იცის აფხაზეთის ისტორია, თუ რა მძიმე ომი გადაიტანა აფხაზმა ერმა 90-იან წლებში, რათა გადარჩენილიყო... 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებამ ლეგიტიმაცია მიანიჭა ჩვენს სტატუსს, უკიდურესად ნეგატიურად და ზემოთ თქმულის ფონზე, არაპროფესიონალურად ჟღერს ბატონი კალაშნიკოვის განცხადება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას... " - აცხადებს ბგანბა თავის განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო უწყების გვერდზე გამოქვეყნდა.

აფხაზურ წრეებში ჩნდება კითხვა - ვის აზრებს ახმიანებს კალაშნიკოვი? საკუთარს, კომპარტიის თუ დუმის ახალი შემადგენლობის? მსგავსი გამონათქვამები არ შეესაბამება კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ, - აცხადებენ აფხაზი პოლიტიკოსები რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში.

კალაშნიკოვმა, რომელიც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი და "დსთ"-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, "რია ნოვოსტთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოლდოვაში პრორუსი კანდიდატის, სოციალისტური პარტიის ლიდერ ჯგორ დოდონის გამარჯვება რეალურს ხდის მოლდოვას მიერ ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას, რაც შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინისთვისაც გახდეს მაგალითი.

"თუ მოლდოვა შეძლებს რუსეთთან დაახლოებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას, მოახერხებს დნესტრისპირეთში ტერიტორიული კონფლიქტის კონფედერაციის ტიპის მოწყობით გადაწყვეტას. ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ამ ქვეყნებში არის მსგავსი ტერიტორიული პრობლემები. თუ მოლდოვა, რომელიც მეტწილად შემდგარი სახელმწიფოა და ევროინტეგრაციის გზაზეა შემდგარი, მოახერხებს პრობლემის გადაწყვეტას, ამას შეძლებენ საქართველო და უკრაინაც. მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ მათ გადაწყვტიეს ნატოს წევრი სახელმწიფოები გამხდარიყვნენ", - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

ქართველი ექსპერტების თქმით კი, ეს ჩვეულებრივ, რუსეთის პოლიტიკაა, სადაც ის საქართველოსა და უკრაინას ირიბად მიანიშნებს, რომ საგარეო კურსის შეცვლის შემთხვევაში, შიდა კონფლიქტების მოგვარებას შეძლებენ... ეს არის რუსული გეგმა, სტრატეგია, რომ დაკვირვება მოახდინონ საზოგადოების რეაქციაზე. თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას. სხვა მხრივ, ეს არის რუსეთის პოლიტიკური თვალთმაქცობა. მათივე თქმით, კალაშნიკოვი არ არის იმ წონის ფიგურა, მისი განცხადებები წყვეტდეს სახელმწიფო პრობლემებს. განცხადება გაკეთებულია მოლდოვას მხარის გასაჩერებლად, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან. რუსეთი იძულებულია გაიყვანოს ჯარები, კონფედერაციის საკითხი კი, რამდენიმე წელს გაიწელება. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში, რუსეთი მოახერხებს თავისი არმიის მოლდოვის ტერიტორიაზე დატოვებას...

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალტიკური ჟურნალი "არსენალი"

(სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე