აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა

23 ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ამოქმედებული კანონის თანახმად, გალი სამხედრო ქალაქად არის გამოცხადებული. ეს გადაწყვეტილება აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდა.

გალის რაიონის ზოგიერთი სოფელი ოჩამჩირის რაიონს, ხოლო ზოგი ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. ამიერიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სამხედრო ქალაქში საშვის გარეშე არ შეუშვებენ. საშვი უნდა წარადგინონ ე.წ. ერის წყალზე მდებარე რუსულ საგუშაგოში.

გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონეა.

როგორც იზორიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, აგრესიის თავიდან აცილებისა და პრევენციისთვის საჭიროა შეიარაღებული ძალების სიძლიერე.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ჩვენ ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მოქმედების ხარისხის ამაღლებას მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამხედრო ქალაქი ნიშნავს, სამხედრო ნაწილებისა და საცხოვრებელი კორპუსებისგან შემდგარ ქალაქ-კომლექსს ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვის. კომპლექსი უცხო პირებისგან დაცულია და მისი შესასვლელი კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. ეს არის დახურული ქალაქი, სადაც სპეციალური ნებართვის ან საშვის გარეშე არასამხედრო პირს შესვლის უფლება არ აქვს და ის მთლიანად სამხედრო ხელისუფლების მიერ იმართება.

მსგავსი ქალაქები არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს.

აფხაზეთში მსგავსი ქალაქის შექმნის შესახებ, რუსეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდა. მაშინ ლაპარაკი იყო გუდაუთის სამხედრო ბაზაზე შექმნილ სამხედრო საცხოვრებლების ანალოგზე.

სამხედრო ქალაქების მშენებლობა 2008 წელს, გუდაუთის სამხედრო ბაზის მიმდებარედ, რუსეთის მიერ აფხაზეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაიწყო, აფხაზეთის და პირველ ეტაპზე, რუსი ოფიცრებისთვის 300-მდე ბინა გამოყვეს. აფხაზეთის მოსახლეობის სუსტი პროტესტის მიუხედავად, ეს პროცესი გრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში, რუსული პრესა წერდა, რომ რუსეთის დაფინანსებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, უკვე 10-მდე სამხედრო ქალაქი არსებობდა. მაშინ რუსი ოფიცრებისთვის აშენებულ ქალაქზე, რუსული ტელეარხებისთვის მომზადებულ სიუჟეტებში ჩანდა ახალი, ორსართულიანი და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც აღჭურვილი იყო საცხოვრბელი ავეჯითა და ელექტრონექნიკით. სამხედროების ოჯახებს, მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთების შეტანა მოუწიათ. რუსული პრესა იტყობინებოდა, რომ ბინები რუსი და აფხაზი მშენებლების მიერ ერთობლივად აშენდა. იქ შესახლებულ რუს ოფიცრებს ორი წლის შემდეგ, როტაციის პრინციპით, სამშობლოში დაბრუნება უწევდათ. თუმცა, აფხაზური საზოგადოების თქმით, მათმა ნაწილმა "შერჩევითობის პრინციპით", ისარგებლა და სოხუმში, გაგრას და ბიჭვინთაში საცხოვრებელი ფართი "კანონიერად" შეისყიდა.

ამჯერად, რუსეთი თავის ოფიცრებს ჰპირდება, რომ გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს, რაც მათი ოჯახებისთვის მეტი კომფორტის შექმნას გულისხმობს. საუბარია ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზეც.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე