როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში

როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში

ნაბიჯ-ნაბიჯ, ხმაურიანი თუ ფრთხილი ქმედებებით, რუსეთმა მოახერხა და სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო ბაზები განათავსა. დე ფაქტო აფხაზეთსა და სომხეთში, სუსტი პროტესტის ფონზე, ჩრდილოელმა მეზობელმა პოზიციები საკმაოდ გაიმყარა. ჯერ იყო და, საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან, აფხაზეთთან და ცხინვალთან "გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნის შესახებ" "ხელშეკრულება" გააფორმა. შემდეგ კი, მსგავსი შინაარსის შეთანხმება სომხეთთან შედგა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დავალებით, საგარეო და თავდაცვის სამინისტროები სომეხ კოლეგებთან ერთად, შემუშავებული ხელშეკრულების თანახმად, გაერთიანებული რუსულ-სომხური ჯარების დაჯგუფება "კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუვნელყოფის მიზნით იქმნება".

პროექტში ნათქვამია, რომ "ხელშეკრულება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ", თუმცა, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი რუბენ მეღრაბიანი მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტი უფრო შეზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს, სადაც ბოლო პერიოდში ანტირუსული განწყობები გაზრდილია; ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვასა და სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გართულებას ემსახურება.

იგივე პოზიცია აქვს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესაც, რომლის თქმითაც, ეს ხელშეკრულება ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, შესაძლოა, მეტად სახიფათო აღმოჩნდეს და ინციდენტების ჯაჭვი გამოიწვიოს"

ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზა აქვს. მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ცხინვალში, ჯავასა და გუდაუთაშია განთავსებული.

ხოლო, 102-ე სამხედრო ბაზა კი, გიუმრიში, რომელიც სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან მდებარეობს.

მთლიანობაში, სამივე სამხედრო ბაზაზე 15 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ბაზაზე აღჭურვილია თანამედროვე შეტევითი შეიარაღებით, მათ შორის ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერით".

ამას ემატება, დაახლოებით, 4000-მდე ადგილობრივი ჯარისკაცი, მათგან 2 500 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1300 ცხინვალის რეგიონიდან. სომხეთში მათ რაოდენობა ბევრად მეტია. არსებული ინფორმაციით, იქ სულ 45 000 ჯარისკაცი ირიცხება, მათგან 18 000 ოკუპირებული ყარაბაღიდან არის.

ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან და უახლოეს მომავალში, სომხეთთან, "გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა" გულისხმობს რუსეთის ავტომატურ ჩართვას საომარ მოქმედებებში, თუ მის მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრათ.

ქართველი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთმა ახალი სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც კავკასიის რეგიონში ნატოს გააქტიურების პასუხია.

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთის ფაქტორს, სომხურენოვანი გამოცემები ეხმიანებიან, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს აქტიურობა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს, საქართველოს. სომხეთთან დაკავშირებით კი, კითხვები არ არსებობს, მისი სუვერენიტეტი თანდათან იზღუდება. 

მათი თქმით, სამხრეთ კავკასიის გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან, საკმაოდ რთულია. სომეხი ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუსეთს მტკიცედ აქვს განზრახული შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავისი პოზიციები რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს, გეოეკონომიკურ და ისტორიულ კავშირებს, რუსეთისთვის თავისი მიზნის განხორციელება უფრო ადვილია.

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის  ექსპერტი რუბენ მეღრაბიანის თქმით, იმ დროსაც კი, როცა რუსეთი სუსტი იყო, როცა რუსეთს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პერიოდში (1991-1999 წლებში), მოსკოვი ცდილობდა, სამხრეთ კავკასიაში თავისი ყოფნა შეენერჩუნებინა. სწორედ ამ დროს ჩაიდო რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ურთიერთობის საფუძვლები.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სომეხი ექსპერტების აზრით, უკვე ცნობილია, რომ სომხეთს დასავლეთისაგან იზოლაცია, შესაბამისად, სამხედრო კატასტროფა ელოდება, - 'რუსული "ისკანდერები" მათ დასავლეთისკენ გახედვის უფლებასაც არ მისცემთ". მათივე თქმით, ამერიკისა და დასავლეთისთვის სომხეთი ცენტრალური აზიის ქვეყანაა და "მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთმა იკისრა".

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე