"ტექსელის აჯანყების" ქართველი მონაწილის ნაამბობი

"ტექსელის აჯანყების" ქართველი მონაწილის ნაამბობი

მეორე მსოფლიო ომმა ჰოლანდიაში, ტექსელის კუნძულზე 752 ქართველი გარიყა, რომლებიც იქ ორი წელი ცხოვრობდნენ... ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად, მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი იყო, რის გამოც მას "ევროპის უკანასკნელ ბრძოლას" უწოდებენ. 1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან, 822-ე ქართული ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც "ვერმახტის ქართულ ლეგიონს" უწოდებდნენ...

1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა. ამ დროისთვის მასში 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო თავმოყრილი. მათი ძირითადი ნაწილი ოფიცრები იყვნენ... ომის დასასრულს, ქართველმა სამხედროებმა ერთ ღამეში 500-მდე გერმანელი დახოცეს.

ტექსელის აჯანყების ქართველი მონაწილის გრიშა ბაინდურაშვილის თქმით, ეს სამშობლოში დაბრუნების ერთადერთი გზა იყო... გამართლებული იყო თუ არა ქართველი სამხედროების მაშინდელი გადაწყვეტილება, - ქართული საზოგადოებისთვის დღემდე რჩება კამათის საგნად...

20 წლის ვიყავი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში რომ გამიწვიეს. 1940 წლის ოქტომბერი იყო. ლიტვაში, ქალაქ პლუმბერგში გაგვამწესეს, რომელიც პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს... ლიტვა-პოლონეთის საზღვარზე, ტყესთან ახლოს ვიყავით განლაგებული. წინა ღამეს გაგვაფრთხილეს, - ხვალ ბრძოლები დაიწყებაო. პოლკოვნიკმა სტალინის ბრძანება გაგვაცნო, - არც ერთი ნაბიჯი უკან! გენერალიც რომ ნახოთ უკან იხევდეს, ესროლეთო!.. თავზე გერმანულმა თვითმფრინავებმა გადაგვიფრინეს თუ არა, მათ მიერ ჩამოგდებულ ჭურვებს საგუშაგოზე მყოფი ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ეს იყო პირველი სიკვდილი, რომელიც ვნახე... ტყვიამფრქვევს დაზაფრული მივუჯექი და კარგა ხანს შეუჩერებლივ "ვაკაკანე". შემდეგ კი ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა. გარშემო რომ მიმოვიხედე, არავინ იყო. ჩვენი სამხედრო ნაწილის წინ მდებარე ტყიდან, სამხედრო მანქანებისა და ტექნიკის ხმები ისმოდა... ტყვიამფრქვევი დავამტვრიე, მტრისთვის გამოუსადეგარი რომ ყოფილიყო და ნაწილისკენ გავეშურე, მაგრამ იქაც არავინ დამხვდა. სამხედრო ტექნიკაც იქვე დაუყრიათ. რამდენიმე საათს შეუსვენებლად ვიარე, მაგრამ არსად არავინ შემხვედრია... იქაურობა მოსახლეობისგანაც დაცლილი იყო, ალბათ ტყეში გაიხიზნნენ. მამაკაცები კი პარტიზანებად წავიდნენ. ჩვენი დივიზიის ბაზაც გადამწვარი იყო - გერმანელებს დაებომბათ... რამდენიმე დღის შემდეგ რაღაც ჭაობს მივადექი, ცხენები და 4 სამხედრო იყო ჩაფლული. ამოსვლაში დავეხმარე... გაზაფხული იყო, ალაგ-ალაგ მწვანე ბალახი ამოსულიყო და ის ვჭამეთ. გზაჯვარედინზე გადავაწყდით შეიარაღებულ ადგილობრივებს (ლიტველებს), რომლებიც საბჭოთა ჯარისკაცებს ვერ იტანდნენ - სროლა აგვიტეხეს და სამი ჯარისკაცი ადგილზე მოკლეს. მე და ერთი რუსი პურის ყანაში შევცვივდით, მაგრამ ტყვია ფეხში მომხვდა. როგორღაც ტყემდე მივაღწიეთ. ტყიდან გასულებს ღრმა არხი შემოგვხვდა. ჩავირბინე, მაგრამ ასვლის ძალა აღარ მქონდა და დავეცი. რუსი გაიქცა... ცოტა ხნის შემდეგ, ურმის ხმა შემომესმა, - თავი რომ ავწიე, კაციც შევნიშნე. დამეხმარე-მეთქი, ვთხოვე. მან ურემზე გაჭირვებით დამაწვინა. ფეხიდან სისხლი მდიოდა. ერთ პატარა სახლში მიმიყვანა. ჭრილობა ადუღებული წყლით დამიმუშავეს, კარაქი წამისვეს და პირსახოცით შემიხვიეს. შემდეგ ეზოში მდგარ პატარა "სარაიაში" დამაწვინეს. მასპინძლები თან მყვებოდნენ, მაჭმევდნენ, მივლიდნენ. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოვედი გონს. გერმანელებს გაუგიათ, რომ ჩემს მასპინძლებს სახლში დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავდათ და შესამოწმებლად მოვიდნენ. "სარაიაში" შემოსულებს, დიასახლისიც შემოჰყვა. გერმანელებმა საწოლიდან გადმოგდება რომ დამიპირეს, ის ქალი გადამეფარა, - დაჭრილიაო. აღარ გადმომაგდეს, მაგრამ მიბრძანეს, თან გავყოლოდი. შემდეგ იმ ქალმა დასაყრდნობად ჯოხი მომიტანა და ატირებულმა, დიდი, მრგვალი ლიტვური პურები და "სალა" ჩამიწყო საგზლად, მაგრამ უკან დავუბრუნე, - დასახვრეტად მივყავარ და რად მინდა-მეთქი?!

- ოჯახის მასპინძელი კაცი არ გინახავთ?

- არა. იქიდან წამოსული, მთელი გზა სიკვდილზე ვფიქრობდი. რა უცნაური შეგრძნება ყოფილა, როდესაც მოსაკლავად მიჰყავხარ! გერმანელებმა სიგარეტი მომაწევინეს. მაშინ გერმანული არ ვიცოდი და ჟესტიკულაციით ვანიშნე, - უნდა დამხვრიტოთ-მეთქი? უარის ნიშნად თავი გააქნიეს. ამოვისუნთქე... შემდეგ ერთ ქალაქში მიმიყვანეს (სახელს ვეღარ ვიხსენებ) და დიდი ჭიშკრის შიგნით შემიყვანეს. გავოცდი. მთელი ჩვენი სამხედრო ნაწილის მეთაურობა იქ იყო. ტყვეთა ბანაკში ვიყავით, სადაც ლამის მთელი ჩვენი დივიზია ვნახე. ცოტა გულზე მომეშვა, - ესენი თუ ჩაჰბარდნენ, მე სინდისი რატომ უნდა მქენჯნიდეს-მეთქი? იქ ტყვეთა შესაგროვებელი ადგილი იყო და რამდენიმე დღე დავყავით. გერმანელების დავალებით, ადგილობრივებს ჩვენთვის უმი ჭარხალი და კარტოფილი მოჰქონდათ. ფეხზე ჭრილობამ ისევ პირი გახსნა. იმის შიშით, ბუზები არ დამხვეოდა, ტალახიან მიწას ვიდებდი და ბინძური პირსახოცით ვიხვევდი. მოსმენილი მქონდა, მიწა ჭრილობას შველისო...

- რას გაკეთებინებდნენ?

- არაფერს. იქიდან კენიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი) გადაგვიყვანეს. ეს ქალაქი პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე მდებარეობდა. ჩვენს ბანაკში 200 ათასზე მეტი სამხედრო ტყვე ცხოვრობდა. ეს იყო ჯოჯოხეთი. ყველაზე საშინელი და არაადამიანური სიტუაცია, რაც კი შეიძლება, ადამიანმა წარმოიდგინოს. შიმშილი, სიცივე, სიკვდილი, ავადმყოფობა. იქ პირველად ვნახე, რა შეიძლება გააკეთოს შიმშილისგან სიკვდილის პირას მისულმა ადამიანმა: ტაჯიკებმა, უზბეკებმა და ყირგიზებმა ადამიანის ხორცის ჭამა დაიწყეს. ამის გაკეთება ბევრმა ვერ შევძელით... თითო ტყვისთვის, დღეში 1 ლიტრი "სუპი" იყო განკუთვნილი, რომელშიც ჭარხლისა და კომბოსტოს ფოთლები და ცოტა ქატო ეყარა. ზამთარშიც გარეთ ვეყარეთ და რომ არ გავყინულიყავით, ვცდილობდით, ერთმანეთთან ახლოს ვმსხდარიყავით ან ვწოლილიყავით, მაგრამ სიცივისგან მაინც ბევრი დაიხოცა. ვისაც ძალა ჯერ კიდევ შერჩენილი გვქონდა, მათარის ხუფებით მიწაში პატარა გვირაბს ვაკეთებდით და იქ ვიყუჟებოდით. იყო შემთხვევები, წვიმა მოვიდა ან მძიმე ტექნიკამ გადაიარა, ხალხი ქვეშ მოიყოლა და ცოცხლად დაიმარხა... ტყვეები წყლის მათარის ხუფით თხრიდნენ მიწას, წყალი რომ ეპოვათ, რადგან აქოთებულ წყალს სვამდნენ. რამდენჯერმე ტყვიამფრქვევის ჯერი მიუშვეს და იქვე ჩახოცეს... გერმანელ მეთაურობას ქალები მოჰყავდა, რომლებიც წვრილად დაფშვნილ პურს გვიყრიდნენ. ამ ნამცეცებს რომ დავაცხრებოდით, ფოტოებს გვიღებდნენ... ყველანი ერთმანეთს დავემსგავსეთ, ძვალზე გადაკრული კანით, და თავადაც გვიკვირდა, როგორ გვედგა სული.

- რამდენ ხანს იყავით იქ?

- ალბათ წელიწადზე მეტხანს. დროის სათვალავი კარგა ხნის არეული მქონდა... ყოველ დილას, გარდაცვლილი ტყვეებით დატვირთული 15-20 ურემი გადიოდა და გვამებს ბანაკის გვერდით ამოთხრილ ორმოში ყრიდნენ. 1943 წელს, საფრანგეთიდან ორი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა - ბაქრაძე და ინჯია, სახელები აღარ მახსოვს. ეტყობოდათ, რომ გერმანელებში დიდი გავლენით სარგებლობდნენ: მათი დავალებით (გარკვეული თანხა გადაიხადეს), ქართველი ტყვეები გადაგვარჩიეს და პოლონეთში წაგვიყვანეს, სადაც მუშათა ბატალიონი ჩამოაყალიბეს. როდესაც იქიდან წასვლის ამბავი გვითხრეს, სიხარულისგან არაადამიანური ემოციები გვქონდა, მეც და დანარჩენებსაც, მაგრამ ვერ გამოვხატავდით, ძალა არ გვქონდა... პოლონეთში, ქალაქ ტილზიმში გადაგვიყვანეს და ხის "ბარაკებში" შეგვასახლეს. საჭმელიც მოგვცეს, წყალიც და "კოიკაც". იქ მივხვდი, რომ პურის გემო დავიწყებული მქონდა. თანდათან მოვღონიერდით... ტყვეებისგან მუშათა ასეულები ჩამოყალიბდა. სიმაგრეებსა და ბუნკერებს გვაშენებინებდნენ... ცოტა ხანში, იქიდან საფრანგეთში წაგვიყვანეს, სადაც ქართული მუშათა ასეული ჩამოყალიბდა. ლევილთან ახლოს, ზღვის პირას, სიმაღლეებს გვაშენებინებდნენ. იქ უკვე ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, - საწოლი კი არა, პლედებიც დაგვირიგეს...

-ტექსელის კუნძულზე როგორ მოხვდით?

- ერთხელ იარაღის საწყობი გატეხეს და ჩვენ დაგვბრალდა. ამის შემდეგ, კუნძულ ტექსელზე გადაგვიყვანეს, - იზოლირებული იქნებითო. სულ 752 ქართველი ვიყავით... მაშინ გავიცანით ჰოლანდიელი ქალბატონი - კორნელია ბოონი, რომლის მეუღლეც ორჯერ იყო საქართველოში ნამყოფი, - ბათუმსა და ფოთში. ქართველები ძალიან უყვარდათ. - გერმანელები თქვენს ურთიერთობაში არ ჩარეულან? - არა. ამ დროისთვის გერმანია უკვე დასუსტებული და იმდენად "მოშვებული" იყო, რამდენიმე ქართველი "გაასამხედროეს" და იარაღიც მისცეს.

- ანუ ვერმახტის სამსახურში ჩააყენეს?

- არა, ეს არ იყო სამსახურში ჩაყენება. ჩვენ მაინც ტყვეები ვიყავით... თავიდან რამდენიმე კაცს მისცეს იარაღი, შემდეგ - უფრო მეტს... ზღვა დიდი ღელვის შემდეგ, ნაპირზე უამრავ რამეს გამორიყავდა - კონსვერვებს, სიგარეტს, შოკოლადს, შაქარს... რამდენჯერმე მთელი ტომარა პურის ფქვილი გამორიყა. სამმაგ, წყალგაუმტარ ტომრებში ეყარა და მხოლოდ გარე გარსი ჰქონდა ჩაცომებული. ძალიან გემრიელ, ფუმფულა პურებს ვაცხობდით... ჩვენი, ქართული ბატალიონის მეთაური შალვა ლოლაძე იყო, რომელიც თავისუფლად დადიოდა მთელ ჰოლანდიაში. ის ჰოლანდიის "კომუნისტური მოძრაობის" ხელმძღვანელს, ანა კლაინეს დაუმეგობრდა. 5 აპრილს ლოლაძემ, ვისაც გვენდობოდა, გაგვაფრთხილა, - ხვალ აჯანყებას ვიწყებთ და დღეს, ღამის 12 საათზე, კუნძულის დედალაქ დემბურგში სამი რაკეტა გავარდება, რაც აჯანყების დაწყების ნიშანი იქნებაო... იარაღი უკვე თითქმის ყველას გვქონდა. 12 საათზე მართლაც გავარდა სამი რაკეტა. ფუნქციები განაწილებული გვქონდა - ვიცოდით, რომელ ბუნკერში უნდა ჩავსულიყავით. ხმაური რომ არ გამოგვეწვია, გერმანელები დანებით უნდა დაგვეხოცა... იმ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიკვდილი ვნახე, მაგრამ ეს მართლაც მძიმე იყო: იმ ღამეს 500-მდე გერმანელი მოკვდა. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. ამასობაში გერმანელების იარაღის საწყობები გავტეხეთ, შეიარაღება ხომ გვჭირდებოდა!.. გერმანელებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ, - სასტიკი მეთოდებით გვებრძოდნენ. მთელი კუნძული აიღეს. იქ გაცნობილ-დამეგობრებული ქალი, კორნელია ბოონი გვეხმარებოდა. ის ჩვენზე ადრე იგებდა გერმანელების წმენდითი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას და გვაფრთხილებდა. ძალიან ბევრი ქართველი შეიფარა და გადაარჩინა... ერთხელ, დაზვერვაზე ვიყავით წასული... ნაგაზების ხმა შემოგვესმა. ეს იმას ნიშნავდა, რომ წმენდა დაიწყო. ჰოლანდიელებს გალეწილი კალოები ზვინებად ეწყოთ და იქ უნდა ჩავმძვრალიყავით. გერმანელების ძაღლები ყეფით აწყდებოდნენ ზვინს. ერთმა საიდანღაც კიბე მოათრია და ზვინზე ამოვიდა... ხატვა რომ შემეძლოს, ახლაც დავხატავდი მის სახეს. თვალწინ მიდგას: შავგვრემანი ბიჭი. ჩვენ შორის ერთი ჩალის კონა იყო. დამალვას აზრი არ ჰქონდა, - მან დამინახა. რამდენიმე წამს ვუყურეთ თვალებში ერთმანეთს, მერე კი გატრიალდა და წავიდა. გავიგე, როგორ გადასძახა თავის ხალხს, - აქ არ არიან რუსი პარტიზანებიო. ვფიქრობდი, - ჩემს მოსატყუებლად ხომ არ თქვა ასე, შეიძლება, მობრუნდეს და ცეცხლი წაგვიკიდოს-მეთქი, მაგრამ არ მობრუნებულა... მან მაშინ სიცოცხლე მაჩუქა და შემდეგ, მთელი ცხოვრება ვეძებდი. ეს ამბავი ამსტერდამელ ჟურნალისტებსაც ბევრჯერ ვუამბე...

- თუ გერმანია უკვე დასუსტებული იყო და ამას უკვე თქვენც ატყობდით, ტექსელზე აჯანყება რატომ გახდა საჭირო?

- სტალინის პოლიტიკა ხომ იცით, როგორი იყო? ხელი მოგვაწერინეს საბუთზე - ერთი ტყვია შენთვის შეინახე და ტყვედ არ ჩავარდეო... ასე რომ, სხვა არჩევანი არ გვქონდა.

ლალი პაპასკირი ამბები.გე

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

ბაღდადთან ახლოს განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა