სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.

ამასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა. მისივე თქმით, უწყებას საზღვრის დაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

"ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად განვახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა გამოცხადებული ნდობისთვის შს მინისტრს მადლობა გადაუხადა. "სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად", - აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" მკითხველებს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის სიახლეთა შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უცხოელი პარტნიორების ხელშეწყობა-დახმარებით უწყების განვითარებისთვის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:

საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის ახალი სისტემა

27 ოქტომბერს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორ "სადახლოზე" საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" მონაკვეთს დაკვირვების ელექტრონული სისტემა გააკონტროლებს და 24 სთ-იან რეჟიმში საზღვარზე არსებული ვითარება სასაზღვრო სექტორის მონიტორზე აისახება. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილის თქმით,

მონიტორინგის სისტემას აქვს შორ მანძილზე დღისა და ღამით ხედვის კამერები, რაც დასაცავ მონაკვეთზე გასულ მესაზღვრეთა განწესებს უადვილებს უცხო პირებისა თუ სატრანსპორტო საშუალებათა დაფიქსირებას, შემდგომ გადამოწმების მიზნით. სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო ძებნის ოპერაციებში, რადგან ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებაც შეუძლია.

სასაზღვრო პოლიციის ახალი ტექნიკა

ბოლო ორ წელიწადში სხვადასხვა დონორის ფინანსური მხარდაჭერით მესაზღვრეებმა 10 ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასაზღვრო სექტორის შენობა ჩაიბარეს. დაგეგმილია კიდევ შვიდი სექტორის შენობის მშენებლობის დასრულება და ერთ-ერთი მათგანი #4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) #2 სექტორი "იორის" ახალი შენობა 16 ნოემბერს გაიხსნა.

საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე აღდგენილია 3 სათვალთვალო კოშკი, 179 ძირითადი და დამატებითი სასაზღვრო ნიშანი.

ევროკავშირის დაფინანსებით პროგრამა "მეტი-მეტისთვის, მიგრაცია და საზღვრის მართვა" დაწყებულია საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემარკირებული საზღვრის თვალთვალის სისტემებით აღჭურვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც 3 მლნ 200 ათასი ევრო დაიხარჯება.

2017 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის ელექტრონული თვალთვალის სისტემებითა და სათანადო ტექნიკური საშუალებებით - სექტორების კოშკურებით, ღამე ხედვისა და თერმო ხედვის კამერებით აღჭურვა.

ასევე, განახლდა მესაზღვრეთა ავტოპარკი, რომელიც 20 მაღალი გამავლობის ავტომობილი Toyota Hilyx-ითა და 12 ავტომობილი LXToyota LC78  -ით, ამერიკული კომპანია Polaris-ის RZR-SW მოდელის 43 კვადროციკლით, ასევე კომპანია Polaris-ის Widetrack LX მოდელის 6 თოვლმავალითა და კომპანია   Caterpillar-ის 428F მოდელის 4 ექსკავატორ-დამტვირთავით შეივსო.

მესაზღვრეთა აღჭურვილობას ასევე შეემატა - ღამე ხედვის ხელსაწყოები, თერმო ხედვის კამერები, პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის იდენტიფიკატორები, რადიოკავშირის საშუალებები, ბინოკლები და სხვა აღჭურვილობა.

სანაპირო დაცვის ახალი კატარღები

2016 წლის 30 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რომელსაც საქართველოს მხიედან სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და ამერიკის მხირდან კი, - სანაპირო დაცვის კომენდანტის მოადგილემ მისიების მხარდაჭერაში ვიცე-ადმირალმა სანდრა ლი სტორცმა მოაწერეს ხელი, - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მომავალი წლის ზაფხულში ორი კატარღა შეემატება.

ამერიკული კატარღები მნიშვნელოვნად შეამცირებს რეაგირების დროს, რომელიც საჭიროა სანაპირო დაცვისთვის, რათა დროულად აღკვეთოს კონტრაბანდა, იარაღისა და მასობრივი განადგურების საშუალებათა კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირება, ზღვის დაბინძურება და ა.შ.

ასევე, დაწყებულია ქართველ მეზღვაურთა და ოფიცერთა ჯგუფის შერჩევა, რომელიც ბალტიმორში მდებარე სასწავლო ცენტრში ათკვირიან მოსამზადებელ კურსს გაივლიან. ეკიპაჟებს მოუწევთ კატარღების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მხარეთა შესწავლა და მიღებული ცოდნის შემდეგ ზღვაში კატარღების დამოუკიდებლად მართვაზე გამოცდის ჩაბარება. მომავალი წლის ზაფხულში კი ორივე კატარღას სატრანსპორტო გემი საქართველოსკენ წამოიყვანს.

ამერიკა საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ეს შეეხება სანაპირო ინფრასტრუქტურის სრულყოფას, სპეციალისტთა მომზადებას, მცურავი საშუალებებით შევსებასა და არსებულების მოდერნიზაციას.

ამერიკული დახმარებები

2014 წელს ამერიკის დახმარებით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა _ 2 საქართველო-თურქეთის, 2 საქართველო-აზერბაიჯანის, 3 საქართველო-სომხეთისა და 3 საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. კეთილმოეწყო სექტორებამდე მისასვლელი გზები, ხოლო სექტორებისა და ბლოკ-პოსტებისთვის შეძენილი იქნა 24 საცხოვრებელი კონტეინერი.

2014 წელს დასრულდა ერთობლივი საზღვაო მართვის ცენტრის მშენებლობა, დამტკიცდა ცენტრის დებულება, მიმდინარეობს ცენტრის ტექნიკური აღჭურვა და ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა შესაბამისი ტრენინგი.

მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით 2015 წლამდე სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა - 83 რადიაციული პეიჯერი, 1 რადიაციული დეტექტორი, 12 რადიაციული დოზიმეტრი, 10 რადიაციული მრიცხველი.

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის #2 სამმართველოს (ბათუმი) 2015 წლის 3 სექტემბერს გადაეცა მცურავ საშუალებათა ბაზირების პუნქტი, მოდერნიზაცია ჩაუტარდა საპატრულო კატარღა P-103-ს, კაპიტალურად გარემონტდა მცირე საპატრულო კატარღა შეაAრკ-ის მთავარი ძრავები.

ივნისში დაიწყო #-3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი "კასუმლოს" შენობის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოსთვის სრულად აღიჭურვება.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

თემურ ჩაჩანიძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე