"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში

"ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში

რამდენიმე დღეა, რუსული პრესა, შარშან დაკავებული, სოხუმელი დევნილის, ოქსანა სევასტიდის თემის გარშემო მსჯელობს, რომელსაც 2008 წლის აპრილში, საქართველოში გაგზავნილი ერთი სმს-ს შეტობინების გამო, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სევასტიდი, დევნილობის შემდეგ, სოჭში ცხოვრობდა. მას აგვისტოს ომამდე, 4 თვით ადრე, მისი ქართველი ნაცნობისგან, თემურ ბუსკაძისგან სმს შეტყობინებას ედავებიან, - "ოქსანა, თქვენთან პლატფორმაზე, მართლა ტანკები დგანან?" - სწერდა მაშინ ბუსკაძე. "ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი" - უპასუხა სევასტიდიმ... შარშან ის დაკითხვაზე დაიბარეს და სახელმწიფო ღალატის მუხლით, დააპატიმრეს და სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვინც იმ ციხეშია და ამ მუხლით გაასამართლეს.

ოქსანა სევასტიდი სოხუმელ ბერძენზე გათხოვილი სოხუმელი რუსია. 1994 წლამდე, ის დედასა და ბებიასთან ერთად, სოხუმში ცხოვრობდა. ადგილობრივი რუსულ-ქართული სკოლა დაამთავრა. 90-იანი წლების ომის შემდეგ, ის სოჭში წავიდა საცხოვრებლად. დედამისი ვაჭრობდა, ოქსანა კი პურის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. როგორც დედამისი, სვეტლანა ამბობს, მას მერე, რაც ოქსანას ბერძენი ქმარი დაეღუპა, ის ქართველზე გათხოვდა, რომელიც სოჭში ცხოვრობს და მუშაობს... 45 წლის რომ გახდებოდა, ის გვარის შეცვლას აპირებდა, თუმცა ეს ასაკი მას ციხეში შეუსრულდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, მას პოლიტიკა არასდროს აინტერესებდა, თუმცა, სოციალური ქსელებით სარგებლობდა...

ოჯახი ამბობს, ოქსანას თემურ ბუსკაძე, მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, - პირველად, როდესაც ის ენგურის ხიდით ზუგდიდში, ახლობლებთნ ერთად გადადიოდა. მაშინ ბუსკაძე გაიცნო და გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ ისიც სოხუმელი დევნილი იყო და მის მშობლებს ოქსანა იცნობდა. იმ დღეს მათ ნომრები გაცვალეს... მომდევნო შეხვედრა, 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე იყო, ისევ ენგურის ხიდზე. ამის შემდეგ, მას ბუსკაძესთან ურთიერთობა, იმ სატელეფონო მესიჯის მოწერამდე არც ჰქონია, თუმცა, რუსული მხარე მას რა მხოლოდ ამ ზოგადი მესიჯის გაგზავნაში კი არა, მათი რაოდენობის დათვლასა და მიმართულების დადგენის მცდელობაში ადანაშაულებს.

"შარშან, 2015 წლის, 15 იანვარს ჩვენთან მოვიდნენ სამართალდამცავები და ჩემს შვილს ჰკითხეს, თანამშრომლობდა თუ არა ქართულ სპეცსამსახურებთან, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მას ბუსკაძესთან 8 წლის წინ მიწერილი მესიჯი ანახეს. - ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, არც კი მახსოვს რა დავწერე და რაც მთავარია, ყურადღება არც კი მიმიქცევია, - უთხრა მათ ჩემმა შვილმა, მაგრამ ის მაინც წაიყვანეს, თან რაც ეცვა, იმ ტანისამოსით... მოგვიანებით, მოვიდნენ ვიღაცები და მისი ნოუთბუქი და ტელეფონი წაიღეს. მთელი ღამე ველოდი, მაგრამ ის არ მოვიდა. მეორე დღეს, მე მივედი, "ეფესებეში" და ვითარებაში გარკვევა ვთხოვე, - სადაც "თქვენი შვილი ჯაშუშიაო", - მითხრეს... იქვე წავიქეცი და გონება დავკარგე", - იხსენებს ოქსანას დედა სვეტლანა პანჩენკო.

როგორც ოქსანა სევასტიდის ადვოკატი ივან პავლოვი აცხადებს, საქმეში უამრავი დარღვევა არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არავინ ინტერესდება იმ ქართველით, რომელთან თანამშრომლობასაც მას აბრალებენ... ამასთან, საქმე, რომლის გამოც სევასტიდის სახელმწიფოს ღალატში სდებენ ბრალს, არასერიოზულია თუნდაც იმიტომ, რომ მთელმა სოჭმა ნახა და იცოდა, რომ სოჭში მართლაც იდგნენ ტანკები, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით მიდიოდნენ. ეს გასაიდუმლოებული არავისთვის ყოფილა.

ადვოკატის თქმით, რუსეთში ჩვეულებრივი რამ არის, "ჰაერიდან მოტანილი მიზეზით ადამიანისთვის ჯაშუშის იარლიყის სტატუსის მიკერება", თუმცა, ამ შემთხვევაში, სევასტიდის მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ ის სოხუმში გაიზარდა, რუსულ-ქართულ სკოლაში სწავლობდა და ამჟამად, ქართველი მეუღლე ჰყავს.

2016 წლის მარტში, სოჭის სასამართლომ სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის ივანოვის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია "კომანდა 29"-ს მონაცემებით, 2013-2016 წლებში, ანალოგიური ბრალდებით, "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამო", მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ოცზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს, მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.

იურისტების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეები შეთხზულია. გასამართლებულთა ვინაობის დასადგენად მათ თვეები დასჭირდათ, თუმცა, ზუსტი ინფორმაციის მიღება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხეს.

"კომანდა 2-ის" კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2008 წლის პერიოდში, საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, გაასამართლეს ინგა თუთისანი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, სასჯელს ვოლოგდის კოლონიაში იხდის.

ასევე, მარინა ჯანჯღავა და მანანა კაპანაძე, მათ 2014 წელს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; "კომანდა 29-ის" ინფორმაციით, იგივე ბრალდებით, კიდევ ათამდე ქართველი იხდის სასჯელს, მაგრამ აღნიშნული ორგანიზაცია მათი ზუსტი მონაცემების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობს.

2016 წლის იანვარში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოჭის აეროპორტის თანამშრომელს, 60 წლის პეტრე პარპულოვს. იგი საქართველოში ნათესავებთან, აგვისტოს ომის დასრულებიდან, 4 წლის შემდეგ, 2012 წელს იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, პარპულოვი "სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით" გაასამართლეს.

საქმე ის არის, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთის ციხეებიდან ათამდე ქართველი გაათავისუფლეს. თუმცა, წინ კიდევ არაერთი საქმეა, პროცესი კი, ძალზე რთულად მიმდინარეობს, - რუსეთის ციხეებში ამ ტიპის ბრალდებით, არაერთი ქართველი იხდის სასჯელს. რუსეთში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ "ჯაშუშომანიის" ახალი ტალღა, 2012-2013 წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და რუსეთთნ ურთიერთობის დალაგების სურვილი გამოთქვა.

"კომანდა 29-ს" ინფორმაციით, 2010 წლიდან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით", ჯამში, რუსეთის 87 მოქალაქე იქნა გასამართლებული. უმრავლესობის საქმის დეტალები და პირადი მონაცემები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(მასალის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე