"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

"ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ..." - სოხუმის დახვრეტილი მერის ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს?

თავდაცვის სამინისტროში დაწყებული ოპტიმიზაცია, როგორც ჩანს, უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. პროცესის დაწყებისთანავე, ეროვნული გვარდიიდან გაათავისუფლეს აფხაზეთის ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ვაჟი, რომელიც აღნიშნულ უწყებაში 2013 წლიდან მსახურობდა.

ვლადიმერ გაბესკირია: "გუშინ, (13 დეკემბერს) ოპტიმიზაცია დაიწყო, პირველი მე გამომიძახეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ... ეროვნულ გვარდიაში, 2013 წლიდან ვმუშაობ, ადრე ეს იყო, დაგეგმვის ოფიცერი, შემდეგ კი, შტატები შეიცვალა და უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ვიყავი... მიზეზი არც აუხსნიათ, სავარაუდოდ, ეს ოპტიმიზაცია იყო.

- ოპტიმიზაციის ფარგლებში დათხოვნილ პირებს ფულად კომპენსაციას სთავაზობენ, თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ?

- არა, ფულად კომპენსაციას სამხედრო პირებს შეჰპირდნენ. მე სამოქალაქო პირი ვარ და არანაირი ანაზღაურება არ მეკუთვნის. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა დავით ბეჟაშვილმა მითხრა, მგონი, ორი თვის ხელფასი გეკუთვნისო... რა თქმა უნდა, ყველა ჩემს თანამშრომელს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პირველი, რატომღაც ჩემგან დაიწყეს... მინდა საზოგადოებას გავაგებინო, რომ ჩვენს სახელმწიფოში საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახებს ასე "აფასებენ".

მოგვიანებით გაბესკირია კვლავ დაგვიკავშირდა და გვიამბო: "ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დამირეკეს თავდაცვის სამინისტროდან და მკითხეს ამის შესახებ, - მე დავუდასტურე, რომ გუშინ დილით, ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ბეჟაშვილმა მითხრა, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მიწევდა სამსახურიდან წასვლა და შესაძლო იყო, კომპენსაცია ამეღო, ორი ან ერთი თვის ხელფასის სახით... თუმცა დღეს, თავდაცვიდან ვინც დამირეკა, მითხრა რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება... გავუმეორე ჩემს მიერ ზემოთქმული, რის შემდეგაც მითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ, თან დასძინეს, რომ ამბავი, ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მოგვიანებით დამირეკავდნენ... ჯერჯერობით არ დაურეკავთ და კვლავ ველოდები" - განმარტა გაბესკირიამ.

თავდაცვის სამინისტრო, ვლადიმერ გაბესკირიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, - " ზოგადად, გავრცელდა ინფორმაცია, ოპტიმიზაციის შესახებ, რამაც როგორც ჩანს, თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ეს შტატი გაუქმებული არ არის, ვლადიმერ გაბესკირია რჩება აღნიშნულ პოზიციაზე... თავდაცვის სამინისტრო, ოპტიმიზაციის ფარგლებშიც არ ეხება გმირების შვილებსა და ოჯახის წევრებს. არც ერთ მათგანს არ მოუწევს სამსახურის დატოვება" - განგვიმარტეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში.

***

აქვე, მკითხველს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას მიერ განვლილ გზასა და იმ საბედისწერო დღეს შევახსენებთ, რომლითაც ის საქართველოს უახლოეს ისტორიაში გმირის სახელით შევიდა...

გურამ გაბესკირია, 1992 წელს საომარი მოქმედებების პერიოდში დაინიშნა ქ. სოხუმის მერად. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი და მიენიჭა სამხედრო წოდება - პოლკოვნიკი. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

1993 წლის 16 სექტემბერს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, რასაც წინ უძღოდა 27 ივლისს სოჭის ცნობილი შეთანხება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რაც სეპარატისტებმა დაარღვიეს. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც, წესით, რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან და ხმელეთიდან.

აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმის დაცვა მხოლოდ 11 დღე შეძლეს. 27 სექტემბერს დილის 9 საათზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ ტრადიციული თათბირი ჩაატარა, თანამშრომლებს დავალებები მისცა და მუშაობას შეუდგა. თუმცა, 12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო...

რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია (ირაკლი ალასანიას მამა), რაულ ეშბა და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ გაბესკირია, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს. არსებობს ვიდეოკადრები, სადაც კარგად ისმის ეროვნული გმირის სიტყვები, როდესაც მას მიმართავენ: "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!"

- Никогда в жизни! - იყო მერის პასუხი. მას მერე, იგი არავის უნახავს... ეს იყო სოხუმის დაცემის დღე, 1993 წლის 27 სექტემბერი...

მარიამ რობაქიძე

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?