ზავი სირიაში და მეამბოხეთა რიგებში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

ზავი სირიაში და მეამბოხეთა რიგებში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

დასავლური მედიის ინფორმაციით, ალეპოში ზავს მიაღწიეს, - ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც ძალაში შევიდა ახალი ზავი და მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ქალაქის უკანასკნელი რაიონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახლდა. საზავო შეთანხმების შუამავლები რუსეთი და თურქეთი არიან, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეამბოხეებსა და სამოქალაქო პირებს, დატოვონ აღმოსავლეთი ალეპო. მეამბოხეების განცხადებით, 15 დეკემბერს სროლა შეწყდა, რის შემდეგაც, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა... იგივეს ადასტურებდა სირიის სამხედრო უწყება და მთავრობის მომხრე შიიტური სახალხო ლაშქარი "ჰეზბოლა". თუმცა, ინტერნეტში გავრცელდა ინფრომაცია, რომ მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები არიან დარჩენილი, რომლებიც შველას ითხოვენ...   

არადა, საქმეში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, აღმოსავლეთ ალეპოდან უკვე გამოიყვანეს პირველი ნაკადი, რომელთა უმეტეს ნაწილს გადაუდებელ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარეზე მებრძოლი რუსი სამხედროები, პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შესაბამისად, მზად არიან გააკონტროლონ მეამბოხეების გასვლა აღმოსავლეთ ალეპოდან.

მათივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლებამ მეამბოხეებსა და მათ ოჯახებს პირობა მისცა, რომ უსაფრთხოდ შეძლებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ იდლიბში გადასვლას. რუსი სამხედოები კი უპილოტო აპარატების გამოყენებით გააკონტროლებენ მეამბოხეების ევაკუაციას. მეამბოხეებისათვის გამოყოფილია 20 ავტობუსი, რომლებსაც ჰუმანიტარულ დერეფანში სამედიცინო დახმარების 10 ავტომანქანა გააცილებდნენ...

მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება - აჯანყებულები ჯერ კიდევ ფლობენ დიდ ტერიტორიებს, ასევე, სირიაში ტერიტორიები დაკავებული აქვს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს". როგორც "ბიბისი" წერს, ეს განსხვავებული ომი იქნება - ნაკლები აჯანყებული ეცდება ტერიტორიების დაკავებასა და საკუთარი გავლენების გაფართოებას, მაგრამ გახშირდება პარტიზანული ომები.

სოციალურ ქსელებში ვრცლდება ვიდეოები, თუ როგორია ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა. ასადის სამთავრობო ძალების მიერ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების კვალდაკვალ, მოქალაქეებს ეშინოდათ, ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. მათ შიშს იზიარებს გაეროც, რომლის ინფორმაციითაც, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებიან და ადგილზე ხოცავენ მოქალაქეებს. ამ ფაქტს გაერომ "კაცობრიობის კრიზისი" უწოდა... ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ ისინი მხარდაჭერასა და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვენ.

შეიარაღებული მეამბოხეების უკან დახევას, ყოველ ჯერზე ეწირებიან საქართველოს მოქალაქეებიც. ამჯერად, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებული, კიდევ ერთი ქართველი ისლამისტი მოკლეს. ის სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ რაქასთან ახლოს, სოფელ მაჟბინის მიდამოებში იბრძოდა. სოფელ ომალოს მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი, 2015 წლის 2 აპრილს სკოლის მერხიდან გაიპარა... ის მაშინ მე-11 კლასელი იყო. მოგვიანებით, ოჯახს ანტიტერორისტულმა ცენტრმა შეატყობინა, რომ თანასკოლელ, მე-9 კლასელ, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა. თურქეთის ტერიტორიიდან კი მალევე სირიაში გადაიყვანეს...

ბრალდების მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ ავიაბილეთები რამზან ბაღაკაშვილსა და მუსლიმ კუშტანაშვილს, აიუფ ბორჩაშვილმა შეუძინა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" "პანკისის ჯამაათის" "იმამის" წოდებას ატარებდა და ტერორისტული ორგანიზაციის "ხალიფასთან" "ბაიათით" ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.

ეს იყო 26-ე საქართველოს მოქალაქე, რომელიც სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. ყველა მათგანს თითქმის ერთნაირი ისტორია აქვს, - რეგიონში არსებული მძიმე სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, განათლების არქონის პერსპექტივა, საზოგადოებასთან ინტეგრირების პრობლემა და ყველაზე მთავარი, მათ გარშემო არსებული იდეოლოგიური პროპაგანდა.

სირია-ერაყში, "ისლამურ სახელმწიფოს" კონტროლირებად ტერიტორიაზე 2012-2016 წლებში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სია ასე გამოიყურება:

რუსტამ გელაევი (23 წლის), ჰამზათ აჭიშვილი (26 წლის), აბდულ-მალიქ მუთოშვილი (36 წლის), ხალიდ აჭიშვილი (24 წლის), რუსლან მაჩალიკაშვილი (36 წლის), ბესო კუშტანაშვილი (18 წლის), გურამ გუმაშვილი (22 წლის), ჯაბრაილ ცათიაშვილი (21 წლის), ისრაფილ ცათიაშვილი (18 წლის), ლევან ნაკაიძე (30 წლის), დავით სვიაკაური (24 წლის), იბრაჰიმ ცათიაშვილი (33 წლის), თურფალ ბორჩაშვილი (23 წლის), ბესლან მუხტაროვი (28 წლის), მუჰმად თურქოშვილი (22 წლის), რამზან ფარეულიძე (24 წლის), ხვიჩა გობაძე (22 წლის), ვახა ბუგიევი (38 წლის), ასლამბეგ ბორჩაშვილი (22 წლის), უმარ მარგოშვილი (39 წლის), ბექხან ტოხოსაშვილი (26 წლის), რუსლან ქავთაროვი (34 წლის), თარხან ბათირაშვილი (30 წლის), სულთან გუმაშვილი (21 წლის), მუჰმად ხანგოშვილი (24 წლის), რამზან ბაღაკაშვილი (20 წლის).

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე