"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ

"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ

რამდენიმე დღეა თურქეთში მომხდარი მკვლელობა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, - რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე, სახელწოდებით "თურქების თვალით დანახული რუსეთი".

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულემან სოულუს თქმით, თავდამსხმელი პოლიციელი იყო, რომელიც ორი წლის განმავლობაში ანკარას პოლიციის სპეციალურ დანაყოფში მუშაობდა. ის 1994 წელს დაბადებული მევლუტ მერტ ალტინტასია.

"დიდება ალაჰს. არ დაივიწყოთ ალეპო! არ დაივიწყოთ სირია!", - დაიყვირა მან არაბულად, რის შემდეგაც, თვითმხილველთა თქმით, მინიმუმ 8 გასროლა განახორციელა. დაშავებულია რამდენიმე პირი... 22 წლის თავდამსხმელი, ორმხრივი სროლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ელჩის მკვლელის ლიკვიდაციის შემდეგ, ასევე დააკავეს მისი ოჯახის წევრებიც...

ანდრეი კარლოვი 62 წლის რუსი დიპლომატი იყო, რომელიც 2001-2006 წლებში რუსეთს ფხენიანში წარმოადგენდა. 2013 წლებში კი, თურქეთში გაამწესეს. ადგილობრივი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თურქეთის აფხაზურ დიასპორასა და აფხაზეთის ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებას აქტიურად უჭერდა მხარს...

თურქული მედია ასევე წერს, რომ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები, რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან, ფეტულა გიულენის მოკავშირეებს ეძებენ, რადგან მკვლელი ამერიკაში მცხოვრები სასულიერო ლიდერის მიმდევარი იყო. ამ ვერსიას იზიარებს "როიეტერსიც", რომლის ინფორმაციითაც, ერთ-ერთი თურქი ოფიციალური პირის თქმით, გამოძიებამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელში მკვლელის კავშირებზე გიულენის მიმდევრებთან, რომლებსაც "გიულენისტების ტერორისტულ ორგანიზაციას", ხშირად, "ფეტოს" უწოდებენ.

თავის მხრივ, ფეტულა გიულენი, რომელმაც თურქეთი 1999 წელს დატოვა და მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში (პენსილვანიაში) ცხოვრობს, ბრალდებას გამოეხმაურა და ის კატეგორიულად უარყო... თურქეთის მთავრობა ფეტულა გიულენს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშიც ადანაშაულებს, თუმცა სასულიერო პირი ამ ბრალდებასაც უარყოფს...

"რა იქნება ჩვენი პასუხი?" - ამ სათაურით რუსმა პოლიტოლოგებმა და ბლოგერებმა არაერთი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პოლიტოლოგი ვიაჩესლავ დანილოვი წერს, რომ ეს არის "სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, მკვლელი არ იყო ჰიჯაბში, მას არც ნიღაბი ჰქონდა და არც სამხედრო კამუფლაჟი ეცვა, არც "კალაშნიკოვიდან" უსვრია. "ახალგაზრდა, მაღალი, გამხდარი ბიჭი ჩვეულებრივ პიჯაკსა და ჰალსტუხში იყო გამოწყობილი. და ეს ნიშნავს, რომ ასე გამოწყობილ ახალგაზრდა მკვლელს შესაძლოა, რომელიმე ოფისშიც შეხვდე,"- წერს დანილოვი, რომლის თქმითაც, სანამ ანკარის პოლიცია მის პირად მონაცემებს არკვევს, შესაძლოა, ერთ დღესაც სხვა რეალობაში გავიღვიძოთ, სადაც პოლიტიკურმა ტერორმა უკვე "რესპექტაბელური" სახე მიიღო.

გასროლის შემდეგ, სანამ უსაფრთხოების სამსახური გონს მოეგებოდა, ახალგაზრდა კაცმა, ხელი მაღლა აღმართა და დაიყვირა: - "არ დაივიწყოთ ალეპო, არ დავიწყოთ სირია! სანამ სირიელები არ იქნებიან დაცულნი, არც თქვენ იქნებით დაცული... იქ თქვენ ხოცავთ უდანაშაულო ბავშვებს, ამიტომ, თქვენ მოკვდებით აქ. მე აქედან ცოცხალი ვერ გავალ, მაგრამ არ მინდა კიდევ ვინმე დაზარალდეს", - დაიყვირა მან. ამის შემდეგ დაიწყო მასსა და სამართლამდცველებს შორის ორმხრივი სროლა...

რუსი პოლიტოლოგების თქმით, ვერსია, თითქოს ის შეურაცხადი იყო, რადგან სროლის შემდეგ, შეშლილივით ყვიროდა, მცდარია. მას ეს მკვლელობა წინასწარ და კარგად ჰქონდა მოფიქრებული. მას იზმირის პოლიციის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და სპეცრაზმში მუშაობდა. "იქ კი გიჟებს არ ამუშავებენ, მით უფრო, რომ თურქეთი არის სახელმწიფო, რომელსაც პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს..."

თურქულ მედიის ინფორმაციით, მევლუტ მერტ ალტინტასი, რომელიც თითქოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის დიპლომატიური მისიის დაცვაში მონაწილეობდა. იმ დღეს, თურქეთში რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, - სპეცრაზმის ჯაჭვში დგას ალტინტასიც. (ინტერნეტში ამის დამადასტურებელი ფოტოც გავრცელდა). ასევე, გარკვეულია, რომ რამდენიმე დღის წინ, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ნომერი დაჯავშნა, საიდანაც, სავარაუდოდ, ვითარებას დეტალურად სწავლობდა.

თურქულ მედიაში ასევე წერენ, რომ მოსახლეობაში პანიკამ იმატა, რადგან ტერორისტებმა მოქმედების მეთოდები გაამრავალფეროვნეს...  

რაც შეეხება მთავარ კითხვას, რა იქნება რუსეთის პასუხი, - სპეციალურ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "ტერორისტული აქტი" რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გავლენის მოსახდენად იყო მიმართული. ასევე, მათი მიზანი იყო, ხელი შეეშალა სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის, თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" გააძლიერებს... რუსი პოლიტოლოგების თქმით, ეს არის რუსეთის ოფიციალური პოზიცია, რასაც მეორე მხარისგან აუცილებლად მოჰყვება "არაოფიციალური პასუხი", ჰალსტუხიანი ან უჰალსტუხო ბიჭების სახით, რომელიც ყველგან შეიძლება შეგხვდნენ და არის თუ არა რუსეთი ამისთვის მზად, სხვა საკითხია...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე