"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"

"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"

საქართველო სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2009 წლიდან ასრულებს. ამ დროის განმავლობაში, ამ თემის გარშემო არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ მწვავდებოდა, როდესაც ქართველი ბიჭების დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია... საბედნიეროდ, მათ მიერ იქ შეძენილი საბრძოლო გამოცდილებისა და სხვა ფაქტორების გამო, რამდენიმე მისია მშვიდობით მიმდინარეობს...

თითქმის ყველა, სამშვიდობო მისიამოვლილი სამხედრო ერთხმად ამბობს, რომ იქ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.

ქართველი სამხედროების თქმით, დღესასწაულებზე უცხო მიწაზე შეხვედრა, ახალბედებს, ანუ პირველ მისიაზე მყოფებს უჭირთ, თუმცა, ყოველ მომდევნო ჯერზე გამოცდილებას იძენენ და ეჩვევიან. მათივე თქმით, - "როდესაც ასე "წვრილმანებზე" აღარ ნერვიულობ, უკვე ხვდები, რომ კამუფლაჟის ჩაცმის შემდეგ, სხვა ადამიანი ხარ და პროფესიას ყველაფერზე მაღლა აყენებ..."

დათო, 29 წლის: "მეორედ ვხვდები ახალ წელს ავღანეთში. პირველად 2013 მომიწია. ოჯახისგან მოშორებით ამ დღესასწაულს პირველად ვხვდებოდი და ძალიან გამიჭირდა. ამ დროს შენს გვერდით მყოფი ადმიანები, მეგობრები გაცილებით უფრო ძვირფასები ხდებიან... თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვართ. მისიამოვლილებს განსაკუთრებულად თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან... იმ წელს ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოდან. ლამის ნახევარი მთავრობა. ტელევიზიის ჟურნალისტები და ყველა ოჯახის წევრებთან დარეკვას გვთავაზობდა... დედის ხმა რომ გავიგე, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ ემოციებს უნდა მოერიო... ძალიან გვიხაროდა, რადგან ამ დროს ხვდები, რომ იქ სადღაც, მიუსავლეთში, მარტო არ ხარ... გოგონებს კარვების მორთვაში დავეხმარეთ. პლასტმასის სკამებზე გაშალეს ტკბილეულით სუფრა, ნამცხვრები, წვენები, უგაზო შამპანიური... არაფერი განსაკუთრებული არ გვქონია, მაგრამ მაინც გვიხაროდა. შემდეგ ყველა ჩვენგანი დავალების შესასრულებლად წავიდა... ასე იქნება წელსაც. აქ, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჩვენი ბიჭების აშენებული ეკლესია გვაქვს, - წმინდა გიორგის სახელობის, ჩვენ მის გარშემო ციხე-სიმაგრე აღვმართეთ, რადგან გვინდოდა საქართველოს ეკლესიებთან მიახლოებული ყოფილიყო... ეკლესიის კედლები ხაკისფერია, ჩვენი კამუფლაჟის ფერი... დღეს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი გვაქვს, - ჩვენ ვმღერეთ და ვცეკვავთ. ერთი თვეა ვამზადებთ პროგრამას... ხალისი მაინც მიჰყვება, რადგან ერთად ვართ...   შობას წირვაც აღევლინება. სხვა დროსაც, ბიჭები ერთად ვლოცულობთ, რომ უდანაკარგოდ დავრბუნდეთ სამშობლოში... პარაკლისებიც ტარდება ჩვენი დაღუპული ბიჭების სულის საოხად... როდესაც საქართველოდან მეკითხებიან, - რა გენატრებაო, - რატომღაც ჰგონიათ, ხინკალი ან მწვადი უნდა გვენატრებოდეს, - ერთადერთი, ჩემი ქვეყანა მენატრება, ოჯახის წევრებინა-ახლობლებიან-მეგობრებიანად.. ჰოდა, შობა-ახალ წელს გილოცავთ, სიყვარულით, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან..."

"ვიდრე პატრულირებაზე გავდიოდით, ყველა ჩვენგანი ლოცულობდა, მშვიდობით დარბუნებულიყო ოჯახს, მშობლებს, შვილებს, საცოლეს, ან საქმროს... ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ვინმე გელოდებოდეს, გგულშემატკივრობდეს. ეს მეტი სტიმულია, თავს გაუფრთხილდე... ჯარმა დღესასწაულები და უქმეები არ იცის, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მით უფრო მისიაში და მით უფრო ავღანეთში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ხიფათი დაგატყდეს... ამ დროს, მოდუნებისა და გულჩვილობის დრო არ არის. უფლის, მშვიდობისა და დამდეგი წლის სადღეგრძელოს უგაზო შამპანიურით ვსვამთ... შემდეგ, ოჯახის წევრებს ვულოცავთ ინტერნეტით. დედა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად განიცდის... მეუღლის ნაკარნახევი და ჩემი 3 წლის ბიჭის ენამოჩლექით გამეორებული, - "მამიკო, მალე დაბრუნდი," - მთელ დედამიწაზე ყველაზე ტკბილი მოსასმენია... ჩემსავით ბევრს ენატრება ოჯახი, მაგრამ სადღაც გულის წვერამდე მოსულ მონატრებას ჩუმად ვიბრუნებთ, შემდეგ პირჯვარს ვიწერთ და ყველაზე სახიფათო მტერთან შესახვედრად მივდივართ, იმის იმედით, რომ "შინ" მშვიდობით დავბრუნდებით..." - ამბობს 28 წლის ირაკლი, რომელიც ახალ წელს მეორედ შეხვდება ავღანეთში სამშვიდობო მისიაში.

"ნაძვის ხესაც ვრთავდით და ტორტიც გვქონდა... ზომიერების ფარგლებში ვხალისობდით კიდეც, შემდეგ კი, ყველა ჩვენს-ჩვენს ადგილებს ვუბრუნდებოდით. ასეთ დროს, ყველაზე ძალიან გინდა შენს ოჯახში იყო, შენს პატარას მიეფერო და ჩაეხუტო, მაგრამ ყველა ჩვენგანი, ამ პროფესიას რომ ირჩევდა, იცოდა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამე მის ნებაზე არ იქნებოდა. ახალი წელი კი არა, ყოფილა შემთხვევა, სამხედროს ოჯახის წევრი გარდაცვლია და ვერ დაიტირა... ასეთია ჯარისკაცის პროფესია. მეუღლემ ჩემი პატარა გოგონას მიერ თოვლის ბაბუისთვის გაგზავნილ წერილს ფოტო გადაუღო და გამომიგზავნა. ახლაც ზეპირად მახსოვს მისი ტექსტი, - "ძვირფასო სანტა! მე კანფეტები არ მინდა. არც სათამაშოები. ბებო და ბაბუკო მიყიდიან. მარტო ის მინდა, ჩემი მამიკო ჯანმრთელი ჩამოვიდეს ჩემი დაბადების დღისთვის. გთხოვ, არ დაგავიწყდეს..." - ამბობს გიორგი კაპანაძე, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, მუშაობა სამოქალაქო სექტორში განაგრძო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე