აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა

აფხაზეთი მე-19 საუკუნის სიცილიას დაემსგავსა - რეგიონში ბოლო ხანებში 17 მკვლელობა მოხდა

აფხაზეთში რეგიონში, სადაც კანონი კარგა ხანია არ არსებობს და ამას თავად ადგილობრივი მოსახლეობაც აღიარებს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან. რეგიონის მცხოვრებლების თქმით, ქრთამით, ნაცნობობითა და ჩაწყობით, განაჩენის გამოტანა უკვე არავის უკვირს, რადგან, ე.წ. მართლმსაჯულებას არავინ ენდობა.

"ჩვენი ხუმრობა მომაკვდავის ხუმრობას ჰგავს, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია, აფხაზეთი ბოლო წლებში ძალიან ჰგავს ომის შემდგომ სიცილიას, - სისხლი, ბევრი სისხლი, ნარკომანია, სიკვდილი და უკანონო იარაღი, რომელსაც ომის შემდეგ აფხაზეთში ყველა ინახავს და რომლითაც ერთმანეთს ვხოცავთ...", - ასე ეხმაურებიან მომხდარს აფხაზები სოციალურ ქსელებში.

მათივე თქმით, ყველაფრის თავი და თავი უკანონობაა. ასევე, ომის შემდეგ დარჩენილი და რუსი სამხედროებისგან სხვადასხვა დროს შეძენილ-გაცვლილი იარაღი. ასეა თუ ისე, აფხაზეთში პირადმა ანგარიშსწორებამ უკიდურესად სახიფათო სახე შეიძინა.

ბოლო თვეების განმავლობაში, რეგიონში 20-მდე სასტიკი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი ახალი წლის დღეებში. 31 დეკემბერს, გუდაუთის რაიონის სოფელ ბარმიშში, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს 78 წლის ლესიკ ნანბა... მიზეზი გაურკვეველია, თუმცა ადგილობრივის თქმით, მკვლელობის მიზეზი შურისძიებაა.

1-ელ იანვარს, ე.წ. ადგილობრივმა მილიციამ, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ გუადარას ტყეში მოკლული იპოვა 26 წლის სოხუმელი ბესლან კვიცინია, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლით იარაღით თავის, მუცლისა და მკერდის არეში ჰქონდა. ადგილობრივი ე.წ. სამართლამდაცავების ინფორმაციით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის როლანდ ჟიბა, რომელიც სოფელ გუადას მკვიდრია, ამ დროისთვის ქართულ მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება.

საქმე ამით არ დასრულებულა, - 3 იანვრის ღამეს, მოკლული კვიცინიას ახლობლებმა, ოჩამჩირის სოფელ გუადაში, ერთდროულად სამი სახლი დაწვეს, მათ შორის ერთი ჟიბას, დანარჩენი ორი კი მისი ნათესავების იყო. 6 იანვარს, საღამოს კი, ცნობილი გახდა, რომ სოხუმის სასაფლაოზე, იმ დგილას, სადაც ბესლან კვიცინიაა დაკრძალული, სასტიკად გაუსწორდნენ სოფელ გუადას მკვიდრ რომან ჟიბას, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში მონაწილეობდა... ის კვიცინიას ოჯახის წევრებმა, დაღუპული შვილის საფლავზე დააჩოქეს, შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. როდესაც ცეცხლმოკიდებულმა გაქცევა დააპირა, ესროლეს.

საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი რუსეთის "ეფესბეს" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან ათიოდე მეტრში მოხდა და მათმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელი იყო მათ ეს საზარელი ფაქტი არ დაენახათ, მაგრამ ისინი ადგილობრივთა შიდა საქმეებში არასდროს ერევიან.

"გვაცდიან, როგორ ვხოცავთ ერთმანეთს, რათა შემდეგ უფრო მშვიდად განახორციელონ თავიანთი გეგმები, - გააფართოვონ სამხედრო პოლიგონი, ბაზის ტერიტორია, ბიზნესი და ა.შ" - წერს სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებელი, გულბათ წვიჟბა, რომლის თქმითაც ქუჩაში გამოსვლა უკვე დღეც კი სახიფათოა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა .ე.წ გენერალური პროკურორის მოადგილე ეშსოუ კაკალიამ. მისი თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს ძიება. დაკავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც ჟიბას სასტიკ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის კატეგორიულ მოთხოვნას, სასწრაფოდ გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები, ობიექტური მიზეზების გამო ვერ აკმაყოფილებენ, რადგან ბოლო ხანებში დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა.

კვიციანის ოჯახის ახლობლების თქმით, მათ საქმის ობიექტურად შესწავლის იმედი არ ჰქონდათ. მათივე თქმით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საქმე გაურკვეველი მიზეზით დახურეს. მიზეზი ასეთია, - ე.წ. ძიების შემდეგ "პროკურატურა" ჩუმდება, რადგან დიდ თანხას უხდიან, ან საქმეში გავლენიანი პირები ერთვებიან. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, დამნაშავე თავად დაესაჯათ და უკიდურეს ფორმას მიმართეს.

გასულ დღეებში, კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა მოხდა, - 3 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, უცნობმა პირებმა, რომლებიც "რენოს" მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ, სასტუმრო "აფხაზეთის" წინ მყოფ რუსლან ბენიას ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი თვითმხილველებმა გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული ჭრილობებისგან მალევე გარდაიცვალა.

ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები მოძრაობდნენ, ალახაძის დასახლებასთან, ტყის მასივებთან დამწვარი იპოვეს... ადგილობრივმა ე.წ. სამართლამდამცავმა ორგანოებმა, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე