ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ჩეჩნეთიდან სირიაში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

სირიაში, ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს ბრძოლის მსურველთა რაოდენობა ჩეჩნეთში ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რესპუბლიკაში არსებული მძიმე სოციალური ფონია... მათივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაცია ისევ არასტაბილურია, რაც ახალგაზრდების ნაწილს რადიკალიზმისკენ უბიძგებს, რასაც უმუშევრობა და კორუფცია უწყობს ხელს. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, - "კადიროვის ბიჭებისთვის" მიუღებელი პერსონები სირიისკენ მიიწევენ", - წერს ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში.

"მიზეზი აქვთ, "კადიროვის ბიჭები" დაერევიან და ვინც თვალში არ მოსდიოდათ, იმათაც მიაყოლებენ... ეს ხომ არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი იქნება... კადიროვი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მტრობს, რადგან იცი, რომ მათ უჭირთ არსებული უსამართლობაზე გაჩუმება. ასე რომ, ახლა კადიროვს გზა ხსნილი აქვს და სტალინის პრინციპით მოქმედებს, - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა! აქ ხომ ყველაფერი კადიროვის ნება-სურვილზეა. არ არსებობს დამოუკიდებელი პრესა, მედია... ბლოგერები სიცოცხლის რისკის ფასად წერენ განსხვავებულ მოსაზრებებს. კრიტიკას საერთოდ ვინ გაბედავს, მხოლოდ განსხვავებულ აზრზეა ლაპარაკი, - ყველას კარგად ახსოვს, როგორ სადისტურად მოკლეს ჩეჩენი ჟურნალისტი ელენა ბესტაევა," - წერს ჩეჩენი უფლებამდაცველი მეჰმედ ასიევი.

კადიროვის ხელისუფლების თქმით, ისინი ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები არიან, მართლაც სასტიკი მეთოდებით უნდა დასაჯონ, რათა სხვასაც არ გაუჩნდეს ფულისთვის ბრძოლისა და სხვისი "დავერბოვკების" სურვილი. ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, იანვრის შუა რიცხვებში, ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსთვის" ბრძოლაშია ბრალდებული. სპეცოპერაციისას 4 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია, კურჩალოევსკის რაიონში ჩატარდა და ის ბოლო წლებში, ჩეჩნეთში ჩატარებული ოპერაციებიდან ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო.

რამზან კადიროვის თქმით, მათ მიზანში ამოიღეს დაჯგუფება, რომელსაც სირიაში მყოფი ჩეჩნური წარმოშობის მილიტანტები მართავდნენ. "ამ დროისათვის ჯგუფი განეიტრალებულია, 50-ზე მეტი მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს," - აცხადებს კადიროვი, თუმცა, ადგილობრივი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტნიდან ინტენსიურიად ხდება გადინება სირიისკენ... რამდენიმეკაციანი ჯგუფი, არც ისე დიდი ხნის წინ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში დააკავეს.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, სპეცოპერაციები ჩატარდა კურჩალოევსკისა და შალინსკის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქ გროზნოში. როგორც კადიროვი წერს, სპეცოპერაციისას დააკავეს იმრან დაცაევი, რომელიც დაჯგუფების ლიდერადაა მიჩნეული. სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯგუფი, რომელიც გროზნოსთან ახლოს მდებარე სოფელ ცოცი-იურტში აიყვანეს, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა.

ასევე დაკავებულია, კიდევ ერთი გროზნოელი აცხაბა ხიზრიევა, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა, რომ რამდენიმე ადამიანი სირიაში აპირებდა წასვლას. თუმცა, მან როგორც ერთ-ერთმა ხელშემწყობმა, სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ, ის თავადაც იყო დაკავებული სირიაში წასვლის მცდელობის გამო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია "ინტერფაქსისა" და "კავკაზკიი უზელის" მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე