საინტერესო ფაქტები აშშ-ის პრეზიდენტების შესახებ

საინტერესო ფაქტები აშშ-ის პრეზიდენტების შესახებ

მართალია, დონალდ ტრამპი უკვე ამერიკის პრეზიდენტია, თუ არ ჩავთვლით ოფიციალურ მხარეს, ინაუგურაციას, მაგრამ მაინც, მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება ამ მნიშვნელოვან დღეს... ელიან მოწინააღმდეეგებიც, რომლებმაც სოციალური ქსელით შეძლეს ორგანიზება, თუმცა, დაცვა მაქსიმალურად მობილიზებულია და თუ ვიზუალურ მხარეს არ ჩავთვლით, ალბათ თავადაც არ ფიქრობენ, რომ მათი პროტესტი რაიმე შედეგის მომტანი იქნება...

ცოტაც და ისტორიული სიტყვების წარმოთქმის შემდეგ - "ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია"- არაორდონალური და ექსცენტრიული დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება.

მართალია, ამერიკას, როგორც სახელმწიფოს, დემოკრატიული ნიშნით, მართლაც ბევრი რამ აქვს საამაყო, თუმცა, არსებობს განსაკუთრებით გამორჩეული რამ, რაც ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვის სამაგალითოა, - სახელმწიფოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ამიტომ ინაუგურაციის დღე, რომელიც ტრადიციულად 20 იანვარს იმართება, მკაცრად ფორმალურია და ყველა ეტიკეტის დაცვით უნდა ჩატარდეს. ამ დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა 9 ღონისძიებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუმცა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

თუმცა, ცნობილია, რომ ღონისძიებას 750 000 ადამიანი დაესწრება და ამ მნიშვნელოვან დღეს, სტუმრებს შორის არ იქნება, - ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი. მან ტრამპს წერილით აცნობა, რომ ექიმები ინაუგურაციაზე დასწრებისგან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავის შეკავებას ურჩევენ.

მედიის ყურადღება ტრამპის საინაუგურაციო სიტყვისკენ არის მიმართული, - გავრცელებული ინფორმაციით, მისი სამუშაო ვერსია დონალდ ტრამპს ეკუთვნის (ასევე უკვე ვრცელდება ცნობა, რომ მას აქვს საკმაოდ კარგი ეკონომიკური პროგრამა, თუმცა ეს უკვე მისი ჯგუფის ნაშრომია). დონალდ ტრამპი ფიცს ორ, საკუთარსა და აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაზე დადებს. აბრაამ ლინკოლნის მიერ ფიცის დადებისას გამოყენებული ბიბლია საპრეზიდენტო ფიცის დასადებად, აქამდე მხოლოდ ერთმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოიყენა.

საქმე ის არის, რომ ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას ინაუგურაცია, ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება იყო ვაშინგტონში. ეს პრეზიდენტი ბევრი რამით იყო გამორჩეული და ასევე, ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიაში, იგი არის პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია. მას ამერიკული პრესა ყველაზე უბრალო, თანამედროვე და გულღია პრეზიდენტად ახასიათებდა. "ყველაზე მაღალჩინოსანი" ადამიანი ყველაზე არამაღალჩინოსნური თვისებებით" - ასე მოიხსენიებდა მას დასავლური მედია...

"დღეს, მე გეუბნებით თქვენ, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ რეალური, სერიოზული და ბევრია. ამ გამოწვევებს იოლად და მოკლე დროში ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ ამერიკამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს აუცილებლად გავუმკლავდებით," - ბარაკ ობამამ 2009 წლის 20 იანვარს 20 წუთზე მეტ ხანს ისაუბრა.

საერთოდაც, ამერიკის საპრეზიდენტო ისტორია არაერთი საინტერესო ფაქტისგან შედგება. პირველად, ამერიკის ისტორიაში, 1789 წელს, პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა ჯორჯ ვაშინგტონმა წარმოთქვა. ვაშინგტონის სიტყვა დღემდე ყველაზე მოკლე მიმართვად ითვლება - 133 სიტყვისგან შედგებოდა და მხოლოდ ორ წუთნახევარს გაგრძელდა. ხოლო პრეზიდენტის, უილიამ მაკ-კინლის მიმართვა პირველი საინაუგურაციო სიტყვაა, რომელიც 1901 წელს ვიდეოფირზე ჩაიწერეს.

გენერალმა ჯორჯ ვაშინგტონმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია თავად წაუკითხა თავის ჯარისკაცებს 1776 წლის 9 ივლისს, მისი გამოცხადებიდან 5 დღეში. ასევე, ჯორჯ ვაშინგტონი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც არასოდეს უცხოვრია თეთრ სახლში, აშშ-ის დედაქალაქი მაშინ ფილადელფია იყო.

თომას ჯეფერსონმა თავად დაწერა თავისივე საფლავის ქვაზე დასაწერი ეპიტაფია, რომელშიც არ მიუთითა, რომ პრეზიდენტი იყო.

1861 წელს, აბრაამ ლინკოლნის საინაუგურაციო მსვლელობა კაპიტოლიუმის მიმართულებით მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნებითა და ქვეითად მოსიარულე ადამიანებით იყო გარშემორტყმული. ცერემონიაზე უპრეცედენტო რაოდენობის დაცვა იყო მობილიზებული, რადგან ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. მაშინ ლინკოლნის მიერ მომზადებულმა სიტყვამ, რომელშიც აქცენტები ზუსტად იყო დასმული, ქვეყნის შემდგომი მშვიდობიან განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა - "მთავრობა თქვენ თავს არ დაგესხმებათ, კონფლიქტი არ იარსებებს... თქვენ დაიფიცეთ, რომ გაანადგუროთ მთავრობა, მაშინ, როცა მე საზეიმო ფიცი მაქვს დადებული, შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ის", – განაცხადა ლინკოლნმა.

აბრაამ ლინკოლნი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც ინაუგურაციის დღეს ბიბლიაზე დაიფიცა. მისი მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში, საინაუგურაციო მსვლელობაში აფრო-ამერიკელებიც მონაწილეობდნენ.

ლინკოლნი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც წვერს ატარებდა. ის ასევე ყველაზე ტანმაღალი იყო ამერიკის პრეზიდენტებს შორის, - მისი სიმაღლე 190 სმ გალხდათ. ასევე, აბრაამ ლინკოლნი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი სახლი ჰქონდა. მისი წინამორბედებისგან გამორჩეული იყო ლინკოლნის აღსასრულიც, - ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს; - 1865 წლის 14 აპრილს, ჯონ ბუტმა მას ვაშინგტონში, ფორდის სახელობის თეატრში ესროლა.

ჯონ კენედის ინაუგურაციას, პრეზიდენტის ორივე მშობელი ესწრებოდა. "ჩემო თანამემამულეებო, იმაზე კი არ იფიქროთ, თქვენს ქვეყანას რა შეუძლია თქვენთვის, არამედ, იმაზე, თავად რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის", - მიმართა კენედიმ ამერიკის მოქალაქეებს. ამერიკელების თქმით, კენედიმ ამერიკელი ხალხის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჯონ კენედი გახლდათ ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი და ასევე ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა პირველი პირი, ვინც მოკლეს.

ფრანკლინ დელანო რუზველტი პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა ოთხი ვადით ეჭირა, თუმცა, 1951 წელს ამერიკის კონსტიტუციაში 22-ე შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება 2 ვადაზე მეტით არ შეიძლება. ფრანკლინ რუზველტი გახლდათ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არჩევნებზე ხმა მისცა დედამ. მანამდე ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასევე, ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც 4-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად. კიდევ ერთი ფაქტი, - ის გახლდათ პირველი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია იანვარში ჩატარდა, მანამდე ეს ყოველთვის 4 მარტს იმართებოდა.

რიჩარდ ნიქსონი ერთადერთია ამერიკის პრეზიდენტებს შორის, რომელიც თავისი ნებით გადადგა.

სიტყვა "ოკ" ამერიკის პრეზიდენტმა მარტინ ვან ბურენმა დაამკვიდრა, რომელიც ასევე იყო პირველი პრეზიდენტი, რომლისთვისაც ინგლისური ენა მეორე იყო. ის სახლში ჰოლანდიურად საუბრობდა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მადლიერების დღისადმი აღსანიშნავი სადილი, რომელიც თანამედროვე ამერიკაში ასეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თეთრ სახლში პირველად ჯეიმს პოლკის მეუღლემ - სარამ მოამზადა.

პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერდს არასდროს აუღია საპრეზიდენტო ხელფასი, - ის მას გაჭირვებულებს ურიგებდა.

1997 წელს ბილ კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად და მისი ინაუგურაცია, ინტერნეტ-ლაივით გადაიცემოდა, რაც ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე