გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"

გადაკვალიფიცირებული "კაბელების საქმე"

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმროს, დაახლოებით ორ თვეში დატოვებენ. არსებული ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავეა არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებს, საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 წლის ნაცვლად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით შეუფარდა. ამ ვადიდან მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა კიდევ 50 დღის განმავლობაში მოუწევთ. გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში მყოფ ბრალდებულთა დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუმცა, გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მაინც მიუღებელია ბრალდების მხარისთვისაც.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - პატიმრობაში მყოფი გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის, ნუგზარ კაიშაურისა და დავით წიფურიას - ადვოკატები, სოსო ბარათაშვილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებენ:

"2 წელზე მეტი ვიბრძოლეთ იმის დასამტკიცებლად, რომ გაფლანგვა არ არსებობს. მათ ერთი თეთრიც არ გაუფლანგავთ და ეს უკვე დადასტურდა. ასე რომ, ცხადია, არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და, საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება ჯგუფურად გამოიყენო რაიმე თანამდებობა. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ".

ნინო აღლემაშვილი, პროკურორი:

"გაუგებარია, რატომ შეცვალა სასამართლომ სისხლის სამართლის იმ მუხლის კვალიფიკაცია, რომელიც სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ითვალისწინებდა. შეუძლებელია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის და მტკიცებულებების ღრმა გაანალიზების შედეგი. მოცემულობა ასეთია, - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა არ გავაკეთებთ სხვა სახის შეფასებებს. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და მტკიცებულებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებებით.

"კაბელების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა. გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია "სილქნეტს" მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ისინი, გირაოს სანაცვლოდ, თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კვლავ დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე