სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისიდან სამხედროებისთვის ნორმატივების ჩაბარების პროცესი დაიწყება.

როგორც თავდაცვის უწყებაში, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ნორმატივების ჩაბარება, როგორც რიგით ჯარისკაცს, ასევე მაღალი რანგის სამხედროებს, მათ შორის პოლკოვნიკებსა და ზოგადად, ყველა რანგის სამხედროს შეეხება.

უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად თანამშრომელთა "მასობრივი შემცირება" იგეგმება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ნორმატივებს რამდენიმე მცდელობის მიუხედავადაც ვერ ჩააბარებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებს ნორმატივების ჩაბარების საშუალება რამდენჯერმე მიეცემათ.

"გაზაფხულიდან, კონკრეტულად, მაისიდან იწყება ნორმატივების ჩაბარების პროცესი. ახალი წესდების მიხედვით, სამხედროს, რომელიც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, 2 თვეში გადაბარების საშუალება აქვს და თუ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებს, 1 თვეში კვლავ აქვს შანსი ჩაბარების. თავდაცვის სამინისტრო, პირდაპირ, ერთი ხელის აღებით, არავის არ გაუშვებს სამსახურიდან. ნორმატივების ჩაბარება ეხება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით ყველა რანგის სამხედროს. ნორმატივების ჩასაბარებლად გაზაფხული იმიტომ შეირჩა, რომ ხალხს მიეცეს მომზადების საშუალება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

თუმცა, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების თქმით, თებერვალში თავდაცვის უწყებაში მასობრივი შემცირებები იგეგმება.

სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლის შოთა მათითაიშვილის განცხადებით, თებერვალში დაგეგმილი ფიზნორმატივების ჩაბარების დაწყებით, თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს უმტკივნეულოდ შეამცირებს.

"გაუშვებენ ყველას, ვინც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, ხოლო ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ხელმძღვანელობა, ვისაც უნდა, რომ პირადი შემადგენლობა "დაფერთხოს" და შემდეგ მოიყვანოს თავისი მეგობრები და ახლობლები. ბევრს კონტრაქტი ეწურება და მათ უბრალოდ, აღარ უგრძელებენ", - აცხადებს შოთა მათითაიშვილი.

აქვე უწყების თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროში შტატები ხელოვნურად იყო "გაბერილი" და ძალიან ბევრი თანამშრომელი, მხოლოდ ხელფასის ასაღებად დადიოდა. თუმცა, მთავარია, ოპტიმიზაცია სამართლიანად ჩატარდეს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"