სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"

სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი"

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელ "გივით" არის ცნობილი, დონეცკში ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი სეპარატისტული საიტი ავრცელებს. უკრაინულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ტერორისტ "გივის" დაჯგუფებამ ბოლო ბრძოლებში 40%-იანი დანაკარგი განიცადა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი "გივი", დონეცკის ჩრდილოეთით წარმოებული ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჭრილი იყო და გადარჩა...

მისი დაჭრის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ვერსიით, - "სწორედ მისმა დანაყოფმა გახსნა ცეცხლი ავდეევკაში და შეტევაზე გადავიდა. თუმცა, შემდეგ თავად განაცხადეს, რომ სროლები შეწყვეტილიყო, მაგრამ, 10-წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ცეცხლი ისევ განაახლეს", - იტყობინება 72 -ე ბრიგადის მეთაური, რომლის თქმითაც, მათი დანაყოფი შეტევაზე გადავიდა და რამდენიმე ბოევიკი დაიღუპა. დაიღუპა ტერორისტი, ზედმეტსახელად "კონსული", რომელიც ზემოთ ხსენებული "გივის" მოადგილე იყო. ასევე მძიმედ დაჭრილია მისი კიდევ ერთი თანაშემწე...

მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი", უკრაინისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ის 1980 წელს დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკშია დაბადებული... მეტსახელი "გივი", 1998-2000 წლებში დაირქვა, როდესაც უკრაინული "დესნას" სასწავლო ცენტრში მსახურობდა. ის ტანკის მეთაური იყო... მისივე თქმით, დედის მხრიდან ქართული წარმომავლობა აქვს. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სწორედ მის პატივსაცემად აარჩია სახელი - გივი.

ქართული წარმომავლობის ტერორისტმა სახელი ილოვაისკის ბრძოლებში გაითქვა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. იმავე წლის ოქტომბერში ვლადიმირ ჟირინოვსკის თხოვნით მიმართა, ე.წ. სახალხო აჯანყებულებისთვის, დაჭრილების გადასაყვანად,  ავტომობილები გამოეყო. რამდენიმე დღეში, ჟირინოვსკიმ მათ ორი "ნივა" გაუგზავნა... 2015 წლის მარტში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.

2016 ივნისში, უკრაინის სამხედრო პროკურატურამ მას რამდენიმე დანაშაულში დასდო ბრალი, - მათ შორის იყო, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა; ასევე, სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობა; ამ ბრალდებების საფუძველზე ტოლსტიხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ის ასევე მონაწილეობდა მოხალისეთა ჯგუფ "სომალის" ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რაიონების საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული... მოგვიანებით კი, "სომალი" ბატალიონად გადაიქცა, რომლის მეთაურიც "გივი" გახდა. 2014 წელს, აღნიშნული ბატალიონი, მისი მეთაურობით, დონეცკის აეროპორტთან განხორციელებულ ბრძოლებში ჩაერთო. იმ პერიოდში, კონკრეტულად, სექტემბერ-ოქტომბერში "სომალიმ" დიდი დანაკარგი განიცადა, ამიტომაც, მან საბრძოლო მოქმედებებში ბოლო რეზერვის - სატანკო ასეულის ჩართვის ბრძანება გასცა...

უკრაინული პრესის ინფორმაციით, ტერორისტი "გივი" დაოჯახებული არ არის. მისი საყვარელი სპორტული სახეობებია ფეხბურთი და კრივი, რომლითაც ადრე იყო გატაცებული. ამბობს, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელია პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

დაჯილდოვებულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯილდოებით, მათ შორის, წმინდა გიორგის მედლითა და ჯვრით; ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დნრ) გმირის ორდენით.

ამ დროისთვის, სეპარატისტული მხარე არ აკონკრეტებს, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკა სიფრთხილეს იჩენს, რადგან იციან, რომ ტერორისტ "გივის" თავისი "ბეგრაუნდის" გამო, ძალიან ბევრი მტერი ჰყავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე