ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს

ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს

დასავლური მედიის ინფორმაციით, ბოლო ხანებში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები რამდენჯერმე შეიცვალა. ამერიკისა და ნატოს მხრიდან ურთიერთობების დათბობის სურვილის გამოხატვის მცდელობას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რუსეთის მხრიდან ადექვატური პასუხი ერთხელ არ მოჰყოლია...

რამდენიმე დღის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი და აშშ-ის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ "ძალის პოზიციიდან" რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე".

სტოლტენბერგის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მეტისს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ "ამერიკა ნატოსა და ტრანსატლანტიკური კავშირის ერთგული რჩება".

გენერალური მდივნის თქმით, ახალი ადმინისტრაციის მესიჯი ასეთია, - მას სურს დიალოგი რუსეთთან "ძალის პოზიციიდან". არადა, არც ისე დიდი ხნით წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების განვითარება. ხოლო ნატოს "მოძველებული" უწოდა, თუმცა, ასევე  აღნიშნა, რომ ალიანსი მისთვის კვლავ "ძალიან მნიშვნელოვანია"...

არადა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების იმედს გამოთქვამდა. მაშინ ის ამბობდა, რომ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე უშუალო საფრთხეს ვერ ხედავდა.

"ჩვენ ვხედავთ, უფრო აქტიურ რუსეთს, სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვან ზრდას, თუმცა, ვერ ვხედავთ უშუალო საფრთხეს. ნატო შესაბამისად რეაგირებს და სწორედ ამიტომ, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში პირველად განვათავსეთ სამხედროები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთთან კონფრონტაციისკენ. პირიქით, სრულებით არ გვსურს ახალი ცივი ომი. ამიტომ ვუთავსებთ ერთმანეთს ძალასა და მტკიცე მიდგომას დიალოგის ღია არხების საშუალებით", - აცხადებდა გენერალური მდივანი "ბიბისისთვის" მოცემულ ინტერვიუში.

დასავლური მედია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "დასავლეთი რუსეთთან კეკლუცობით დაიღალა".   

"ამერიკის ხმა" აქვეყნებს მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის გამოსვლიდან, რომელიც საუბრობს თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.

მადლენ ოლბრაიტი, 30 იანვარს, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში ამერიკის როლზე ისაუბრა, სადაც მან საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვის გარდა, რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი "კაგებეს" ყოფილი აგენტია.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, მოსკოვის მიმართ "ძალის დემონსტრირება" სწორი მიდგომაა.

"რუსეთი იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის საბჭოთა კავშირი ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ, ვცდილობდით, გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. ცხადია, ყველაფერზე ვერ შეთანხმდებით, მაგრამ აუცილებელია გაარკვიო, რაზე თანხმდები და რაზე არა... სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი, - მან მკითხა, თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო... მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ ნატოს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო", - ამბობს ოლბრაიტი.

ოლბრაიტის თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს, მაშინ, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

"პუტინი ხელისუფლებაში, რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს მოვიდა. ის ცდილობს, რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მას პოპულარობაში ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმაციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ევროპის არაერთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას იწვევს... მკაფიოდ უნდა ვთქვათ, არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას, რადგან ისინი არ ასრულებენ პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა".

მადლენ ოლბრაიტის თქმით, ამერიკას რუსეთთან ურთიერთობებში სიფრთხილე მართებს. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათიის ჩამოყალიბება მთავარი პრინციპი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას სანქციების გაუქმება სურს და ამ აზრს ევროპელთა გარკვეული ნაწილიც იზიარებს... "რუსეთი სხვა სივრცეშია და ჩვენ - სხვაში. ამერიკის არაერთმა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად, ბუშმა. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და იმაზე არ უნდა ვიყოთ მომართული, მოვეწონებით თუ არა მათ", - ამბობს ის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE