აფხაზების რეაქცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე

აფხაზების რეაქცია საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე

როგორც კი ქართული საზოგადოებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი სიახლის, ვიზალიბერალაზაციის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინვე გაჩნდა კითხვები, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონიდან - შეძლებენ თუ არა ამ შეღავათით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები.

არადა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არაერთხელ დაანონსდა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს იგივე შეღავათები ექნებათ, "გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკული შედეგის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

"ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენი ამოცანაა, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად (რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა) ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრი სხვა სარგებელიც ახლავს,"- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ:

"ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები. ვაპირებთ კამპანიას და ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, მაგრამ ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გავხადოთ პროცედურული დეტალები და ეს მალე ხელმისაწვდომი გახდება".

2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით უკვე გამოეხმაურა:

"ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება" - წერია განცხადებაში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, აფხაზეთის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართვის თბილისის მორიგ მცდელობად აფასებენ.

"ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. თუმცა, უდავოა, რომ თბილისის ეს ახალი მცდელობა განწირულია ჩასავარდნად. თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა მართლა ღელავს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებაზე, უარი თქვას საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკისგან, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური მხარე იმავე განცხადებაში, ევროპულ სტუქტურებსაც მოუწოდებს, უარი თქვან ქართული მხარის პოლიტიკის მხარდაჭერისგან და დეიზოლაციის მიმართულებით რეალური ზომები მიიღონ...

საქართველოსთვის 2 თებერვალს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება აქტიური საგანი გახდა აფხაზურ სოციალურ ქსელებში... ერთი ნაწილი პათეტიურად ამტკიცებდა, რომ ეს სიახლე აფხაზების პატრიოტიზმისა და ღირსებისთვის "ლაკმუსის ქაღალდი" იქნებოდა; კერძოდ, საუბარია იმ კატეგორიაზე, ვინც "საქართველოში გრძელვადიანი მკურნალობის მიზეზით ქართული პასპორტი აიღო."

თეიმურაზ სუხუმსკი: "მე ის ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ეს ჩვენს მიერ მოგონილ-შელამაზებული კავკასიური ერთობა, ძმობა და თანადგომა, რომელსაც წლებია სადღეგრძელოსავით ვამბობთ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა... ამასობაში კი, ქვეყნები ვითარდებიან, წინ მიდიან, კანონებს იღებენ და ცივილიზაციას უახლოვდებიან. საქართველო ვიზალიბერალიზაციას ზეიმობს, ჩვენ კი, რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი პასპორტების აღებას. ჩვენთანაც ხომ აღიარეს რამდენიმე წლის წინ აფხაზური პასპორტები და რა შეიცვალა ამით ქვეყნისთვის, თავად განსაჯეთ!.."

ფატიმა დარსალია: "ძალიან სასაცილოა ქართული მხარის ვითომ კეთილგანწყობა ჩვენს მიმართ. თავად იმის ეშინიათ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცლება... ყოველი მეორე ქართველი ამას ამბობდა - ისედაც გარბოდნენ ახალგაზრდები ქვეყნიდან და ახლა საერთოდ არავინ დარჩებაო... იქნებ შეგვეშვან და თავიანთ პრობლემებს მიხედონ. დადგება დრო და აფხაზეთი დამოუკიდებლად მიიღებს ამ სტატუსს..."

ირაკლი კვარაცხელია: "მაინტერესებდა, რას დაწერდა ის ხალხი, ვინც უკვე იყო საქათველოში და ვიცი, რომ ქართული პასპორტები აიღო, სხვასაც ურჩევდნენ ამის გაკეთებას, ვიღაცები დათანხმდნენ, ზოგი ყოყმანობს და შესაძლოა, ეს მათთვის ბიძგი გახდეს... როდესაც საქმე ძვირფასი ადამიანის ჯანრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ვერავის მოსთხოვ, მასზე წინ რამე ან ვინმე დააყენოს, - ერთის მხრივ, არ მინდა სისუსტე გამოვიჩინოთ ამაყმა აფხაზმა ერმა, რომელმაც წლების განმავლობაში წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, კანონი, როგორც ასეთი, არ არსებობს, საგზაო მოძრაობის დაცვასაც კი მივაღწიეთ და სისხლის ანალიზის ასაღებად, საქართველოში გავრბივართ... ამიტომ, მესმის იმ ადამიანების, ვისაც თვალი ენგურისკენ უჭირავს. თავს ნუ მოვიტყუებთ. ასეთები არიან და არც ისე ცოტა..."

მერაბ კვარცია: "მთელმა აფხაზეთმა იცოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ... ეს ნიშნავს, რომ ინტერესი არის და ამაში, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც ვერ შეძლო საერთაშორისო არენაზე რუსეთისხელა სახელმწიფოს მხარდაჭერა მის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ევროპის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაერღვია... მხოლოდ სავარძლები აინტერესებთ. ამიტომ შედეგებითაც ნუ გაოცდებით."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე