ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა...

ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა...

რამდენიმე დღეა ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ის გასული წლის 8 ივნისს, სოფელ მერეთის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა კი, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის შესახებ, რომელსაც მათივე ინფორმაციით, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოსური მხარის განცხადებით, დაკავებული 2004 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის "თავდაცვის ჯგუფში".

"ასევე, დაკავებულ გიუნაშვილს, ბრალად ედება, 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქება სოფელ ხელჩუაში. აგრეთვე, მან 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ, რა დროსაც, ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გიუნაშვილი, ოკუპირებულ სოფელ დისევიდან დევნილია და დაკავებამდე ოჯახთან ერთად, ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ. მათი თქმით, 2008 წლის 11 აგვისტოს გიუნაშვილი ცეცხლს ვერ გახსნიდა, რადგან იმ დროისთვის სოფელი უკვე დატოვებული ჰქონდა და რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ შესულები.

ოჯახის წევრთა თქმით, - გიორგი, სოფელ მერეთის სიახლოვეს მავთულხლართებთან ახლოს იმ დროის დააკავეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სანახავად დისევის ტერიტორიაზე გადავიდა. სწორედ ამ დროს, მასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ.

ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების ინფორმაციით, გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ გიორგი ნაცემია.

"საკუთარი სახლისთვის თვალის შესავლებად გადავიდა... რა ტერორიზმზეა ლაპარაკი. საერთოდ, იცი ამ ბიჭმა ტერორიზმი რას ნიშნავს?.. "საზღვრის" გადაკვეთის მიზეზით, ლამის ყოველდღიურად იჭერენ აქ ადამიანებს. ისინი, საკუთარ სახლებს მავთულხლართების მიღმა უყურებს, ხანდახან მაინც შეიპარებიან საკუთარ სახლებში და თუ რუსმა მესაზღვრებმა  წააასწრეს, მაშინვე მიჰყავთ... ძალა აღმართს ხნავსო, ისე ვართ ახლა ჩვენ, - უნდა ვუსმინოთ და თავი ვუქნიოთ იმათ, რადგან ვერაფერს ვამტკიცებთ, არავინ არაფერს გვეკითხება და არც აინტერესებთ. ჩაიგდეს ბიჭი ხელში და მხეცებივით ექცევიან... ვიცით, რომ ძალიან მაგარი ნაცემია... "წითელი ჯვრის" საშუალებთ ჰქონდა ოჯახს მათთან ურთიერთობა, გიორგი ორ-სამ სიტყვას თუ იწერებოდა იქიდან, მაგრამ ისიც იმედი იყო ოჯახისთვის. ..საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი გვაქვს"- ამბობს გიორგის ოჯახის ახლობელი.

დაკავებულის მეგობრის ვასილ ოქროპირიძის თქმით, ყველა ბრალდება შეთითხნილია და ოსური მხარე სრულ აბსურდს ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი გიუნაშვილისთვის 20 წლით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ წაყენებული ბრალდებები, გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია.

მომხდართან დაკავშირებით უკვე საქმის კურსშია ყველა სახელმწიფო უწყება, ახლა საქმის დეტალების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება უნდა მოხდეს.

გიუნაშვილის დაკავებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.  სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გიორგი გიუნაშვილის გასათავისუფლებლად პარტნიორებთან მუშაობას კიდევ უფრო გაააქტიურებს.

სოფელ დისევის მცხოვრები გიორგი გიუნაშვილის ბედი, დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 7 თებერვალს გაიმართება.

"პრაღაში შეხვედრა მექნება ევროპელ კოლეგებთანაც და აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, რა პრობლემებს ვაწყდებით თითქმის ყოველდღე. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი განსახილველად მზადდება ჟენევის ფორმატის ფარგლებშიც… ეს ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტია, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო ბერკეტები ამ ადამიანის გადასარჩენად" - განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. სასამართლომ განაჩენი 3 თებერვალს გამოიტანა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე