მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად

მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად

სხვადასხვა დროს ქართველი სამხედროები სხვადასხვა მასშტაბით იყვნენ (და არიან) ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი ჩართულია მხოლოდ ორ სამშვიდობო მისიაში: ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელ მისიაში (EUTM-მალი).

სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩვენს ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, პროფესიული და კარიერული ზრდა მართლაც სჭირდებათ. როდესაც რეალურ საბრძოლო პირობებში უხდებათ სამხედრო დავალებების შესრულება, ასეთი მისიები ძალზე მნიშვნელოვანია.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიებში

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი).

1999 წლიდან კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული (34 სამხედრო მოსამსახურე) იღებდა მონაწილეობას ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში. 2003 წლიდან კი, ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი.

2003 წელს, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, ქართული საინჟინრო ოცეული, სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) ერაყში, ქალაქ ტირკიტში გაემგზავრა.

კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი, მისიის შესრულება, 850-მა ჯარისკაცმა განაგრძო. 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყში სამშვიდობო მისიით ქალაქ ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) III ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი 2004 წელს გაიგზავნა.

"აისაფის" (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაძლიერებული ქვეითთა ოცეული (50 სამხედრო მოსამსახურე) 2004 წელს გაიგზავნა. ოცეული მისიას გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

2009 წლის ნოემბერიდან 2012 წლის იანვრამდე ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა...

2014 წლის მარტიდან ოცეული ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. თითოეულმა ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ამბოხებულთა საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. ყანდაარის პროვინციაში კი ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში, 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის ივნისამდე ასრულებდნენ.

2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა...

2012 წლის ოქტომბერში, ავღანეთში, დამატებით გაიგზავნა კიდევ ერთი ბატალიონი. შესაბამისად, ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1600-ს მიაღწია... 2015 წელს "აისაფის" მისიის ფორმატი შეიცვალა და მტკიცე მხარდაჭერის მისიით გაგრძელდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.

2014 წლის 15 დეკემბრიდან, მე-4 ბრიგადის ნაკრები ასეული გაემგზავრა მაზარ-ი- შარიფის პროვინციაში, რომელმაც მისია გერმანული კონტიგენტის დაქვემდებარებაში შეასრულა და როტაციის წესით ჩაანაცვლეს 32-ე ქვეითი ბატალიონის A, 32-ე ქვეითი ბატალიონის B და მე-2 ბრიგადის ნაკრებმა ასეულებმა.

სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხდება.

ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებისგან, თუმცა, ქართული სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა სამხედრო დანაკარგებიც. ბოლო მონაცემების მიხედვით, (2015 წლის დეკემბერი) 2010-2015 წლებში ავღანეთში 200-მდე ქართველი მეომარი დაიჭრა, 31 ჯარისკაცი კი დაიღუპა; ერაყში დაიღუპა 5 სამხედრო (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, 2015).

მოხალისეები და კერძო კონტრაქტორი სამხედროები

სამშვიდობო მისიების კვალდაკვალ, ქართველები, როგორც მოხალისეები, ასევე, პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზებით არაერთ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტში იყვნენ და არიან ჩაბმული). მათ შორის, უკრაინაში, სირიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

2014 წლიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში, არაერთი ქართველი სამხედრო მოხალისედ ჩაეწერა. არსებული ცნობებით, უკრაინაში 20-მდე ქართველი დაიღუპა. არიან ისეთებიც, ვინც უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძვის.

რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძოდა სირიაში ტერორისტების მხარეს. წლების განმავლობაში, ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს რიგებში ბრძოლას პანკისის 26 მკვიდრი შეეწირა. გამორჩეულად ხმაურიანი იყო, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, რომელიც "წითური გენერლის" მეტსახელით იყო ცნობილი... მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი გახდა, ვითარება შედარებით შეიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ორმა "მი 24-ის" ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ... არსებობს კითხვა, როდის, როგორ და რამდენი ქართველი სამხედრო დაფრინავს აფრიკულ ცაში და როგორ მოხვდნენ ისინი იქ?.. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს, პირადად დაუკავშირდა კონგოს სამხედრო საჰაერო ძალებს, რომელთაც კარგად მომზადებული კადრები სჭირდებოდათ, ქართველ მფრინავებს კი, - სამსახური... ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანის - სამხედრო მფრინავის მაიორ ვეფხვია მსხვილიძის თქმით, მას მუდმივი ურთიერთობა აქვს იქ დარჩენილ ქართველებთან. "იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - ამბობს ვეფხია მსხვილიძე.

უფრო მეტ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პილოტის მომზადება მილიონები ჯდება, სამხედრო მფრინავების მომზადება კი - ბევრი მილიონი...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე