ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."

ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."

"აქედან ერთ კილომეტრში ცხინვალია" - მითხრა ნიქოზელმა მოხუცმა და თითით მიჩვენა დასახლებული ადგილები, რომელიც არც ისე შორს მოჩანდა... 2008 წლის ომამდე, ყველაფერზე აქეთ გადმოდიოდნენ და წირვა-ლოცვასაც აქ ჩვენს ტაძარში ესწრებოდნენ, ბოლო წლებში, რაც მავთულხლართები გაავლეს, ყველაფერი ჩაიკეტაო, მითხრეს. არადა, ძალიან ბევრ მათგანს, თითქმის მთელ სოფელს, ნათესავები და ახლობლები ჰყავს ცხინვალში, მაგრამ ბოლო დროს, მათთან კომუნიკაციას მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ოსი ახლობლებიც ერიდებიან...

"ცხინვალის ხელმძღვანელობა სახელის გამოცვლას აპირებს, თქვეს, თითქოს სხვა საქმე არაფერი ჰქონდეთ... რაც ვიცით, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, არაფერი იქ არ მუშაობს. აქ სოფლის სტადიონზე, ახალგაზრდები და ბავშვები იკრიბებოდნენ სათამაშოდ, მაგრამ რამდენჯერმე ბიჭებს დაავლეს ხელი და "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით ცხინვალში გადაიყვანეს...", - ამბობს ნიქოზელი მოხუცი ქალი, რომელის თქმითაც, უკიდურესად მძიმე დგომარეობიდან გამოსავლად ცხინვალელი ოსები რუსეთთან უფრო მეტ დაახლოებას მიიჩნევენ... 

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელის გამოსაცვლელად ემზადება. ე. წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს, საღამოს, ხელი მოაწერა განკარგულებას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და გადაწყდა, რომ რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

"სამხრეთ ოსეთში", ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, სამომავლოდ ალანიის გაერთიანებული რესპუბლიკის დაარსებას რუსეთის შემადგენლობაში ერთობლივად დამკვიდრების პერსპექტივად განიხილავენ...

ლეონიდ თიბილოვის ინფორმაციით, - როდესაც განკარგულებას აწერდა ხელს, ის ოსი ხალხის ისტორიული მეხსიერებითა და ძალიან დიდი ხნის სურვილით ხელმძღვანელობდა - დაებრუნებინათ "ალანიის სახელმწიფო". სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ უკვდავ სახელს - ალანიას - ისინი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ძმურ რესპუბლიკასთან - ჩრდილოეთ ოსეთთან - ძმურად იზიარებენ და როგორც 1994 წლის შემდეგ გაჩნდა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ასევე დაარსდება აპრილის რეფერენდუმის შედეგად სამხრეთ ოსეთი-ალანია...

ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე ტამერლან ცომაევის თქმით, "ახლო პერსპექტივაში ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია. ამიტომ, გაუგებარი სიტუაციების თავიდან ასაშორებლად, სახელი ოსეთის სამხრეთ ნაწილსაც უნდა გადაერქვას და მისი სახელი უნდა იყოს "სამხრეთ ოსეთი-ალანია". ასეთ შემთხვევაში ყველა შეკითხვა გაქრება. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებული ოსეთი უნდა იყოს. მას, უბრალოდ, უნდა ერქვას რესპუბლიკა ოსეთი-ალანია".

მართალია, ცხინვალელი და ვლადიკავკაზელი ოსების ერთი ნაწილი ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა, ისიც უნდა ითქვა, რომ თავად ამ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში. ეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დამკვიდრების სამომავლო პერსპექტივად განიხილება.

ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის განზრახვას აპროტესტებენ თბილისში და მას რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევენ.

7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აპრილისთვის დანიშნულ რეფერენდუმს სრულიად უკანონოდ მიიჩნევს და  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, "გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ, მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად".

თბილოვის მიერ გახმოვანებულ ინიციტივას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ "პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია..." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე