რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა

რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, მან აღიარა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს დეკემბრის ბოლოს არასრული ინფორმაცია მიაწოდა და მომხდარის გამო დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა.

"პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს გულწრფელ ბოდიშს ვუხდი," - ნათქვამია ფლინის განცხადებაში. მაიკლ ფლინსა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა. თავდაპირველად, ყოფილი არმიის გენერალმა უარყო ინფორმაცია, რომ საუბარი სანქციებს ეხებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. მოგვიანებით, ფლინმა აღნიშნა, რომ სანქციების საკითხი კვლავ განხილული იქნებოდა...

მაიკლ ფლინს გენერალი ჯოზეფ კელოგი ჩაანაცვლებს. გადადგომამდე მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე იმის გამო, რომ მოვლენები სწარაფად ვითარდებოდა, უნებლიედ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ელჩს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, გენერალი ჯოზეფ კეიტ კელოგი გახდება, რომელსაც მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მან ჯარში 30 წელზე მეტი იმუშავა. იგი მსახურობდა ვიეტნამში, კამბოჯაში, პანამისა და სპარსეთის ყურეში.

ფლინის გადადგომას, რუსეთის უკმაყოფილება მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის ალექსეი პუშკოვის თქმით, შესაძლოა, ამ ფაქტმა სერიოზულად იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე. ცოტა ხნით ადრე, Fox News წერდა, რომ მაიკლ ფლინმა ბოდიში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსაც მოუხადა, ამერიკაში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან ურთიერთობის გამო. ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერს, ფლინი რუს დიპლომატს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა. საქმე ის არის, რომ ფლინსა და კისლიაკს შორის ურთიერთობა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. 29 დეკემბერს, როგორც კი ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთა განცხადება, ფლინსა და კასლიაკს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

ამერიკელი სენატორების თქმით, ასეთი დისკუსია უხეშად არღვევს შეერთებული შტატების კანონს, რომლითაც კერძო პირებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან საგარეო-პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკება.

ბოლო ხანებში, ალექსეი კისლიაკის საუბრებიდან გამომდინარე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკა რუსეთის სანქციების მიმართ შემწყნარებლური იყო, - მეტიც, ის ხშირად საუბრობდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმებაზე, რასაც ამერიკული პრესა სწორედ ფლინისთან საუბრებს უკავშირებს. კერძოდ, ის რუს დიპლომატს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სანქციების გადახედვას ჰპირდებოდა, თუმცა, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრის პესკოვამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ფლინსა და კისლიაკს კონკრეტულად სანქციების გაუქმებაზე არ უსაუბრიათ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მართლაც განიხილავდნენ ამ თემას, თუმცა ეს კრემლს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა.

2015 წლის ტელეკომპანია RT 10 წლისადმი მიძღვნილ მიღებაზე, მაიკლ ფლინი ვლადიმირ პუტინის ხელმარჯვნივ იჯდა, ამაზე ამერიკულმა პრესამ მაშინ ბევრი იქილიკა...

ცოტა ხნის წინ, დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფლინი ტრამპის აბსოლუტური ნდობით სარგებლობდა და შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის ერთგულ მხარდამჭერად ითვლებოდა, მაგრამ ტრამპის გუნდის ზოგ წევრებში, რუსეთთან მისი ზედმეტად ახლო ურთიერთობა შეშფოთებას იწვევდა და შიდა განხილვის საგანიც არაერთხელ გამხდარა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე