"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში

"შავნაბადას" პირველი სადესანტო ოპერაცია აფხაზეთში

არის განსაკუთრებით მძიმე დღეები, რომელსაც მრავალომგამოვლილი სამხედროებიც კი, წლების შემდეგ მძიმედ იხსენებენ... მით უფრო, თუ ეს მათივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. გთავაზობთ, ფრაგმენტს "შავნაბადას" ყოფილი მებრძოლის, ზვიად ჩადუნელის ჩანაწერებიდან, - როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში:

მეომრის ჩანაწერებიდან, - "განთიადიდან შებინდებამდე"

"ზაფხულის გრილი საღამო იდგა. ზღვიდან ჩამოსული ნიავი და სუსტი ტალღები ნელ-ნელა არწევდა არც ისე დიდი ზომის გემს, "ბარჟას" (პატარა სადესანტო კატარღა), რომელზეც რამდენიმე სამხედრო ვიმყოფებოდით. (მაშინ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სულ 3 თუ 4 ბარჟა იყო...) მთელი დღის ნავარჯიშევი გემბანზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე... ჯარისკაცებს შორის, კარგა ხანს ისმოდა იარაღის ჟღარუნი და გადალაპარაკებები, მაგრამ მალე ეს ხმებიც შეწყდა და გარშემო უკაცრიელი სიჩუმე და ღამის ბინდს, მხოლოდ გემიც ძრავის ხმა არღვევდა.

ამ ძრავის ხმაც თითქოს სასიამოვნოდ ხვდებოდა ყურს. ბავშვობას მახსენებდა, - სანაპიროდან საღამოობით თვალს ვადევნებდი ხოლმე მეთევზეთა გემებს, როგორ სერავდნენ ზღვის ჰორიზონტს და შემდეგ სივრცეში უჩინარდებოდნენ...

უცებ ტალღის ხმამ გამომაღვიძა, - გემის კედლებს ეხეთქებოდნენ და ჰაერში წვრილ წვეთებად იფანტებოდნენ... არ ვიცოდი, რა დრო იყო, მზე ჯერ ძლიერად არ აჭერდა. სასიამოვნო დილა იდგა. მაღლა თოლიების გუნდი ირეოდა და საამოდ ჭყიოდნენ. ხმელეთიდან წამოსული აკაციის სურნელსაც ვგრძნობდი... ალბათ ადამიანური თვისებაა, როდესაც მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, გარემოს აღქმა ერთი-ორად გიმძაფრდება.  

გემბანზე სრული სიწყნარე იდგა, მიუხედავად იმის მოლოდინისა, არ ვიცოდით, ვინ და რა გველოდა წინ. აი, ისეთი სიტუაცია იყო, - ზვავის წინ რომ სიმშვიდე დაისადგურებს... ასეთი სიმშვიდე, მუდამ თან სდევს მოახლოებულ სამხედრო ოპერაციას. "შავნაბადას" მებრძოლები ხმელეთზე გადასასვლელად მზად იყვნენ.

ოპერაცია მარტივი ჩანდა, - თუკი მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის წერტილი არ იქნებოდა. როდესაც ბარჟა  ხმელეთამდე მიცურდებოდა, "ცხვირი" გაიღებოდა და ასე მოხდებოდა ქვედანაყოფის ხმელეთზე გადასვლა... ბარჟა ღრმა იყო და შიგ მყოფებმა არ იცოდნენ და ვერც ხედავდნენ, რაც მათ გარშემო ხდებოდა, ხმელეთზე გადასვლა კი მხოლოდ წინა ცხვირის გახსნის შემდეგ იყო შესაძლებელი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, სამხედროებმა, ერთმანეთის მიყოლებით, ყოველი შემთხვევისთვის გადავტენეთ იარაღი, მჭიდები შევამოწმეთ, ერთმანეთს მზერით შევუთანხმდით დეტალებს და გავისუსეთ, - ეს იყო ბრძოლის წინა სიმშვიდე...

ხმელეთამდე რამდენიმე მეტრიღა რჩებოდა, თითქოს ერთი ამოსუნთქვა იყო საჭირო იმისთვის, რომ ფეხქვეშ მიწა გვეგრძნო, მაგრამ ამ დროს პირველი გასროლაც გაისმა, - ნაპირიდან ჩვენი მიმართულებით ტყვიების ნაკადი წამოვიდა.

არ ვიცი, რა აზრები ტრიალებდა იმ წუთას ჩვენი ბიჭების გონებაში. არც ის მახსოვს, თავად რაზე ვფიქრობდი, არც გვქონდა რამეზე ფიქრის დრო ... ერთი რამ ნათელი იყო, - ხმელეთზე მყოფ მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკება გარდაუვალი ჩანდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ შიშს არავინ იმჩნევდა, პირიქით, - თითქოს გააფთრებული ბრძოლის დაწყება ეჩქარებოდათ... სროლა გახშირდა. ამჯერად ტყვიების ნაკადი ბარჟის ცხვირმა აისხლიტა, ის ხომ ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი...

ეს იყო სამხედრო-სადესანტო ოპერაციის დასაწყისი აფხაზეთში, ჩვენ გაგრა-ლესელიძის მონაკვეთში ვიმყოფებოდით... ორმხრივი სროლებისას, ბარჟიდან  გადმოსვლის დროს, ერთი ბიჭი დაგვეჭრა, რომელიც მაშინვე  უკან შევაბრუნეთ. როგორც კი ჩვენი გადმოსვლა დასრულდა, ბარჟა მაშინვე ფოთისკენ გაეშურა...

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო..."

ლალი პაპასკირი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე