მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამწვავდა ვითარება მთიან ყაბარაღში. მხარეები სიტუაციის ესკალაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში, როგორც წესი, ერთმანეთს ადანაშაულებენ...

ყარაბაღის თემას ეხმაურება, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დაცვასა და საგნობრივი მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია, მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან განახლდა. აზერბაიჯანის მხარის განცხადებით, იმ ღამეს მათ სომეხი სამხედროების თავდასხმა თავიანთ ტერიტორიაზე მოიგერიეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მხრიდან ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი დივერსიის მოწყობას აზერბაიჯანული მხარე ცდილობდა.

ეუთოს იმ ჯგუფის ინფორმაციით, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე 1992 წლიდან მუშაობს, დაღუპული სამხედროების ცხედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და არა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად პოზიციებზე. საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედროების გადასვენება აზერბაიჯანში საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით განხორციელდა.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, მათ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებიათ. როგორც აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ოპოზიციონერები წერენ, რომ ყარაბაღის ომი მათი ქვეყნის ხელისუფლებებს ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური ვითარების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.

ბოლო დროს, კონფლიქტის ზონაში მოწინაღმდეგე პოზიციებიდან სროლებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ბოლოს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2016 წლის აპრილში დაიძაბა, რაც ორივე მხარისთვის მსხვერპლით დასრულდა. 4-დღიანი შეტაკებებისას რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა...

შარშან სომხური მედია წერდა, რომ მხარეებს იარაღით რუსეთი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი რუსული იარაღის მთავარი იმპორტიორია. 2010-2014 წლებში მოსკოვმა და ბაქომ არაერთი კონტრაქტი გააფორმეს ვერტმფრენების, საზენიტო სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და სხვა სახის შეიარაღების ყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. სომხეთმა კი მხოლოდ 2013 წელს 16 მილიონ დოლარად რუსული იარაღი იყიდა...

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით იყო წარმოებული, წარუმატებელად მიიჩნევა და  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე