სომხეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვის

სომხეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვის

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემა სომხეთისთვის საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის წინაპირობა გახდა. 2017 წლის 2 თებერვალს, როდესაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, სომხეთმა გადაწყვიტა ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის გადაეხედა.

როდესაც სომხური მედიის დიდი ნაწილი რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების გზებზე საუბრობს, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ევროსაბჭოს მიმართ ძალზე გახსნილად და თბილად ალაპარაკდა. კერძოდ, მან და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. სარგსიანმა ევროკავშირს "ერებს შორის ცივილური თანამშრომლობის მაგალითი" უწოდა. თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი სომხეთის პირველი სავაჭრო პარტნიორი, პირველი საერთაშორისო დონორი და რეფორმების ძლიერი მხარდამჭერი იყო". მისივე თქმით, ახალი შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა უკვე დაასრულეს მოლაპარაკებები და ხელს სავარაუდოდ, 2017 წლის მაისში მოაწერენ.

საქმე ის არის, რომ წინა წლებთან შედარებით ამ ინიციატივას მოსალოდნელზე ნაკლები გაოცება მოჰყვა; არადა, 2013 წელს, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ამან სომხურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ერთი ნაწილი ისევ ევრაზიული ინტეგრაციის პროექტს ანიჭებდა უპირატესობას. ახლა კი სომხეთში მიიჩნევენ, რომ გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა, EAEU-ის წევრობის მიუხედავად, ის ევროპულ კურსზე უარის თქმას არ აპირებს, მთავარია, - როგორც სომხური მედია წერს, - ქვეყანამ ევროპასა და ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობა ქვეყნის ინტერესების დაუზიანებლად დააბალანსოს. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას..

სომხური მედიის მოსაზრებით, ქვეყანას ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისთან ერთად, რამდენიმე ძალზე რთული პრობლემა აქვს, - მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი და სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობები და ორივე მათგანის "კვანძი" რუსეთშია. სომეხი ჟურნალისტების თქმით, ამით, განსაკუთრებით პირველი საკითხის მიმართ, მათი მოკავშირე რუსეთი საკმაოდ ხეირობს და არც მისი მოგვარებით არის დაინტერესებული, რაც ბოლო დროს აშკარა გახდა...

არსებულ ვითარებაში, სომხეთის პოლიტიკური ელიტის პოზიცია ე.წ. კომპლემენტარიზმის ანუ დაბალანსებისკენ იხრება, რაც როგორც რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს, ასევე ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებასა და მათი მთავარი პრინციპების ქვეყანაში დანერგვას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ აქამდე სომხურ პოლიტელიტაში, შეთანხმება არსებობდა - აუცილებელი იყო უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა, ამავდროულად, სომხეთს უნდა ჰქონოდა განვითარებისა და მოდერნიზაციის მოდელი, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს შეეძლო.

სარგსიანისა და ტუსკს შორის თბილი საუბრების მიუხედავად, სომხური საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ მათი ქვეყნის ხელისუფლება ორივე მხარესთან წარმატებით ითანამშრომლებს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რუსეთის ფაქტორს ასახელებენ. მათივე თქმით, სხვა თუ არაფერი, პუტინი არ დაუშვებს, რომ სამხრეთი კავკასიის მის ერთ-ერთ საყრდენ ქვეყანაში რუსეთის პოზიციები შესუსტდეს.

1999 წელს ევროკავშირმა და სომხეთმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რამაც სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კულტურა, თანამშრომლობას საფუძველი ჩაუყარა. 2001 წელს სომხეთი ევროპის საბჭოს წევრი გახდა. თუმცა, შემდეგ სომხეთმა ევროკავშირთან დასაახლოვებლად სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, 2004 წელს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში ჩართვაც გადაწყვიტა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო, - ის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებში ჩაერთო, რომელიც 2013 წლის ივლისში დასრულდა. 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეთანხმების ხელმოწერის პარალელურად, ევროკავშირი-სომხეთის შეთანხმების პარაფირება უნდა მომხდარიყო.

თუმცა, შემდეგ ქვეყანაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, - 2013 წლის 3 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს შეუერთდება, საუბარი იყო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე. სომხეთის პირველი პირის მტკიცებით, ევროკავშირთან ეფექტური თანამშრომლობა შეუძლებელი იყო. მისი პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა ბრიუსელისთვის და თავად სომხური მოსახლეობისთვის.

2013 წლის 3 სექტემბრამდე სომეხმა მაღალჩინოსნებმა სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირიდან გამოიყვანეს. მოგვიანებით, იმ ეკონომიკურ სარგებელზე გააკეთეს აქცენტი, რომელიც სომხეთს EAEU-სგან ექნებოდა. ამით ერთი რამ ცხადი გახდა, - მაშინ სომხეთის არჩევანი ევრაზიულ პროექტთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებით იყო გამოწვეული.

სომხური მედიის თქმით, ბოლო წლებში რუსეთთან დაახლოების მთავარი არგუმენტი ყარაბაღის კონფლიქტი იყო, - რუსეთის მას იაფად აწვდიდა იარაღს; ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები, რაც სომხეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ამას ემატება რუსეთის ეკონომიკასთან ბმა, რომელიც სათავეს 2000-იანი წლებიდან იწყებს და პირდაპირ აისახება ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებზე. კიდევ ერთი, რაც სომხეთს რუსეთთან მჭიდროდ აკავშირებს, - უმუშევრობის ფონზე რუსეთში წასული სომხების რაოდენობაა და კიდევ, - რუსული პროპაგანდის მანქანა თავის საქმეს სომხეთშიც წარმატებით ასრულებს. რუსეთის მიმართ ბოლო წლებში დაგროვილი უკმაყოფილების მიუხედავად, პუტინის ხელისუფლების თამამ კრიტიკას მხოლოდ ძალიან გაბედულები რისკავენ.

მართალია, ბრიუსელმა ერევანს კიდევ ერთი შანსი მისცა და დაანახა, რომ სომხეთის რთული არჩევანი მისთვის გასაგებია, მაგრამ სომხეთში ევროკავშირის გავლენების გაძლიერებას, ისევ და ისევ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. ამავდროულად მიიჩნევენ, რომ ქვეყნის სწორი განვითარებისთვის რეფორმები აუცილებელია და ევროკავშირთან ურთიერთობები სომხეთის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე