ვინ დააბრუნებს კოკოითს?

ვინ დააბრუნებს კოკოითს?

ცხინვალში კოკოითის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები ცხინვალში უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს განცხადება გააპროტესტეს, რომელიც 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითის კანდიდატურის მოხსნის საკითხს განიხილავს. 

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა. ამასთან, მან არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

რუსული და ოსური მედიის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 300 ადამიანი იყო მისული. მათი დიდი ნაწილი ცხინვალში, სოფელ ხეთაგუროვიდან და წინაგარიდან ჩამოვიდა. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრენი და ყოფილი თანამშრომლები იყვნენ; მათ ხელში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები, ასევე, ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები ეკავათ... იმ დროს მათი რჩეული ე.წ. სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა და კონსულტაციებს მართავდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, კანონის დაცვისა და მშვიდობიანი ქცევისკენ მოუწოდა...

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიას" დარქმევის საკითხზე 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

კოკოითის მომხრეებმა აქციას "სახალხო მარში" უწოდეს და აღნიშნეს, რომ "ცუდი ხელისუფლების" შეცვლას ითხოვენ... მათი თქმით, კოკოითისთვის კენჭის ყრის უფლების წართმევით, მათ ხმის მიცემის უფლებას ართმევენ.

"ჩვენთვის მიუღებელია მისთვის მონაწილეობის მიღების შეზღუდვა. თუ ასეთი მიუღებელი, ურჩხული და კაციჭამიაა ეს კაცი, არ მივცემთ ხმას და პრობლემაც ამით ამოიწურება. დაუშვან მისი კანდიდატურაც და თუ წააგებს, მივხვდებით, რომ უღირსია. რაც მეტს ებრძვიან, მით მეტი ადამიანი გამოუცხადებს მას სოლიდარობას. ეტყობა ეშინიათ, რომ გაიმარჯვებს..."  

როგორც ბოლოდროინდელი პროცესებიდან ირკვევა, ოკუპირებულ რეგიონებში ყოფილი მმართველი ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნება ახალი ტრენდია, ან უბრალოდ, რუსეთის ფედერაციაში მათ უკან მდგომი ძალები აქტიურობენ. თიბილოვის კლანს კოკოითის გააქტიურება შემთხვევით არ აღელვებს, მან იცის, რომ არაღიარებულ აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებისას ოპოზიციამ ხმათა 80% მიიღო.

არც კოკოითის გააქტიურებაა შემთხვევითი. მან თავის მომხრეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა იმედები გაუცრუა, რადგან "მან ვერ შეძლო ოსების საქართველოში სამკურნალოდ გადასვლის აღკვეთა" და მისი შეცვლის დრო დადგა. "ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. თიბილოვმა ამ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტში გადარიცხული თანხები საკუთარ კეთილდღეობას მოახმარა... ცალკე თემაა მისი მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და სხვა მოღალატური საქიციელი, რომელსაც ვეღარ მოვითმენთ". კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ 14 მარტს დანიშნული ლეონიდ თიბილოვისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჩაიშალა. მისივე თქმით, შეხვედრის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია...

რუსული მედიის ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვს და ვლადიმერ პუტინს ცხინვალის ე.წ. ცალკეული დანაყოფების რუსეთის სამხედრო ძალებთან გაერთიანების საკითხი უნდა განეხილათ...

რუსული მედიის მტკიცებით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში ვითარებას სრულად აკონტროლებს. როგორც თიბილოვი, ასევე კოკოითი მისი ბრძანების უსიტყვო შემსრულებლები არიან, მაგრამ ისევე როგორც აფხაზეთში, აქაც ამ ორი პერსონის უკან სხვადასხვა რუსული ძალები დგანან.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე