"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები

"პუტინის ახირება" თუ "პოლიტიკური ნაბიჯი" - რუსულ-ოსური სამხედრო შეთანხმების დეტალები

რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან სამხედრო შეთანხმებას გააფორმებს. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველაზე უკეთესად მომზადებული სამხედრო შენაერთი, რომელიც დაახლოებით 150-მდე სამხედროს ითვლის, რუსეთის განკარგულებაში გადავა.

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება ("მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ") მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა.

"მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი" - ასე უწოდა რუსეთის სამთავრობო მედიამ მოსკოვის გადაწყვეტილებას, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე კრიტიკულად საუბარი და პუტინის გადაწყვეტილებას "უაზრო ახირება" უწოდა... ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკების დაწყება დაავალა, რათა ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღების პროცესი დაიწყოს.

რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმების პროექტი არსებობს, თუმცა დეტალები არ დაზუსტებულა. მთავარი მოთამაშე ისევ და ისევ რუსეთია და ცხინვალი თამაშის წესებს მისგან ელოდება. მათივე თქმით, 150 სამხედრო ეს არის პირველი ეტაპი, მთლიანობაში კი, რუსეთი აპირებს მათი რაოდენობა 1500-დან 2000-მდე გაზარდოს. რუსულ მედიაში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ სამხედროებს რუსული გენერალიტეტი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში გადაისვრის...        

რადიო "თავისუფლება" აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის, ვიქტორ ბარანეცის მოსაზრებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტის თქმით, რუსეთს მხოლოდ კარგად მომზადებული სამხედრო დანაყოფები სჭირდება და შესაბამისად, თავის არმიაში მხოლოდ ყველაზე კარგად გაწვრთნილ ოს სამხედროებს მიიღებს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ და მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ბარანეცი ასკვნის, რომ ეს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს გააღრმავებს და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო "მუშტს" რეგიონში...

"ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ - სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან", - აცხადებს ბარანეცი.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა სრული კონტროლი დამყარა და ამ ნაბიჯით, რეგიონის მუდმივი კონტროლის საშუალება ექნება... რუსი ექსპერტების თქმით, ვლადიმერ პუტინისგან ეს არის კიდევ ერთი ნიშნისმოგება საქართველოსთვის, რომელმაც მეზობელი რუსეთის მიერ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც ჯიუტად აირჩია ევროპის გზა... როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი აცხადებდა, აქამდე მათ სამხედროებს საშუალება ჰქონდათ, რუსეთის ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე ემსახურათ. სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგშიც გაგარძელდება, რაც მათ სამხედროებს სამხედრო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე