რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?

რის ფასად აფართოებს საზღვრებს რუსეთი?

ვიდრე ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობს, თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის მეთაური იგორ პლოტნიცკი არც თუ ისე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს, - ის დონბასის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.

"ეს მხოლოდ შეთავაზება არ არის, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება. მის ინიცირებას აუცილებლად მოვახდენთ და შედეგსაც მივიღებთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს... თავიდან ხომ იდგა საკითხი, რომ პირდაპირ ყირიმის გზას გავყოლოდით, რათა რუსეთის ფედერაციაში გავერთიანებულიყავით, მაგრამ შემდეგ, გეგმები ცოტათი შეიცვალა და რაღაცეები სხვაგვარად გამოვიდა. ახლა კი დროა, ყველაფერი დალაგდეს", - განაცხადა პლოტნიცკიმ, რომლის თქმითაც, პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში, იგივე შედეგი იქნება, რაც ყირიმში იყო...

იმ ფონზე, როდესაც გავლენიანი დასავლელი ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ განცხადებას, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგია რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთი ხისტად თუ ირიბად, გავლენებისა და საზღვრების გაფართოებას განაგრძობს. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება მისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ და რამდენიმე ამერიკელი სენატორიც საუბრობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე...

უკრაინელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს არის რუსეთის პასუხი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ქმედებაზე, რომელმაც კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიებიდან გადაზიდვები დროებით შეაჩერა. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვით განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ დროებით, მინსკის შეთანხმების გარკვეული პუნქტების გამოქვეყნებამდე შეწყვიტოს საკონტაქტო ხაზის გავლით გადაზიდვები...

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, სარკინიგზო და საავტომობილო სავაჭრო გზების გადაკეტვა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების გავლით, არ გავრცელდება ჰუმანიტარულ ტვირთსა და პირად ავტოტრანსპორტზე... ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთმა და შედეგმაც არ დააყოვნა.

რუსეთის სცენარი უკვე ნაცნობია, სხვა საკითხია ვის შესწევს მისი ქმედებების პრევენცია... რამდენიმე წლის წინ გადავინაცვლოთ და ყირიმის რუსეთთან მიერთების პროცესი გავიხსენოთ. იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აფხაზეთის მოსახლეობა აღელდა, - რუსეთის მხრიდან სრული კონტროლის მცდელობას სოხუმში რამდენჯერმე კინაღამ სისხლისღვრა მოჰყვა... შემდეგ რუსეთმა პოლიტიკა შეცვალა და ცოტა ხანში მასთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შესახებ შეთანხმდნენ... პერიოდულად, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შეიარაღება შეაქვს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, - გუდაუთაში, "ეს-300" ტიპის კომპლექსები შეიყვანა... მისაღებია ეს აფხაზეთის მოსახლეობისთვის თუ არა, რუსეთი ამას მაინც აკეთებს.

რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავის ბლოგში რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს, - "აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი რეალობას თვალებში უყურებს და კამათობს, - ყირიმივით შეუერთდნენ რუსეთს, თუ ისე მოიქცნენ, ვითომ დამოუკიდებლები არიან... ბოლო დროს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების მიხედვით, დიდი მარჩიელობა არ უნდა, რომ ცხინვალი ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ რუსეთს შეუერთდება. სხვა საქმეა მულტიეთნიკური, უფრო მრავალრიცხოვანი და რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აფხაზეთი, სადაც მოსახლეობას ნაციონალური გრძნობები გამძაფრებული აქვს. ამის ნათელი მაგალითია მასობრივი ინფორმაციების ფორუმები, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობის აზრი გაყოფილია. ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთს ამჟამად ეთნოკრატია მართავს, რუსეთთან მიერთების მომხრეები არიან იმის იმედით, რომ ეს სიტუაციას ცოტათი განმუხტავს. რუსეთთან მიერთება სურთ ეთნიკურ რუსებსაც - მათ აფხაზეთში უძრავი ქონების წართმევის და სხვა უსიამოვნებების ეშინიათ. არიან ისინიც, რომლებიც, პრინციპში, დამოუკიდებლობის მომხრეები არიან და რუსეთთან მიერთება არ სურთ. ისინი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის მთავარი ღირებულებაა, რისთვისაც მათ ათასობით სიცოცხლე გაიღეს. და თუ ახალ, "სუვერენულ, დემოკრატიულ" აფხაზეთში ბევრი მშიერი და უმუშევარია, უნდა მოითმინონ და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ... ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი აფხაზი გაღიზიანებულია, რომ დამოუკიდებლობის აღიარების საფასურად, მათ რუსების და მათი სამხედრო ბაზების ატანა უწევთ. სამხედროები კი ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სახლში", – ამბობს რუსი ჟურნლასტი.

მისივე თქმით, აფხაზები ფიქრობენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა მათ კიდევ იმიტომ არ აწყობთ, რომ რუსეთში უბრალოდ დაიკარგებიან... იძულებული გახდებიან, დაივიწყონ მშობლიური ენა და ეთნიკური იდენტობაც... სხვა საკითხია, - სჭირდება თუ არა ახლა სანქციებით დახუნძლულ რუსეთს გაღატაკებული და დანგრეული აფხაზეთი და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფი ცხინვალის რეგიონი.

რუსეთის საზღვრების გაფართოების თანმხლებ საფრთხეებზე მსჯელობს "როსბალტიც". გამოცემის თქმით, აფხაზეთი, ყირიმისგან განსხვავებით, ამ მსხვერპლად არ ღირს... რუსეთი ძალიან დაიხარჯა აფხაზეთის "დამოუკიდებლობაზე", თუმცა ამ დანახარჯებს აფხაზეთის ეკონომიკა არ აუყვავებია. რესპუბლიკა უწინდებურად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და მოსკოვის დოტაციაზე იმყოფება. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი არ მატულობს. ის არგუმენტი, რომ ღარიბ რუს ტურისტს საშუალება ექნება კეთილმოუწყობელ, სამაგიეროდ, აფხაზეთის იაფ პლაჟებს ეწვიოს, დიდი ვერაფერი გასამართლებელია... შესაბამისად, რუსული მედია გაცხარებული მსჯელობს, რად უღირს ამ პროგრესირებადი ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთს საზღვრების გაფართოება, რომელიც დივიდენდებს ვერც გრძელვადიან პერსექტივაში მოუტანს და დანარჩენი მსოფლიოს გულისწყრომასაც ზრდის...

რუსეთის მიმართ მუდმივი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს ყველას აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან წამოსული საფრთხე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

"სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს, ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით, ჩვენ რუსეთს არც არასდროს უნდა ვენდოთ", - აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მოსკოვთან საქმის მოგვარებას იმაზე უკეთ შეძლებს, ვიდრე ამას ობამას ადმინისტრაცია აკეთებდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე