რუსეთის მორიგი გათვლა სეპარატისტულ რეგიონებში

რუსეთის მორიგი გათვლა სეპარატისტულ რეგიონებში

ქართული მხარე, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობას აფხაზურ და ოსურ მხარეებს სთავაზობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ქართულთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესები აფხაზურ ენაზეც გამოაქვეყნა...

აფხაზური მხარე, კერძოდ, ე.წ. საგარეო უწყება, ქართული მხარის შეთავაზებას ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობად აფასებს, როგორმე აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოსური მხარეც გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.

ამჯერად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სხვა თავის ტკივილი აქვთ, აფხაზეთში ხაჯიმბას რეჟიმი ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ე.წ. არჩვენებშ მის შედეგებს გახილავს... ცხინვალში კი, თიბილოვი კოკოითის გააქტიურების საფრთხის მიღმა, საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს. რუსული მედიის მტკიცებით, ორივე შემთხვევაში, მათ უკან კრემლი დგას.

"თავის დროზე, ყველა ეს ადამიანი, რუსეთმა მოიყვანა, დააფრთიანა და ძალაუფლება ჩააბარა. თავის მხრივ, ისინიც ცდილობდნენ, რუსეთის მიმართ რაც შეიძლება მაამებლური პოლიტიკა ეწარმოებინათ და ამასობაში მთავარი, საკუთარი მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრება გაემჯობესებინათ, დაავიწყდათ. აფხაზეთის ხელმძღვანელობა, ამის მიზეზად, საქართველოს ძალისხმევით დაწესებულ იზოლიაციას ასახელებდა, თუმცა, კორუფციაზე, კრიმინალსა და სხვა შიდა პრობლემებზე, დუმდა... იგივეს ამბობდა ცხინალის ხელმძღვანელობაც. მოსახლეობის უკმაყოფილება, თანდათან დაგროვდა, როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობის, ასევე, რუსეთის მიმართაც, რომელმაც მათი მფარველობა იკისრა და შეპირებების მიუხედავად, ორივე რეგიონში მხოლოდ კლანური ბიზნესი განვითარდა... აფხაზეთში ძალიან მწვავედ დადგა დემოგრაფიული საკითხი, - აფხაზები, კარგა ხანია თავიანთ ქვეყანაში უმცირესობაში არიან" - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა"...

არსებობს ასეთი ვერსიაც; - კონკრეტულად, ალექსანდრე ანქვაბის შემოყვანა აფხაზურ პოლიტიკაში ისევ და ისევ რუსული გეგმის ნაწილია, რადგან აფხაზეთის "ექსპრეზიდენტის" მიმართ ადგილობრივ მოსახლეობა ნდობით იყო განწყობილი... პუტინის ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს და "ჩანაცვლების" პოლიტიკას განაგრძობს; მისი სტილია, ყურადღების ერთი თემიდან მეორეზე გადატანა; ამასობაში კი, დრო გადის და წლებთან ერთად იდენტობის განცდა ჩლუნგდება...

ის, რომ ანქვაბი რუსეთის გარეშე პოლიტიკაში ვერ დაბრუნდებოდა, მტკიცება არ სჭირდება, თუნდაც, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მის საქმეს, ანუ ე.წ. ოპოზიციის ხაჯიმბას წინააღმდეგ გაერთიანებას, მისი წარმომადგენლები წარმატებით უძღვებოდნენ. ე.წ. არჩევნების შემდეგ, ვლადისლავ სურკოვმა, ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "პარლამენტში ოპოზიციის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების არჩევა, როგორიც დიმიტრი დბარი და ალექსანდრ ანქვაბია, კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას საშუალება აქვს, პოლიტიკური წინააღმდეგობები ქუჩური გამოსვლებით კი არა, დემოკრატიული პროცედურების საშუალებით მოაგვარონ".

სურკოვის განცხადება, აფხაზეთში არსებული დაძაბულობის ფონზე ცეცხლზე ნავთის გადასხმას ნიშნავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ კრემლი მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ანქვაბს მხარს უჭერს.

ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პუტინის ხელისუფლებას რაულ ხაჯიმბას მიმართ შენიშნვები აქვს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა ღიად ისაუბრა, როდესაც აღნიშნა, რომ აფხაზეთში საინვესტიციო გარემო ვერ განვითარდა. - "აფხაზეთი არ უნდა შეეწინააღმდეგოს მიწის ბაზრის ლიბერალიზაციას და სულ ტყუილად არ რთავს უცხოელებს ნებას, რესპუბლიკაში უძრავი ქონება შეიძინონ. ზატულინის თქმით, "რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა, რასაც სრულებით შესაძლებელია რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტული ნაკადის შემცირება მოჰყვეს". - დასძინა მან და ასევე აღნიშნა, რომ "ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი ეთნიკური რუსები აფხაზეთში მეექვსე მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ, რადგან რუსულმა თემმა მხოლოდ ორი კანდიდატის წარდგენა შეძლო. ზატულინის აზრით, აფხაზეთის კანონმდებლობამ "ეროვნებით რუსებისთვის კვოტები" უნდა გაითვალისწინოს.

ზატულინის შენიშვნებსა და პრეტენზიებს, აფხაზების პასუხი მოჰყვა, - "პარლამენტარებმა" ზატულინს "არაკორექტული" უწოდეს, უფრო მოზომილი პოლიტიკისკენ მოუწოდეს და "სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევისგან" თავის შეკავება ურჩიეს...

ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის მიმართაც პუტინის ხელისუფლება საკმაოდ უარყოფითად იყო განწყობილი და ეს უკრაინელი ჰაკერების მიერ გავრცელებულ მიმოწერებშიც ჩანდა, რუსეთის ნდობა და კეთილგანწყობა ისევ დაიმსახურა. ერთ-ერთი ვერსიით, არც ის არის გამორიცხული, რუსეთი ანქვაბის საშუალებით, "გარკვეულ საკითხებში" გაჯიუტებულ ხაჯიმბას დამორჩილებას ცდილობდეს. ადგილობრივი მოსახლეობა, რუსეთის ბოლო დროინდელმა ლოიალურ განცხადებებმა დააფრთხო, - შესაძლოა, პუტინმა, ახალ ხელისუფლებასთან ისევ უძრავი ქონების პრივატიზაციის კანონზე დაიწყოს ვაჭრობა. ეს კი, აფხაზებს საგონებელში აგდებს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო დროს უმცირესობაში არიან.

პ.ს. დასასრულ, ე.წ. ოფიციალური უწყებების კატეგორიული განცხადებების მიუხედავად, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული უვიზო მიმოსვლის პირობებით, აფხაზები მაინც დაინტერესდნენ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე