ლონდონში მომხდარი ტერაქტის დეტალები

ლონდონში მომხდარი ტერაქტის დეტალები

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა დანა დაარტყა. დაღუპულია სამი ადამიანი, რომლებსაც თავდამსხმელი მანქანით ვესტმინსტერის ხიდზე შეეჯახა... ასევე, დაჭრილია 20-მდე პირი. ლონდონის პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, ტერაქტის ორგანიზებაში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, თავდასხმა ლონდონის დროით 14 საათსა და 20 წუთზე მოხდა, როცა უცნობი მამაკაცი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავდა და ვესტმინსტერის ხიდზე მდგარ ქვეითებს შეეჯახა. მათ შორის იყვნენ ბავშვები და ქალები. ერთ-ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა... შემთხვევის ადგილზე პანიკა ატყდა და ერთ-ერთი ქალი ხიდიდან მდინარე ტემზაში ჩავარდა. მაშველებმა მისი ამოყვანა შეძლეს, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა...

ამის შემდეგ მანქანა პარლამენტის გარშემო გავლებულ ღობესა და ლონდონის ერთ-ერთ სიმბოლოს, ბიგ ბენის კოშკს შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და პარლამენტის დაცულ პერიმეტრზე შეიჭრა, რის შემდეგაც დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი... ამ ყველაფრის შემდეგ თავდამსხმელს პოლიციელებმა ესროლეს და ის ადგილზე გარდაიცვალა...

მოგვიანებით, ფრანგულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვესტმინსტერის ხიდზე დაშავებულებს შორის 15-16 წლის ადამიანები არიან. სამი მათგანი ეროვნებით ფრანგია, რომლებიც ლონდონის სკოლაში სწავლობდნენ. ხიდზე მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულებს შორის სამი პოლიციელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა.

ლონდონის პოლიციამ, ბირმინგემში, იმ მისამართზე, სადაც ტერაქტში მონაწილე მძღოლმა ავტომობილი იქირავა, ჩხრეკა ჩაატარა... პირველადი მონაცემებით, ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობის ბრალდებით უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი...

ტელეკომპანია Sky News ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს. ის 40 წლამდე მამაკაცია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბრიტანეთში დაბადებულ-გაზრდილი მუსლიმი აბუ იზდანი იყო. მისი ყოფილი სახელი და გვარია - ტრევორ ბრუქსი, სწორედ ამ სახელით უკაშირდებოდა ის ტერორისტებს.

The Independent -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტმა პირადი მონაცემები შეცვალა. მამაკაცი ლონდონის გარეუბან ჰაკნიში დაიბადა. მან ისლამი 1993 წელს მიიღო, როდესაც 18 წლის გახდა... გამოცემის თანახმად, წლების წინ, ის სასჯელს ტერორისტებთან კავშირის, ტერორისტული აქტების წაქეზების და ზოგადად, ტერორიზმის პროპაგანდისთვის იხდიდა... თუმცა, გათავისუფლების შემდეგ მას ლონდონის პოლიცია აკონტროლებდა. 

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელს YouTube- ზე საკუთარი არხი აქვს, სადაც ვიდეოებსაც ტვირთავდა, საიტის მომხმარებელს მუსლიმური რელიგიის მიღებისა და ტერაქტების ჩადენისკენ მოუწოდებდა. აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს "მოღალატეებს" უწოდებდა და პოლიციელების დახოცვის ინიციატივით გამოდიოდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ის იმედოვნებდა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი გახდებოდა. როგორც The Independent წერს, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე  აბუ იზდანიმ სოციალური ქსელები დაბლოკა.

The Independent -ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები რადიკალური შეხედულებების გამო, მასზე დაკვირვებას აწარმოებდნენ... ადგილობრივი პოლიცია ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარდაცვლილი ტერორისტის ვინაობას არ ასახელებს.

Daily Mail - ის ინფორმაციით, მათი კორესპონდენტი აბუ იზდანის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც ტერაქტში მის დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს, რადგან მისივე თქმით, მას თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯეს და ის ჯერ კიდევ ციხეში იმყოფება. რაც შეეხება ტერორისტს, ის აბუ იზადენს ჰგავს და მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ამიტომაც გავრცელდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე