ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას

ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას

თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განმარტებით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ეს არის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიური დანიშნულება ექნება.

"თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია", - განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი გელაშვილმა.

აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს.

კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს ასევე რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას.

როგორც გიორგი თავდგირიძე განმარტავს, რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად - გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. ამასთან, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება. თავდგირიძის ინფორმაციით, დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა.

"რეზერვი ერთიანი მართვის სისტემაში მოექცევა. დანაკარგების რეზერვის მართვის ძალიან მოქნილი სისტემა შეიქმნება. რაც მთავარია, შემოდის აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს. თუმცა, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებადი იქნება და ამაში ბენეფიტებს მიიღებენ", - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე