"დამსვენებლებს ეგონათ, ფილმს ვიღებდით..." - პირველი დენთის სუნი აფხაზეთში

"დამსვენებლებს ეგონათ, ფილმს ვიღებდით..." - პირველი დენთის სუნი აფხაზეთში

ქართულ-აფხაზური ომი, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა, არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდით ხასიათდება... 90-იანი წლების უთანასწორო ბრძოლაში ჯერაც გამოუცდელი ქართველი მეომრები, ფაქტობრივად, შიშველი ენთუზიაზმით იბრძოდნენ. მათგან ნაწილი ცოცხალი აღარ არის, ნაწილი ცხოვრებას ომის ნარჩენებით განაგრძობს... არიან ისეთებიც, ვინც იქ მიღებული საბრძოლო ნათლობა შემდეგშიც გამოიყენა...

აფხაზეთში დატრიალებულ პირველ დენთის სუნს ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ასე იხსენებს...

"შავნაბადას" დესანტი აფხაზეთში

დაახლოებით, დილის 7 საათზე, ნაპირს მივადექით. ბარჟაც გაიღო... ოპერაციას "შავნაბადას" მეთაური კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ბარჟის წინ მარცხენა მხარეს იდგა, მე მარჯვნივ ვიდექი. ჩვენს უკან კი ჩემი ასეული იყო... ბარჟიდან ხმელეთზე სწრაფად გადავეშვით. ყოველი წამი ძვირფასი იყო. ნაპირიდან რამდენიმე ავტომატიანი გვესროდა. ტყვიების ზუზუნში მოგვიწია დესანტირება... საპასუხო ცეცხლი გავხსენით, თუმცა, თავდაპირველად უმისამართოდ ვისროდით, რადგან არ ვიცოდით საიდან გვესროდნენ... მალე ყველანი ხმელეთზე ვიწექით და მოწინააღმდეგის აღმოჩენას იარაღმომარჯვებულები ვცდილობდით.

სანაპირო, რამდენიმე მეტრზე სწორი და ქვიანი იყო, შემდეგ თანდათან მაღლდებოდა. სოფელი განთიადი, სადაც უნდა შევსულიყავით, მთლიანად ტყეში იყო ჩაფლული, რაც მოწინააღმდეგეს უპირატესობას აძლევდა. სროლა გახშირდა, მაგრამ მათი ხმა ჩვენმა საბრძოლო მანქანებმა გადაფარა. 2 ერთეული დაჯავშნული "ბტრ-ც" ჩაერთო იერიშში. უცებ ვიღაცამ დაიყვირა "დაჭრეს". ეს იყო პირველი მსხვერპლი... შევამჩნიე, როგორ გაწითლდა ზღვის ტალღები. წამების ათვლა დაიწყო. დაჭრილი ბარჟაზე დააწვინეს, ჩვენ კი ძალიან სწრაფად უნდა გავცლოდით მოტიტვლებულ სანაპიროს, რადგან ტყიდან ადვილი სამიზნეები ვიყავით... დაჯავშნული "ბტრ" დაიძრა, ჩვენც წინ წავიწიეთ. ბარჟებმა კი იქით აიღეს გეზი, საიდანაც მოვიდნენ... დესანტირების პირველი ეტაპი დასრულდა. ახლა საჭირო იყო ისეთი პლატფორმის მოძებნა, სადაც გავმაგრდებოდით, რადგან ჩვენს უკან მხოლოდ ზღვა ჩანდა.

რამდენიმე წუთში სროლა შეწყდა. ამოვისუნთქეთ და წინ წავიწიეთ. ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, მაგრამ რამდენიმე დამსვენებელი, იქვე ახლოს სანაპიროზე იწვა. შეშინებულებმა გვკითხეს, - კინოს ხომ არ იღებთო?.. სოფლისკენ დავიძარით. რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ბრძოლის ფრაგმენტზე ვფიქრობდი და იმაზე, რომ გადავრჩით... ეს იყო პირველი ბრძოლა და ჩვენ სოფლის ცენტრისკენ ემოციებით სავსენი მივდიოდით... გზადაგზა ჩვენი იარაღის ჟღარუნი ისმოდა. ბიჭები ტენიდნენ, ზოგიც, უბრალოდ, მის გამართულობას ამოწმებდა...

ზაფხულის მზეც ნელ-ნელა იკრეფდა ძალას. გზა ორად იყოფოდა და ჩვენც ორად გავიყავით. პირველ ჯგუფს კობა გაყვა, მეორეს მიშა სადუნიშვილი, ბატალიონის შტაბის უფროსი. მე ჩემი ასეულით მეორე ჯგუფს გავყევი. დაჯავშნული საბრძოლო მანქანა ჩვენს წინ მიჭრიალებდა სოფლის გზაზე და მისი ცხელი გამონაბოლქვი ჰაერს კიდევ უფრო აცხელებდა... მაღლობზე გზა უფრო და უფრო იკლაკნებოდა. უცებ, შემაღლებულიდან სროლა გაისმა, სანადირო თოფის ხმას ჰგავდა. ეტყობა, რა შეიარაღებაც ჰქონდათ, იმით იბრძოდნენ. მალე თოფის ხმას, ავტომატის ჯერიც მოყვა... ჩვენი ჯარისკაცებიდან ნაწილი იქვე გზაზე, ზოგიც გზისპირა თხრილში ჩაწვნენ. ორმხრივი სროლა დაიწყო.

უპირატესობა კვლავ იმათ ჰქონდათ, - ზოგი მაღლობიდან, სხვებიც სახლების სახურავებიდან გვესროდნენ. მივხვდით, ჩასაფრება მათ უპირატესობას ანიჭებდა. ერთი-ორი აფეთქების ხმაც გაისმა. მაღლობისკენ ვისროდით, - ჩვენს შორის სულ რაღაც ასიოდე მეტრი იყო. გზა ჩვენგან მარცხნივ, მაღალი ღობით იყო შეღობილი, რომელსაც პატარა კარი ჰქონდა და სახლის ეზოში ჩადიოდა. მარჯვნივ კი ბორცვი იყო, საიდანაც გვესროდნენ...

ჰაერი დენთის სუნით გაიჟღინთა. ზოგი ჯარისკაცი საბრძოლო მანქანას ამოფარებული ისროდა. მიშა, რაციით, პირველ ჯგუფთან დაკავშირებას ცდილობდა, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ეტყობა, იმათაც "სიურპრიზი" მოუწყვეს. სროლა უფრო ინტენსიური გახდა. იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდით, ყველანი რომ არ ჩავეხოცეთ...

რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრეს... ის იყო, პოზიციის შეცვლას ვაპირებდი, მიშას ხმა გავიგე, - დამჭრესო... ვიდრე კოჭლობით, იმ პატარა სახლში შევარდებოდა, თვალი მოვკარი, ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. გავყევი, მაგრამ ხელებში რაცია შემომაჩეჩა და მითხრა, - იქნებ ჩვენებს დაუკავშირდე და ბიჭებს მიხედეო... ვიღაცის სახლის ეზოში აღმოვჩნდით. ზევით სროლა და გრუხუნი კვლავ ისმოდა. რამდენიმე ჩვენი ბიჭი უკვე იქვე ეზოში ხეებს ამოფარებული ისროდნენ...

უშედეგოდ ვცდილობდი რაციით პირველ ჯგუფთან დაკავშირებას. უცებ ისეთი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, სახლში ფანჯრის შუშები ჩაიმსხვრა. მტვერი და კვამლი ერთმანეთში აირია... ეს ჩვენი ხელის ყუმბარმტყორცნის გასროლა იყო, - ახალბედა ჯარისკაცი, ევგენი ტალახაძე საუცხოოდ ფლობდა იარაღს. მეორე გასროლასაც მოვკარი თვალი, - ყუმბარა იმ პატარა სხვენის ფანჯარაში "შეფრინდა", საიდანაც გამუდმებით გვესროდნენ. აფეთქების ტალღამ, სახლს სახურავის ნახევარი ახადა. ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. იქაურობას სწრაფად გავეცალეთ და გადავჯგუფდით...

შემდეგ გავიგეთ, რომ სწორედ იმ დროს, პირველი ჯგუფიც "გაგანია" ბრძოლებში იყო ჩაბმული. როგორც კი სოფელში შესულან, დიდი სატვირთო მანქანა შეუნიშნავთ, რომელსაც გზა გადაღობილი ჰქონია, - ჩასაფრება იყო. მეთაური ალღოთი მიმხვდარა, რაც ხდებოდა და როგორც კი დაუყვირია, - "ჩასაფრებაო!" - თურმე მაშინვე სროლა დაიწყო. თავდაპირველად, მებრძოლები ცოტათი დაბნეულან, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში მალევე ჩაბმულან...

მეთაური წინ იყო და პირველი დარტყმაც მან მიიღო, - 4 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ არ ნებდებოდა... თითქოს ყველა მხრიდან ისროდნენ, რამდენიმე ხელყუმბარის აფეთქებულა და მის გვერდში მდგომი ჯარისკაცი დაჭრილა, - დათო ბრეგვაძეს ყელში მოხვდა ტყვია. მეთაური მივარდნილა და ნატყვიარევზე თითი დააჭირა თურმე... ერთი სიტყვით, ბრეგვაძე გადარჩა. მეთაურს კი, სხეულიდან, შვიდი ტყვია და ყუმბარის უამრავი ნამსხვრევი ამოუღეს.

იმ დღეს მეტი ბრძოლები არ ყოფილა. საღამოს ხუთი საათისთვის, სოფლის ცენტრში რომ მივედით, გავარკვიეთ, რომ ის ადგილი, სადაც ორმხრივ სროლებში მოვყევით, სოფლის ცენტრიდან ორიოდე კილომეტრში ყოფილა... დაჭრილებიდან, ზოგი სამკურნალოდ გადაიყვანეს, სხვებს კი ჭრილობები იქვე გადაუხვიეს... ამოცანა შესრულებული იყო, - ჩვენ გაგრა-ლესელიძის მიდამოები დავიკავეთ, ისღა დაგვრჩენოდა, მეორე დღეს დამხმარე ძალებს დავლოდებოდით, რომლებიც ზღვის იგივე მარშრუტით ჩვენს დასახმარებლად უნდა მოსულიყვნენ... არავინ ვიცოდით, ხვალ რა გველოდა... ჩვენი მეთაური და შტაბის უფროსი მძიმედ იყო დაჭრილი და სიკვდილს ებრძოდა.

ზვიად ჩადუნელი, ვიცე-პოლკოვნიკი"

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე