"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი

"საპრეზიდენტო არჩევნები" ცხინვალში და რუსეთის ფავორიტი თიბილოვის არალეგალური იარაღის ბიზნესი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დასრულდა. თავდაპირველად, საპრეზიდენტო პოსტზე რამდენიმე პრეტენდენტი იყო: პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან "ხალხის ერთობა" ალან კოზონოვი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი, ლენინგორის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ გულიევი, ბიზნესმენი ანატოლი ჯიოევი და შესყიდვების საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი მოადგილე ამირან ბაგაევი.

მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარი კანდიდატურები გულიევმა და ჯიოევმა მოხსნეს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა, ვლადიმერ სურკოვის "რეკომენდაციის" შემდეგ, უარი უთხრა რეგისტრაციაზე ედუარდ კოკოითს, დეპუტატ ალან კოზონოვსა და ამირან ბაგაევს. ოსურ პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ სამი კანდიდატი - თიბილოვი, ბიბილოვი და გაგლოევი დარჩნენ.

ასე რომ, 32 736 ამომრჩევლის ხმებისთვის, ხვალ "პრეზიდენტობისთვის" მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, "ნიხასის" ყოფილი "სპიკერი" ანატოლი ბიბილოვი და ოსური КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იბრძოლებენ...

რუსეთის ფავორიტი 65 წლის ლეონიდ თიბილოვია, რომელიც 2012 წლიდან სეპარატისტულ რეგიონს მართავს. მისი წინამორბედი კოკოითი შეეცადა, მისთვის რეიტინგი დაეგდო და მოსახლეობა მის წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ არ გამოუვიდა, - რამდენიმე ხნით ადრე, თიბილოვის კრემლში სტუმრობამ, სადაც ვლადემირ პუტინმა მის მიმართ ღია მხარდაჭერა გამოხატა და "საპრეზიდენტო არჩევნებში" წარმატება უსურვა, კოკოითს ყველა გზა მოუჭრა.

თიბილოვი ამ პოლიტიკურ პროცესს მოუმზადებელი არ შეხვედრია, - მან ხმების გადანაწილების საკითხი სწორად გათვალა და საქმეში КГБ-ს თანამშრომელი, ახალგაზრდა ალან გაგლოევი ჩართო, რომელმაც ასევე საბჭოთა КГБ-გამოვლილ ბიბილოვს ხმები უნდა წაართვას.

ლეონიდ თიბილოვი წინასაარჩევნო დაპირება ასეთია - "სტაბილურობიდან განვითარებამდე". თიბილოვს მიაჩნია, რომ მან "ქვეყანაში" სტაბილურობას მიაღწია და მის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ოღონდ რა საკვირველია, რუსეთთან ერთად. საქმე ის არის, რომ მას მოწინააღმდეგეები ახსენებენ, რომ ბიზნესის, წარმოების განვითარება და სოციალური პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო.

ცხინვალის ტელევიზიაში გამართული ღია დებატების დროს, ლეონიდ თიბილოვმა ყურადღება რუსეთის უზარმაზარ ღვაწლზე გაამახვილა - "ყოველთვის გვემახსოვრება თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. რაც მთავარია, ეს დახმარება გრძელდება და ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული", - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის განაახლებს გუნდს და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას. ასევე, მოიზიდავს ახალგაზრდებს სამშობლოს დამცველთა და სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში განათლებამიღებულთა რიგებიდან.

იგივე საგარეო კურსსა და შიდა პრობლემების გადაწყვეტის მსგავს გზებზე საუბრობენ სხვა კანდიდატებიც. საერთოდაც, მათ პროგრამებს შორის ის განსხვავებაა, რომ დანარჩენები თიბილოვს შეუსრულებელ ეკონომიკურ პროგრამებს ახსენებენ... თიბილოვს მღელვარების საფუძველი არც აქვს, რადგან რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვის დამსახურებით, სხვებისგან სრულებით განსხვავებული სასტარტო პირობები აქვს. სურკოვის პირდაპირი მითითებით, მარტის დასაწყისში, "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება არ მისცეს ედუარდ კოკოითს, რომელიც ანკლავს 2001-2011 წლებში მართავდა.

მოსკოვიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, ხელმოცარულმა კოკოითმა აქციები შეწყვიტა და თავის მომხრეებს 9 აპრილს, ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა... რუსეთის მხრიდან აშკარა მხარდაჭერის შემდეგ, მოტივაცია დაკარგეს სხვა პოლიტიკოსებმაც, არადა, თიბილოვს იარაღის კორუფციაში დებდნენ ბრალს. უკვე რამდენიმე თვეა, თიბილოვს კითხვას უსვამენ - რატომ ყიდდა იარაღს რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტებზე... მისი მოწინაღმდეგეების თქმით, არსებობს, საიდუმლო დოკუმენტები, სადაც  თიბილოვი"სამხრეთ ოსეთის წინაშე დამსახურებებისთვის" სახელობითი იარაღით აჯილდოვებს კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ბიზნესმენებს...

ამ ბრალდებებზე არგუმენტირებული პასუხისთვის თავი დიდად არ შეუწუხებია ლეონიდ თიბილოვს, - მისი თქმით, როგორც "პრეზიდენტს", ადამიანების სახელობითი იარაღით დაჯილდოვების უფლება აქვს...

9 აპრილს, "საპრეზიდენტო არჩევნების" პარალელურად, ცხინვალში "რეფერენდუმიც" ტარდება, რომლის მიზანია "სამხრეთ ოსეთს" დასახელებაში "სახელმწიფო ალანია" დაემატოს...

ერთ-ერთი კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, მათ ხალხს უნდა ჰკითხონ, უნდათ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა? - "ეს კი შეიძლება გავიგოთ მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ, რა გვინდა", - აცხადებს ბიბილოვი.

"სამხრეთ ოსეთისთვის" ალანიას დარქმევასთან დაკავშირებით, ალან გაგლოევის პოზიციაც ბიბილოვის პოზიციას გავს. გაგლოევი ამბობს, რომ ახალი სახელწოდება არ უნდა დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე და მას გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონდეს და ამ სტატუსს ოსური ენის, კულტურისა და ტრადიციების განვითარება უნდა მოჰყვეს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე