ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები

ტერაქტების სერია მსოფლიოში და სირიის ომის ქრონიკები

გასულ კვირას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ავტორობით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტერაქტების ციკლი განხორციელდა.

ჯერ იყო რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოხდა აფეთქება, რომელსაც ადგილობრივმა პროკურატურამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. რუსული პრესის მიხედვით, სისტემას, რომელიც თითქოს რუსეთში ყველაზე გამართულად მუშაობს, ტერორისტმა გვერდი უპრობლემოდ აუარა...

ყირგიზეთის მკვიდრი, 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი, რომელმაც 16 წლისამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, არ იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების აღრიცხვაზე. მის მიერ ზურგჩანთით შეტანილი ასაფეთქებელი პეტერბურგის მეტროპოლიტენის ანტიტერორისტულმა სისტემამ, რომლის აღჭურვაზე ასეულობით მილიონი რუბლი დაიხარჯა, ვერ შეამჩნია. უსაფრთხოების სამსახურს მეტროს შესასვლელებში დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების მაჩვენებლებისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება.

"სხვა შემთხვევაში, მეტალოდეტექტორს ლითონის ბურთულებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ორი ცეცხლსაქრობის შეტანაზე რეაგირება უნდა მოეხდინა", - წერს "კომერსანტი".

9 აპრილს, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ეგვიპტეში, ორ ადგილას მოაწყო ტერაქტი, - პირველი აფეთქება ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მოხდა. "მარ გირგის"- (წმ. გიორგი) ქრისტიან მართლმადიდებელ კოპტთა ეკლესიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეკლესიის პირველ სართულზე თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მრევლი შენობაში იმყოფებოდა და მსახურება მიმდინარეობდა. ორივე აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი...

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებით, ეგვიპტის ეკლესიასთან აფეთქებების სერია ორმა შეიარაღებულმა პირმა, აბუ ალ-ბარა ალ-მასრი და აბუ იშაქ ალ-მასრიმ განახორციელეს...

ტერაქტი მოხდა, სტოკჰოლმშიც. 7 აპრილს, შვედეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამვლელებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 15 ადამიანი. გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკეთის მოქალაქე, რაჰმათ აკილოვი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაკვეთას ასრულებდა.

გამოცემის თანახმად, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთ დაკითხვაზე განაცხადა და დასძინა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერია. "სირიაში ავიაიერიშები უნდა შეწყდეს", - იუწყება გამოცემა და და აღნიშნავს, რომ ტერორისტებმა თავდასხმა "საკუთარი ქვეყნის დაბომბვის გამო განახორციელეს".

სამხედრო მიმომხილველთა აზრით, - თუ პრეზიდენტ ტრამპს სირიაზე ახალი იერიშების მიტანა დასჭირდება, ის ამას გააკეთებს. სირიაში შექმნილი ვითარების მიხედვით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ასადის მონაწილეობით, რომელიმე მთავრობა მშვიდად და სტაბილურად იმუშავებს. მისივე აზრით, რეჟიმის ცვლილება აუცილებელია.

ასადის რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც, რომლის თქმითაც, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება, ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც კი ტერორისტებისაგან მომავალი საფრთხე შემცირდება, ან აღმოიფხვრება, აშშ ყურადღებას სირიის სტაბილიზაციაზე გადაიტანს... ის 12 აპრილს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთს მოუწოდებს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

ვიდრე საგონებელში ჩავარდნილი მსოფლიო გამოსავალს ეძებს, ტერორისტები სამოქმედო არეალს იფართოებენ; "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები თვითმკვლელობისთვის ახალ-ახალ ადგილებს არჩევენ და როგორც დასავლური მედია წერს, აზრადაც არ მოსდით, რომ მათი და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მშვიდობა, გავლენებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეწირებათ...

მაინც რა ინტერესი აქვს რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს, ირანს - ამის შესახებ, სირიის სამოქალაქო ომის ქრონოლოგია ბევრ რამეს ამბობს, - ყველაფერი 2011 წელს სირიის ქალაქ დერააში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ სკოლის 15 მოსწავლის დაკავება და წამება გააპროტესტა. არასრულწლოვნები კედელზე ანტი-სახელმწიფოებრივი გრაფიტების დახატვის გამო დაიჭირეს...

დემონსტრაცია თავიდან მშვიდობიანი იყო, - აქციის მონაწილეები, მხოლოდ მოსწავლეების გათავისუფლებას, დემოკრატიასა და ხალხისათვის თავისუფლების მინიჭებას ითხოვდნენ, თუმცა, მთავრობამ 2011 წლის 18 მარტს აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე დღეს კი სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მგლოვიარეებს, რომლებიც გარდაცვლილებს კრძალავდნენ, რა დროსაც კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

მთავრობის პასუხმა მოსახლეობა იმდენად აღაშფოთა, რომ პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. თუ მანამდე დემონსტრანტები მხოლოდ თავისუფლებასა და დემოკრატიას ითხოვდნენ, თუმცა, შემდეგ, როდესაც ასადმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, მისი გადადგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერებმა იმ ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რომელიც მთავრობას უპირისპირდებოდა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა... სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. კონფლიქტი ირანის, რუსეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის ჩარევამ უფრო მეტად გაამწვავა. ყველა მათგანი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას სამხედრო, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ცალ-ცალკე უწევდა და საბოლოოდ, სირია ბრძოლის ველი გახდა.

კიდევ ერთი, - გარე ძალებს სუნიტებსა და პრეზიდენტის მომხრე შიიტ ალავიტებს შორის დაპირისპირების გაღვივებაც ბრალდებოდათ. ვითარება უკონტროლო გახადა ჯიჰადისტური დაჯგუფებების არსებობამ, რომლებიც ყოველდღიურად ძლიერდებოდა... ამასობაში, ჩამოყალიბდა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდა, ამბოხებულთა ბრიგადებს, ქურთ სამხედროებსა და სახელისუფლო ძალებს ებრძოდა... ვითარება უფრო მეტად ჩაიხლართა - ასადის მხარესა და ამბოხებულებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებლად უწევდათ.

რუსეთს სირიის მიმართ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ინტერესი აქვს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის სამხედრო ბაზა ტარტუსზე. რუსეთს იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ჰყავს სამხედრო ტექნიკა. ეს ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი რუსული ბაზაა... ამასთან, ამ და სხვა კონფლიქტებში მონაწილეობით, რუსეთი მესიჯს უგზავნის მთელს მსოფლიოს, რომ ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალაა. ამასთან, ებრძვის იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

დასავლური მედიის მტკიცებით, ირანი, მილიარდობით დოლარს ახარჯავს ასადის ხელისუფლებას. მან სირიის ტერიტორიაზე ასობით საბრძოლო დანაყოფი განათავსა. სირიის გავლით, ირანს ტვირთი ლიბანში შიიტურ მოძრაობა ჰეზბოლასთან მიაქვს, რომელიც სამთავრობო ძალების დასახმარებლად ათასობით მებრძოლს აგზავნის. სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვის საუდის არაბეთი, რომელიც სირიაში თავის მთავარ მეტოქეს ირანს ებრძვის და სირიელ ამბოხებულებს სამხედრო ტექნიკითა და ფინანსებით ეხმარება.

თეთრი სახლის პოზიცია ასეთია,  - ამერიკა ვერ ეგუება ასადის რეჟიმის მიერ უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებულ თავდასხმებს. ის ამბოხებულთა ჯგუფებს იარაღით ეხმარება, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორც რუსეთი და ირანი, რადგან შიშობს, რომ ის ტერორისტების ხელში აღმოჩნდება. ამერიკამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, 2014 წლიდან არაერთი ავიადარტყმა შეასრულა, თუმცა, უშუალოდ სირიის ავიაბაზაზე ავიაიერიში წელს, აპრილში მიიტანა, მას შემდეგ რაც იდლიბის პროვინციაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

იუნისეფის მონაცემებით, 2016 წელს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი რეკორდულია, - საუბარია 650-ზე მეტ მცირეწლოვანზე. ასობით მოზარდი კი სხვადასხვა განკურნებად დაავადებებს ემსხვერპლა...

ბოლოდროინდელმა პროცესებმა ცხადყო, რომ სირიაში, სადაც მსოფლიო გავლენიანი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, ვითარება დამშვიდებისკენ კი არა, ყოველდღიური გაუარესებისკენ მიდის, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაზე აისახება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე