როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები

როგორ ითვისებენ სოხუმს რუსები

აფხაზური საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი იზეიმა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა.

"ჩვენი ურთიერთობა გამყარებულია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით და კონკრეტული ზომებით, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მიმართავს, რათა გარედან აგრესია აღარ განმეორდეს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე ლავროვს ჰკითხეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანების შესახებ, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი ასეთ თანამშრომლობას მიესალმება, თუმცა, სრულფასოვანი წევრის, ან მეთვალყურის სტატუსის მიღებას ორგანიზაციაში გაერთიანებული ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება. აქვე ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის ხელმოწერა სრულიად რეალურია.

"ე.წ. ჟენევის დისკუსიას შედეგი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვართ, რომ უახლოეს მომავალში რეალურია ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიზეზი "საელჩოს" ახალი კომპლექსი იყო, რომელიც სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, ის 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, რუსების "საელჩო" სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, დამწვარი სასტუმრო "აფხაზეთის" გვერდით გაიხსნა. რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს. მას თითქმის 4 წელი აშენებდნენ.

ამას გარდა, დამატებით 3 ათასი კვ.მ. მიწა, რუსეთის "ელჩის" "რეზიდენციისთვის" აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის "შოსე" უწოდეს და 3 სართულიანი სასახლე ააგეს.

რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს - 99-წლიანი "იჯარით" აიღო. "იჯარის" ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია, რაც ნიშნავს, რომ 99 წლის განმავლობაში, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით - 4 ლარი შევა. პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია. ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.

რუსეთის "საელჩოს" ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა აფხაზურ საზოგადოებაში - აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რუსული "დიპლომატიური კომპლექსის" მასშტაბები, რომლის მუშაობის შედეგი, რატომღაც "ქვეყანას" არ ეტყობა, სოხუმის არქიტექტურას ამახინჯებს.

აფხაზების მწვავე რეაქცია გამოიწვია კიდევ ერთმა ფაქტმა - "საელჩოსა" და "რეზიდენციის" მშენებლობის დროს რუსებმა იქვე, ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილთან არსებული ტროტუარიც აითვისეს. ეს ის ადგილებია, სადაც 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონის ცნობილი პალმები ხარობს.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსები "საელჩოს" უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან სანაპიროზე მდებარე რესტორან "ნართაში" შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან არის გახსნილი...

ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე გასასვლელად საავტომობილო გზებით მოუწევთ სიარული. "თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის კანონის მიმართ დამოკიდებულებას, მივხვდებით, რომ ეს არც ისე უსაფრთხოა...თუმცა,  ჩვენი სუსტი პროტესტის ფონზე, ისინი აქაურობას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ", - წერენ აფხაზები, თუმცა, მათ უთხრეს, რომ პროექტი უკვე დასრულებულია და ვერაფერს შეცვლიან.

მეორე ნაწილის თქმით, მათი საიმედო საყრდენი რუსეთია, რომელიც პატივს სცემს აფხაზეთის "დამოუკიდებლობას". ამის დასტურია ლავროვის ჟესტი, რომელმაც "სოხუმში აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე