რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?

რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?

ბოლო დღეებია, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარები შეიყვანოს. ასეთი ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ბაშარ ასადის განცხადება, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ეფექტიანობის მიუხედავად, ტერორისტების მომრავლების შემთხვევაში, მას რუსული სახმელეთო ჯარების დახმარებაც დასჭირდებოდა.

ამის შესახებ ბაშარ ასადმა რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ მტრები მომავალში გაზრდიან სირიაში ტერორისტების რაოდენობას და ქვეყანაში მალე ტერორისტთა დიდი ჯგუფები გამოჩნდება. "რა შემთხვევაშიც ჩვენ დაგვჭირდება რუსული სახმელეთო სამხედრო ძალების დახმარება", - აცხადებს ასადი...

25 აპრილს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის სირიაში არმიის სახმელეთო ძალები გაგზავნოს, თუკი ამას ასადი ოფიციალურად მოითხოვს. რუსული მედია არ ადასტურებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სახმელეთო, სპეციალური დანიშნულების ძალები იმ რეგიონებში განთავსდებიან, სადაც ასადის მოწინააღმდეგე "აჯანყებულების" მხრიდან მეტი პრობლემები იქმნება.

მართალია, პირდაპირ განცხადებით არ ადასტურებს, მაგრამ ბოლო დღეებში, სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ბუნდოვანი განცხადება ფედერალური საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, სირიისთვის ჰაერთავდაცვითი სისტემების მიწოდების შესახებ, ეს მოხდება პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და სამხედრო წარმოების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

მისი აზრით, ეს დახმარება არანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა არ იქნება, რადგან სირია აწარმოებს ომს ტერორისტებთან, რაშიც მას რუსეთი ეხმარება და ამაში არაკანონზომიერი არაფერია...

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ერაყსა და სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის "ლიმიტის გადატვირთვა" დაავალა. Associated Press ინფორმაციით, პენტაგონში აღნიშნავენ, რომ სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელია. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-ის სტრატეგია ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაა.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყსა და სირიაში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა უკვე გაზარდა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, უწყებამ სირიაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა, ხოლო ერაყში "სამხედრო მრჩევლები".

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავის მხრივ, ირანულმა მხარემაც განაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ უფრო აქტიურად და მრავალრიცხოვნად იყოს წარმოდგენილი სირიის ბრძოლებში.

ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ სრულებით ლოგიკურია დასავლური მედიის დასკვნა, რომ ამდენი ქვეყნის სამხედრო აქტიურობის შემდეგ, სირია საბოლოოდ გასწორდება მიწასთან, თუმცა, ეს ტერორიზმის საფრთხეს ვერ მოსპობს...

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ სირიას კიდევ აქვს ქიმიური იარაღის მარაგები, რომელსაც არაერთი შეთანხმებისა და განცხადებების მიუხედავად, არ ანადგურებს. არადა, მათ შემდგომი გამოყენება უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება დამასკოს მხრიდან. მატისს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ქიმიურ იარაღზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.

ასევე, ცნობილი გახდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის პოზიცია, - იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგი ფაქტი მოხდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ვაშინგტონს მხარს დაუჭერს, მათ შორის, სამხედრო ძალით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"თუ ამერიკა დახმარებას გვთხოვს, უარის თქმა გაგვიჭირდება", - განმარტა მინისტრმა და ასევე დასძინა, რომ ეს პირველ რიგში, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს ეხება. ამავე დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ მან არ იცის, დასჭირდება თუ არა აღნიშნულ ქმედებას პარლამენტის თანხმობა, რომელმაც 2013 წელს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების სირიის ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი დაბლოკა.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დასაბუთებულია, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრძანება პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ან მისი გარემოცვის უახლოესმა წევრებმა გასცეს. ექვსგვერდიანი ანგარიში საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა განიხილა.

საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში ქიმიური თავდასხმის ადგილზე აღებული ნიმუშების დასკვნას და ერთ-ერთი მსხვერპლის სისხლის ანალიზს ეფუძნება.

"გამოვლინდა ზარინის ნიშანთვისება, რომელსაც სირიის მთავრობა აწარმოებს",- წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ბაშარ ასადს და რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მისი ყველაზე გავლენიანი გარემოცვის წევრებს შეეძლოთ ქიმიური თავდასხმის შესახებ ბრძანების გაცემა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს სირიაში ასეთი თავდასხმის განხორციელების საშუალება არ აქვთ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" რეგიონში არ არის.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW)  დაადგინა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმისას ზარინი ან მსგავსი ნივთიერება გამოიყენეს.

ზარინი - უფერო, უსუნო სითხეა. იგი ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით ზარინის წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის 1-ლ სიაში მოხვდა. ზარინი ორგანოფოსფატების ნაერთია. მცირე კონცენტრაციაც კი ლეტალურია. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება 1-10- წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. თუ ადამიანი არ მიიღებს სასიკვდილო დოზას, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობას ჩაიტარებს, შესაძლოა, სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე