ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ კონსტიტუციის შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სრული შემადგენლობით გადადგა. ძველი შემადგენლობით ე.წ მინისტრთა კაბინეტი, ბოლოს რამდენიმე დღის წინ ბოლოჯერ შეიკრიბა. ისინი ახალი ე.წ. მთავრობის დანიშვნამდე მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან. თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანატოლი პლიევმა.

როგორც კი ბიბილოვმა ძალაუფლება იგრძნო, რეფორმების განხორციელებას შეუდგა და პირველი, ე.წ. სოფლის მეურნების მინისტრს ვიტალი პლიევს მიადგა, რომელსაც კორუფციულ გარიგებებში დასდეს ბრალი. ასევე, დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების "აგრომპოსერვისის" ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ჯიეოვი. მასაც "სახელმწიფო ბიუჯეტის" გაფლანგვა ბრალდება. ორივე მათგანის წინააღმდეგ, "სისხლის სამართლის საქმეა" აღძრული.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯია, რომელსაც ძალიან მალე "მასშტაბური ანტიკოროფციული ღონისძიებები" მოჰყვება. "ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციული ხანა დასრულდა",- აცხადებს ბიბილოვის უწყება, რომლის თქმითაც, გამოძიება დაწყებულია უფრო დაბალ ეშელონებშიც.

უკვე საუბარია იმაზეც, რომ ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორიფციულ გარიგებებში ჩართული იყო ყოფილი ცხინვალის რეგიონის ყოფილი "პრეზიდენტი", ლეონიდ თიბილოვიც და სრულიად შესაძლებელია, რომ გამოძიება მასთანაც მივიდეს. თუმცა კიდევ ერთი ვერსიით, ამ უწყებასთან კითხვები თავად თიბილოვსაც ჰქონდა და პლიევის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყო.

მაღალჩინოსნების დაკავებას უკვე მოჰყვა რეზონანსი ცხინვალის რეგიონში, - ე.წ. ოპოზიციის ინფრომაციით, ეს ნაბიჯები ბიბილოვს ძვირად დაუჯდება, რადგან მან იმ ადამიანების წინააღმდეგ გაილაშქრა, ვისაც მის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

საქმე ის არის, რომ ვიტალი პლიევის ძმა, ანატოლის ბიბლოვის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ვიტალიც ბიბილოვის საარჩევნო პოლიტიკის მხარდამჭერი იყო... მისი უკვე ყოფილი თანამებრძოლების შეფასებით, ბიბილოვმა პირველივე დღეებში გამოავლინა "კაგებეს" მასტერკლასი. ამგვარად, დაკავების მოლოდინში კიდევ რამდენიმე ყოფილი "მინისტრი" და ოსი მაღალჩინოსანია და მათ გარშემო დაწყებული "საქმის მოძიების" დასრულებამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დატოვების უფლება არ აქვთ.

ამ სიაში არიან ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი გრიგორი კულიჯანოვი და მისი მოადგილე, ახსარ ზასეევიც. ასევე, ე.წ. საგზაო მშენებლობისა და საავტომობილო გზების ექსპლუატაციის კომიტეტის უფროსი ედუარდ გუზიტაევი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მაღალჩინოსნები უკვე შინაპატიმრობაში არიან. "ეხო კავკაზას" სანდო წყაროს ინფორმაციით, მათ მხოლოდ შიდა ტერიტორიაზე შეუძლიათ გადაადგილება. თუმცა, ისიც ითქვა, რომ რამდენიმე მათგანი აპირებდა რეგიონის დატოვებას, ზოგი მათგანი, საზღვრიდან მოაბრუნეს, ზოგიც კი პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს...

არსებული ინფორმაციით, "სისხლის სამართლის" თითქმის ყველა საქმე გახსნილია და თანხები, რომელთაც მათ ახლა "გენერალური პროკურატურა" ედავება, 2008 წელს მიითვისეს. ეს ის თანხებია, რომელიც ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობას იმ წლის სექტემბერში "რესპუბლიკის აღსადგენად" გადაურიცხა.

"არადა, არაერთი მაღალჩინოსანი ელოდა, რომ ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის გავლენებს გაიმტკიცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მათ ცოდვებს ჩუმად იწერდა, ისე როგორც ეს სტაჟიან "კაგებეს" თანამშრომლებს ჩვევიათ... დრო გვაჩვენებს, ეს ანატოლი ბიბილოვის "ახალი ცოცხის" პრინციპით მუშაობის დემონსტრირებაა თუ სერიოზული რეფორმები და კორუფციის დასამარცხებლად სისტემური ბრძოლა..." - წერენ ოსები სოციალურ ქსელებში.

რუსული მედია კი თავიდანვე ეჭვის თვალითა და ირონიით უყურებდა "ოსურ პოლიტიკურ ცვლილებებს" და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს დამოუკიდებელი სამოქმედო პროგრამა და გეგმა არ გააჩნდა. მათი მთავარი გზავნილი, ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლის მიმართ, რუსეთთან შეერთება იყო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე