ამერიკაში ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს აფასებენ

ამერიკაში ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეს აფასებენ

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. როგორც BBC იუწყება, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ეს მათი პირველი საუბარია მას შემდეგ, რაც სირიაში ვითარება ძალიან დაიძაბა და აშშ-მა სირიაში საჰაერო დარტყმები დაიწყო.

დასავლური მედიის ინფორმაციით, სირიის გარდა ორი სახელმწიფოს ლიდერებმა იაპონიის საკითხიც განიხილეს და პირისპირ შეხვედრის თარიღზე იმსჯელეს. შეხვედრის სავარაუდო თარიღი 7-8 ივლისი იქნება.

"პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში "წამება" დიდი ხანია გრძელდება და ამ ძალადობის დასრულებაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. მათი სატელეფონო საუბარი ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა და მათი საუბრის საგანი უსაფრთხოება, კონკრეტულ ზონებში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო..."

დასავლური პრესის ინფორმაციით, ამერიკამ ასევე განაცხადა, რომ თავის წარმომადგენელს ასტანაში, სირიის საკითხებზე გასამართ მოლაპარაკებებზე გააგზავნის, რომელსაც რუსეთი, ირანი და თურქეთი უწევენ ორგანიზებას... თუმცა, აქვე წარმოიშვა ეჭვები, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს ორი ლიდერი მხოლოდ "კეთილი ნებით" არ გადაწყვეტდა. თუ რა დგას ამ შეთანხმების მიღმა, ეს ცოტა ხანში გაირკვევა.

ტრამპისა და პუტინის საუბრის თემა იყო რუსული მედიის ინტერესის საგანიც. მათი ინფორმაციით, ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტისთვის მოქმედებების გაძლიერებაზე შეთანხმდა, თუმცა, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, განიხილეს თუ არა ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს სარაკეტო დარტყმები.

ამასთან, "ამერიკის ხმა" აქვეყნებს ვრცელ პუბლიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ამერიკაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ 100 დღეს, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაციამ მისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება პირველივე დღიდან დაიწყო. თუმცა, ადმინისტრაციის მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი ხმაურიანი კრიტიკის შემდეგ წარუმატებლად დასრულდა... ასევე იყო ისეთი დადებითი ნაბიჯებიც, რომლებსაც გავლენა არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე ექნება.

"ადმინისტრაციას საკითხების შესწავლა სწრაფად უწევს," - განაცხადა ამერიკის კარიერულმა ელჩმა და ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ჯონ ნეგროპონტემ "ამერიკის ხმასთან" კომენტარში. მისი თქმით, 100 დღეზე დაყრდნობით რთულია პრეზიდენტის საქმიანობის განზოგადება და შეფასება.

"პრეზიდენტი უკვე ბევრი ქვეყნის ლიდერს შეხვდა და ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დანიშნული - ნატოსთან, დიდ შვიდეულთან. ის, რაც შედარებით უჩვეულოდ დაიწყო, ახლა დადებითად იცვლება და უფრო ნორმალური ხდება ვიდრე დასაწყისში იყო," - განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა ნეგროპონტემ, რომლის თქმით, "ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას აკეთებს პრეზიდენტი და არა იმას, თუ რას ამბობს. საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი განცხადება გააკეთა, რომლებმაც მოკავშირეები შეაშინა. მაგრამ ახლა ჰყავს ძალიან ძლიერი ეროვნული უსაფრთხოებს გუნდი. მოკავშირეებზე შეხედულება შეიცვალა და მათ მხარდაჭერას დაპირდა."

ტრამპის 100 დღეს სკეპტიურად აფასებს "დემოკრატიული პარტიის" ყოფილი კონგრესმენი ელენ ტუშერი. მას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის ერთადერთი მიღწევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშნვა იყო.

"მას ისეთი არასტაბილური ხასიათი აქვს, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ტვიტერის მესიჯით შეიძლება. ამასთან, მას პატიოსნებასთან და დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს... ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი ასევე შეშფოთებულია პრეზიდენტის ხასიათით",- აცხადებს ტუშერი.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ტრამპს შიდა პოლიტიკაში დიდი ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ამერიკის საგარეო ურთიერთობები შეცვალა. "უოთერჰედის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის" დირექტორი მანუელ მუნიცი ამბობს, რომ ტრამპს "არ ჰყავს გუნდი, დღემდე 58 ადამიანის ნომინაცია აქვს გაკეთებული, როცა იგივე პერიოდის განმავლობაში ობამას 190 ადამიანი ჰყავდა წარდგენილი სხვადასხვა პოსტზე," - დასძენს ის. მისი აზრით, ტრამპი გუნდს ძალიან ნელა ქმნის და ამას მის მიერ ქვეყნის მართვაზე უარყოფითი შედეგები აქვს.

სწორედ არასაკმარის შტატს უკავშირებს მუნიცი იმას, რომ ტრამპს ბევრ საკითხზე არასწორი შეხედულება ჰქონდა. მისი თქმით, რუსეთთან პოლიტიკის შეცვლა ტრამპმა ახლახან დაიწყო და ისიც სირიაში მიმდინარე ომის გამო. ნატოს ჯერ მოძველებული უწოდა და შემდეგ მხარდაჭერის პირობა მისცა.

"მისი მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ამერიკის ტრადიციული საგარეო პოლიტიკისგან," - თქვა მუნიცმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთი გაუთვლელი ნაბიჯისა და განცხადების მიუხედავად, ტრამპი ქვეყანას ბოლომდე ვერ მართავს ისე, როგორც შესაძლოა, თვითონ სურდეს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე