"გვცნობდნენ, გურჯისტანი მოდისო და გულზე ხელით მიდებით გვესალმებოდნენ" - ქართველი ინსტრუქტორების მისია ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროვინციაში

"გვცნობდნენ, გურჯისტანი მოდისო და გულზე ხელით მიდებით გვესალმებოდნენ" - ქართველი ინსტრუქტორების მისია ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროვინციაში

"რაც დრო გადის, მეტი ინტერესი ჩნდება დაუმარცხებელი, ცივილიზაციასთან შეურიგებელი ხალხის მიმართ - მისტიური და ამოუხსნელი, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი" - ასე იცნობს ავღანელებს მთელი მსოფლიო... ქართველი ინსტრუქტორები 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიში, პაკისტანის მოსაზღვრე ჯალალაბადის პროვინციაში და მათ ადათ-წესებს ახლოს გაეცნენ. ავღანელებთან წარმატებული მუშაობას, ქართველმა სამხედროებმა სწორად გათვლილი ურთიერთობებით მიაღწეს... ისინი ჯალალაბადის პროვინციაში, გამბერის ბაზაზე ინსტრუქტორებად მუშაობდნენ და მისია წარმატებით დაასრულეს.

იმ მისიიდან ორი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ"არსენალის" რესპონდენტია. ისინი რამდენიმეთვიან ქართულ-ავღანურ ურთიერთობას იგონებენ...

2014 წელი, ჯალალაბადი:

დავითი, 38 წლის:

"მათთან ურთიერთობა ნდობისა და პატივისცემის მოპოვებით დავიწყეთ. პასუხად, მათაც დაგვიმტკიცეს, რომ მათი ნდობა შეიძლება... ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო და ძალიან საინტერესო ურთიერთობასა და მუშაობაში გადაიზარდა. რაც მთავარია, მივიღეთ შედეგი, როგორსაც ამერიკელებიც არ ელოდნენ და ეს აღიარეს კიდეც...

ერთხელ, წვრთნების დროს ერთი ავღანელი დაშავდა. მოვინახულეთ და მედიკამენტები მივუტანეთ. იქაურ კონტრაქტორებს ანაზღაურება 200-დან 300 დოლარამდე აქვთ, მაგრამ ყურადღება ყველას უხარია. მათი სამხედრო ნაწილიც იქვე იყო, სადაც ჩვენ ვიყავით განთავსებული... თარჯიმანს ვუთხარით, ექიმის დასკვნა ეჩვენებინა. შემდეგ, თარჯიმანს მივეცით ფული ჩვენი ჯიბიდან და ვთხოვეთ, რაც სჭირდებოდა, ყველაფერი მოეტანა... ეს ერთგვარი წარმატებული ჟესტი იყო ჩვენი მხრიდან, რამაც შემდგომში მათთან ურთიერთობაში გზა გაგვიკვალა... ამის შემდეგ, გვენდობოდნენ და პატივს გვცემდნენ და მათთან ჯავშანჟილეტების გარეშეც მივდიოდით. გურჯებს გვეძახდნენ და თუ სადმე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას მოკრავდნენ თვალს, პატივისცემის ნიშნად, მაშინვე გულზე ხელს იდებდნენ...

ფრანგულ ბაზაზე ვიყავით და სანამ ჩვენ მივდოდით, ისეთები შეარჩიეს, ვისაც ელემენტარული განათლება მიღებული ჰქონდათ ანუ წერა-კითხვა იცოდნენ, რათა ჩვენ მათთან მუშაობა არ გაგვჭირვებოდა. თუმცა, მაინც იყო შემთხვევები, როდესაც თეორიას ვერ ვასწავლიდით და მხოლოდ პრაქტიკით ვცდილობდით ფონს გასვლას...

მახსოვს, ერთი ჩვენი ავღანელი, რომელიც უნიჭიერესი აღმოჩნდა, ძალიან სწრაფად აითვისა ყველაფერი. რაც შეეხება ასაკს, ამის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელი იყო, ვისაც კითხავდი, რატომღაც ყველა პირველ იანვარს იყო დაბადებული...

ირაკლი, 43 წლის:

- რაც შეეხება განათლებას, ჩვენს ჩასვლამდე მათ ქაბულიდან ჩამოყვანილი ლექტორები დაწყებით მათემატიკაში ამეცადინებდნენ და მან მართლა მოგვცა შეღავათი... სამხედრო საქმე, ჰიგიენასა და დისციპლინას მოითხოვს, მაგრამ გაპარსული სახე მათთვის ცუდი ჟესტია, თუმცა ზოგი მაინც არღვევს ამ ტრადიციას და წვერს იპარსავს. სხვა პრობლემებიც იყო, მაგალითად, დღის 11 საათისთვის მათთვის მოსაწევი დრო იწყებოდა. ჩვენი პატივისცემა რომ უნდოდათ, მოსაწევი მოჰქონდათ, ჩვენ უარს ვეუბნებოდით, რაც მათთვის შურაცხმყოფელი იყო, მაგრამ გამოსავალი ვიპოვეთ და ვუთხარით, ეს რომ მოვწიოთ, კვალი დარჩება, შეგვამოწმებენ და ფრანგულ ხელმძღვანელობასთან შეგვექმნა პრობლემებიო, გაგვიგეს... ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელო რამეზეც კი შეიძლება გაბრაზდნენ და ამიტომ სულ ფრთხილად უნდა იყო. ამიტომ ვცდილობდით რაღაც გზები გვეპოვა და მათაც არ მოეწიათ, რადგან ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ გემორჩილება, მით უმეტეს, იარაღთან ჰქონდათ საქმე...

არტილერიას თავისი დამიზნების წერტილი აქვს და ყველაფერში სიზუსტის დაცვაა საჭირო... დაარჭობდნენ ჯოხებს, რომელსაც დამიზნების წერტილად იყენებდნენ, მოწევის შემდეგ, ამოაძრობდნენ და პატარა ბავშვებივით ხმალაობდნენ. ძნელია მათთვის შენიშნვის მიცემა, რადგან სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მიდგომის პოვნა კი არც ისე ადვილია. ერთ დღესაც, 14 ავღანელს დავუძახე და ჯოხები, რომელსაც დამიზნების წერტილად ვიყენებდით, მოვატანინე და გარკვეული მანძილის დაშორებით, მიწაში ჩავარჭობინე, ჯოხის ჩრდილზე დავადებინე ქვა და ვუთხარი, ეს უბრალო ჯოხი კი არა, კომპასია-მეთქი. ამის შემდეგ, თუ ამ ჯოხს ვინმე შემთხვევით მაინც გაეკარებოდა, ლამის ტყვიას ესროდნენ, კომპასს ნუ ეხებიო... ნიჭიერი ხალხია, ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავენ. ასევე, ძნელია, მათ რამე გამოაპარო. სახეზე ატყობენ ადამიანს,  გულწრფელია თუ არა...

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო - მას შემდეგ, რაც მათი ნდობა მოვიპოვეთ, მათთან ჯავშანჟილეტისა და იარაღის გარეშე მივდიოდით. ზამთარში, როდესაც სიცივე იყო, დათბილული კამუფლაჟი გვეცვა, მათთან სტუმრობისას ხელით, ფრთხილად გვამოწმებდნენ, გვეცვა თუ არა ჯავშანჟილეტი, ანუ ვენდობოდით თუ არა. მისალმება, ანუ გადახვევა, მათაც ჩვენსავით იციან... როდესაც ფრანგულმა ხელმძღვანელობამ გაიგო ამის შესახებ, გვისაყვედურა, მაგრამ მაინც როგორღაც ვახერხებდი მათთან ასე მისვლას...

დავითი:

- ჯალალაბადში, ანუ სადაც ჩვენ ვიყავით, სამკერვალო არ იყო. ერთმა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ქართული დროშები შეგვეკერა. ჩვენი სამხედრო მანქანების ანტენებზე დავკიდეთ. ამის შემდეგ ავღანელები ერთი შეხედვით გვცნობდნენ, გურჯისტანი მოდისო და გულზე ხელით მიდებით გვესალმებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ამაზეც გვისაყვედურა ფრანგულმა მხარემ და დროშები ჩამოგვახსნევინეს. მათ ბაზაზე ვიყავით და რა თქმა უნდა, მათი აზრის გათვალისწინება გვიწევდა.

თავად ავღანელი კონტრაქტორები სიტყვა "თალიბანს" არ ახსენებდნენ, მათ დუშმანს უწოდებდნენ, რადგან თალიბანი არის ავღანეთის ახლანდელი განაპირა რაიონი, პაკისტანის ტერიტორია, სადაც თავად ცხოვრობდნენ.

ერთი-ორჯერ მოგვიწია მათთან ერთად სუფრასთან ჯდომამ, - ისინი ფეხმორთხმით სხდებიან, რაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა. ჩაისთან ერთად, საკმაოდ გემრიელი ტკბილეული ჰქონდათ, თხილი, შაქარყინული, ზეთისხილი, რაღაც გოზინაყისმაგვარი... ქალი, რა თქმა უნდა, არ ჩანდა... მიუხედავად იმისა, რომ დაბალი განათლება აქვთ, საკმაოდ საინტერესო და დაკვირვებული მოსაუბრეები არიან. ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები უყვართ.

იქ ადამიანს სხვა კრიტერიუმებით აფასებენ, არც სამხედრო წოდება ჭრის, არც ფიზიკურ მონაცემები და არც ეროვნება. მათ შორის იყო ერთი დაბალი კაცი, რომელიც ნამაზს კითხულობდა. ძალიან მორწმუნე იყო. დიდ პატივს სცემდნენ. ცდილობდა მათ რწმენაზე გადავეყვანეთ, მაგრამ არ გამოუვიდა.

იარაღის მიმართ იმდენად დიდი პატივისცემა აქვთ, რომ ვიღაცას ხელიდან რომ გაუვარდეს, ეს სირცხვილად ითვლება... მეცადინეობის დროს, ზოგი წყვეტდა და ლოცვას იწყებდა. აუცილებლად, სახით დასავლეთისკენ არიან. თუმცა, ისიც შევამჩნიეთ, რომ ბევრი შიშის გამო ცდილობს რელიგიურად ცხოვრებას. ტრადიციას იმდენად იცავენ, ერთმა რომ დაარღვიოს, სხვა მიუთითებს... როდესაც ლოცვას იწყებდნენ, ოთახიდან გავდიოდით, არ გვინდოდა, იარაღით თავზე დავდგომოდით.

ამერიკელები, რომლებსაც შემდგომ თავად უნდა ემუშავათ ავღანელ კონტრაქტორებთან, ჩვენ გვეკითხებოდნენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მათთან მუშაობის დროს საფრთხე არ შეგვექმნასო... კურიოზული სიტუაცია შეიქმნა... ავღანელებს აღიზიანებთ მათი თავისუფალი მანერები, რადგან როგორც გითხარით, ისინი ყველა მიმიკასა და ჟესტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უკაცრავად და, არ შეიძლება, ავღანელთან საუბრის დროს გადააფურთხო, შეიძლება გესროლოს. როდესაც მათ მიწაზე ხარ, უნდა ეცადო, რომ არ გააღიზიანო...

ირაკლი:

ქაბულისა და ჯალალაბადის მოსახლეობას შორის დიდი განსხვავებაა. ქაბულელებმა გვითხრეს, - იმათთან საუბარს ვერიდებით, სახის მიმიკა რომ არ მოეწონოთ, - შეიძლება გვესროლონო... ჩვენს მიერ მომზადებული ავღანელები შემდგომ სამხედრო საქმიანობას, ბაზა "კუნარზე", პაკისტანის საზღვრის პირა რაიონში განაგრძობდნენ, საბრძოლო მორიგეობაზე რჩებოდნენ... ოჯახები პაკისტანში ჰყავდათ გახიზნული. თავად იქ სამხედრო ყაზარმაში ცხოვრობდნენ. საერთოდ, ავღანელს ოჯახზე ლაპარაკი არ უყვარს. რთული ხალხია, მაგრამ ქება სიამოვნებდათ, ბავშვებივით ლაღი და ბედნიერი ხდებოდნენ.

ისინიც ცდილობდნენ ჩვენთვის ესიამოვნებინათ, - სამახსოვროდ იარაღის ჩუქებაც კი უნდოდათ; პურმარილზე გვეპატიჟებოდნენ და როდესაც ზრდილობიან უარს ვეუბნებოდით, გვთავაზობდნენ, - ჩვენს სასადილოში მობრძანდით და გარეთ დაცვას დავაყენებთო. ეგონათ, არ ვენდობოდით... ვინც ჩვენს მიერ იყო მომზადებული, გაცილებისას, თავიანთ ეროვნული მუსიკაზე იცეკვეს. იქ ცეკვის უფლება ყველას არ აქვს, - მხოლოდ ავტორიტეტულები ცეკვავენ... ასე რომ, ისინი მისტიური და ამოუხსნელი ადამიანები არ არიან, უბრალოდ, სწორად უნდა მიუდგე.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე