ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში

ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამ ომმა უმძიმესი ადამიანური დანაკარგი მიაყენა საქართველოსაც, საიდანაც იმ წლებში 750 ათასი მებრძოლი გაიწვიეს, მათგან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. ბევრი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... (ბოლო დროს, რამდენიმე მათგანის დაღუპვის ადგილისა და საფლავის შესახებ მკითხველმა ჩვენგან შეიტყო...)

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა რამდენიმე ქართული დივიზია, რომელთაგან ერთ-ერთი იყო 224-ე ქართული დივიზია. ის ქერჩის ბრძოლებში მონაწილეობდა და თითქმის მთლიანად განადგურდა... ასევე, ქართველი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ პარტიზანულ ომებში, სადაც თავიანთი კვალი დატოვეს კიდეც, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი...

ის 1916 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ჩააბარა, რომლის წარმატებით დამთავრებისთანავე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ, სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა, 1941 წლის მაისში...

ერთ-ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა. სხვა ტყვეებთან ერთად, ისიც პოლონეთში, კრუშინას საკონცენტრაციო ბანაკში გადაუყვანიათ, სადაც ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი იყო და იქ ვერმახტის ძალებისთვის ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ.

მისი ბანაკის კომენდანტი სიმკაცრით ცნობილი ობერშტურმფიურერი ჰანს ფონ ფალკენშტაინი ყოფილა. ცნობილია ფაქტი, თუ როგორ წინააღდეგობა გაუწია მას ერთ-ერთმა ტყვემ, როდესაც მორიგი შემოვლისას კომენდანტმა დაჩოქება უბრძანა, მან კი არ შეასრულა. გაბრაზებულ ფალკენშტაინს მისთვის მათრახი მოუღერებია, რის სანაცვლოდაც მოსულიშვილმა მუშტი გაარტყა სახეში.

რამდენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულ კომენდანტს, რომელსაც ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი სდიოდა, ჯიბიდან პარაბელუმი ამოუღია, ჯარიკაცებისთვის უკან დახევა უბრძანებია და იქაურობას გასცლია... საღამოს ფორემ თავის მეგობარ ისაკ ძამსაშვილს უთხრა: - "ეს კაცი მართლა ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილაო!.." "თავიდან ვერ გავიგე რა იგულისხმა ფორემ, მერე მივხვდი, რომ უიარაღო ტყვის საჯაროდ დახვრეტა სახეში გარტყმის გამო საკუთარი უღირსობის დემონსტრაცია და შიშის აღიარება იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს კომენდანტი ბარონი იყო", - იგონებს ისაკი.

1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია) გადაუყვანიათ, სადაც ის, 70-ზე მეტ ქართველთან ერთად, იტალიელი პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც პიემონტში "გარიბალდის ბრიგადის" სახელით მოქმედებდნენ. როდესაც ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს, ფორე გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის "პეპინოს" ქვედანაყოფ "არმანდოში" აღმოჩნდა.

პირველი საბრძოლო ოპერაცია მისმა ქვედანაყოფმა 14 სექტემბერს ჩაატარა, - მათ დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა გამოიხსნეს. როგორც გაირკვა, ერთ საღამოს გერმანელები უგონოდ დათვრნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს. ფორემ უხმაუროდ განაიარაღა მცველი. ყოფილ ტყვეებს არც დარჩენილი გალეშილი გერმანელების დატყვევება გასჭირვებიათ. რაზმმა მთელი შენობა დაიკავა. ამის შემდეგ, ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა - ადგილმდებარეობას არ ვიცნობ და იტალიურიც არ ვიციო...

მათი თავზეხელაბულობით გაბეზრებულმა ნაცისტებმა პარტიზანების განადგურება გადაწყვიტეს და გარიბალდის 118-ე "რემო სერვადეის" ბრიგადაზე ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს. რის შემდეგაც ის მცირე დანაყოფებად დაიშალა და ისე განაგრძო "რაიხსფიურერ სს"-ის (მეთაურო - სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, მწყემსების ქოხში ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი "არმანდო" "რაიხსფიურერ სს"-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.

პარტიზანულ ქვედანაყოფ "არმანდოში" მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო, - ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი, შოთა ბექაია, ვლადიმერ ჭეჟია, ზაქარია თომაშვილი... ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: - ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა. ვაზნებიც შემოელიათ... ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ... შემდეგში, მარიო ძინონი იხსენებს: - "ერთმანეთს გადავხედეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: "მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!" და იქვე თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე..."

ფორე მოსულიშვილი ერთადერთი ქართველი არ არის, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იტალიის მიწაზე იბრძოდა, - ისტორიამ მრავალი ქართველი პარტიზანის სახელი და მათი გმირობის მაგალითები შემოგვინახა. ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ნოვარის პროვინციაში პარტიზანულ რაზმებში 300-ზე მეტი ქართველი მეომარი ირიცხებოდა, რომლებმაც ბევრ წარმატებულ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.

პარტიზანთა 42-ე ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებდა ქართველთა 50-კაციანი რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. სოფელ სტიმასთან გამართული ბრძოლისას, რაზზმა ტყვედ ჩაიგდო 180 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. საპასუხო სადამსჯელი ოპერაციისას, რაზმი ბალმაფოლის მთაზე გამაგრდა და გერმანელთა ყველა შემოტევა მოიგერიეს. ეს რაზმი საუკეთესოდ ითვლებოდა გარიბალდელთა მე-3 დივიზიაში...

რამდენიმე იტალიელ თანამებრძოლთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი ვარაზაშვილი, იგივე "კაპიტანი მონტი", რომელმაც უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოლა და როდესაც ტყვია-წამალი გამოელია, ტყვეობას სიკვდილი არჩია... მის საფლავზე ასეთი წარწერაა: - "გამვლელო, გაჩერდი, ამ ადგილას განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი განთავისუფლებისათვის, მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა".

1945 წლის 16 მარტს, ქალაქ ბორგოსეზიაში, დაიღუპა პარტიზანი, მეგონა ღურწკაია. როდესაც გერმანელებმა შეძლეს პარტიზანთა შეტევის შეფერხება, მან მარტომ შეუტია სახლში გამაგრებულ გერმანელებს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა.

იტალიის მთავრობამ მხოლოდ ორ საბჭოთა ჯარისკაცს მიანიჭა იტალიის ეროვნული გმირის საპატიო წოდება, რუს პოლეტაევს და ქართველ ფორე მოსულიშვილს. "პერ ბატალია, ჯორჯანი პარტიჯანი!" - ასე მოიხსენიებენ მას იტალიის ისტორიაში...

ლალი პაპაკირი

ამბები. გე

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?