აფხაზეთში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ქალაქი შენდება

აფხაზეთში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ქალაქი შენდება

რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ქალაქების მშენებლობას განაგრძობს. ТАСС -ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში 600-მდე რუსი სამხედროსთვის ბინების მშენებლობა იგეგმება. თვითაღიარებულ აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის უფროსის ვადიმ ასტაფიევის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

"მიმდინარე წლის ბოლოსთვის, 600-მდე რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტრაქტით მსახურობენ, რუსეთის სამხედრო ქალაქში სრულყოფილი, გარემონტებული ბინა უნდა ჩაიბაროს. ეს ოფიცრებს, მაღალი და დაბალი რანგის სამხედროებს, რომლებიც აფხაზეთში ოჯახებთან ერთად არიან ჩასული და იქ მსახურობენ, ნორმალური ცხოვრების პირობებს შეუქმნით", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის (ეს ოლქი აერთიანებს რუსულ ჯარებს ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში) ბრძანებით, გუდაუთის სამხედრო ქალაქის კორპუსების ეზოში უკვე დაწყებულია საბავშვო ბაღების მშენებლობაც. ასევე, იგეგმება სამედიცინო პუნქტებისა და სხვა აუცილებელი დაწესებულებების გახსნაც.

სააგენტო ТАСС -ს ცნობით, ეს გუდაუთაში რიგით მე-13 რუსული სამხედრო ქალაქია. ცნობისთვის, აფხაზეთში რუსეთის შვიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ისინი რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2008 წელს ააშენეს.

გუდაუთის გარდა, გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში არსებობს რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქი, რომელიც 2012 წელს აშენდა. აღნიშნული სამხედრო კომპლექსი სამშენებლო ფირმა "კავკასიის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებამ" ააგო. ობიექტი ექსპლუატაციისათვის ვადაზე ადრე ჩაბარდა. მაშინ აფხაზური პრესა იუწყებოდა, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებულია 25-ბინიანი საცხოვრებელი სახლები, ისინი კეთილმოწყობილია და სამხედროებს დასრულებული რემონტით ჩაბარდათ. "ამავე ტერიტორიაზე არის დასასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზები, საბავშვო ბაღი და საუნა", - წერდა აფხაზური პრესა.

თავის მხრივ, ტელევიზიებმაც გაავრცელეს კადრები, თუ როგორ გადასცემდნენ ბინის გასაღებს სამხედროებს. ამ ცერემონიას აფხაზეთის ხელმძღვანელობა და რუსი მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ადგილობრივები, რომელთა თქმითაც, სანამ "გენერალური პროკურატურა აფხაზეთის სკოლებსა და უნივერსიტეტში შპრიცებს ითვლის და ნარკომანიის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს, რუსეთმა მათ ტერიტორიაზე ოცამდე სამხედრო ქალაქი ააშენა..."

კიდევ ერთი სამხედრო ქალაქი, ასევე რუსულ-აფხაზური მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ თაგილონშიც ააშენეს.

არსებული ინფორმაციით, სულ, აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქები გახსნილი აქვს: გალის რაიონის სოფელ ოტობაიასა და ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში. ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე