რა სურს ტრამპს რუსეთისა და თურქეთისგან

რა სურს ტრამპს რუსეთისა და თურქეთისგან

ბოლო დღეებში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სამი დიდი სახელმწიფოს, ამერიკის, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ურთიერთობა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. მართალია, მათი განცხადებები ურთიერთობების დალაგებისა და სიმშვიდისკენ იყო მიმართული, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებას სწორედ ეს უეცარი სიმშვიდის დამყარების მცდელობა უჩენს ეჭვს... ყოველ შემთხვევაში, მოვლენები აშკარად უჩვეულოდ და მოულოდნელად განვითარდა.

ბოლო ხანებში ამერიკის მიმართ თურქეთის გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სადაც ერდოღანი და მისი თანამოაზრეები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ ამერიკის კვალს ხედავდნენ, ერთ დღესაც, თეთრ სახლს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ესტუმრა.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა თანამშრომლობის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი და განაცხადეს, რომ ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდებიან. არცერთი ქვეყნის მეთაურს არ უსაუბრია თეთრი სახლის გადაწყვეტილებაზე, სირიაში ქურთ მებრძოლებს შეიარაღება მიაწოდოს. ცნობისთვის, ეს გადაწყვეტილება სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ მიიღეს და მას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა, ვიზიტის გამართვამდე თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის ეცდებოდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილების შეცვლაში... ამ ზოგადი განცხადებების გარდა, ჯერჯერობით რეალური შეხვედრის მიზეზი, ვერსიის დონეზეც არ გაჟღერებულა. ერდოღანის თეთრ სახლში მისვლამდე, ვაშინგტონში დაპირისპირება მოხდა მის მხარდამჭერებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს შორის, თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან. დაპირისპირებაში ერდოღანის დაცვის წევრებიც ჩაერთვნენ.

ერდოღანის ამერიკაში სტუმრობას, ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. არეულობა ვაშინგტონში შუადღეს, მაშინ დაიწყო, როდესაც სომეხი და ქურთი დემონსტრანტების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ თავს ერდოღანის მხარდამჭერები და თურქეთის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები დაესხნენ.

როგორც "ამერიკის ხმა" იუწყება, თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 17 მაისს მომხდარ შეხლა-შემოხლაში მართლა მონაწილეობდნენ ერდოღანის დაცვის წევრები, მაგრამ ეს "პროვოკაციაზე საპასუხო ქმედება" იყო. თურქეთის დელეგაციის წევრები კონფლიქტის გაღვივებაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ. პოლიციის მცდელობის მიუხედავად, დაპირისპირებულები ბოლომდე ვერ შეაჩერეს. ვაშინგტონის პოლიციამ არეულობისას ორი პირი დააკავა...

ამერიკული პრესის აზრით, ტრამპმა ახალი თამაში წამოიწყო, რომელიც შეიძლება ძველის გაგრძელება იყოს, - აშშ-ის პრეზიდენტმა ინაუგურაციიდან მალევე სთხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს მაშინდელ დირექტორს ჯეიმს კომის, შეეწყვიტა გამოძიება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის აწ უკვე ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის რუსეთთან კავშირებს შეეხებოდა. "ნიუ იორკ ტაიმსი", "როიტერი" და "ასოშიეიტედ პრესის" სააგენტოების ინფორმაციით, კომი, რომელიც ტრამპმა გასულ კვირაში დაითხოვა თანამდებობიდან, თებერვალში, ფლინის გათავისუფლების წინა დღეს დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა, რასაც სულ მალე, ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე, კომის წერილობითი განკარგულება მოჰყვა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

ამერიკული პრესის აღშფოთება ტრამპის მიმართ კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია - მათი მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს სახელმწიფო საიდუმლოება გააცნო. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ზოგიერთი ამერიკული გამოცემა იუწყებოდა, რომ 10 მაისს ოვალურ ოთახში გამართული შეხვედრისას, ტრამპმა რუსეთის მინისტრს გაუზიარა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც აშშ-მა თავისი მოკავშირისგან მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონს გადასცეს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერები.

"მზად ვართ, როგორც აშშ-ის სენატს, ისე კონგრესს მივაწოდოთ ტრამპისა და ლავროვის საუბრის ჩანაწერები, ცხადია, თუ ეს აშშ-ის მთავრობას სურს" - აღნიშნა პუტინმა. ის აშშ-ში განვითარებულ დისკუსიას "პოლიტიკურ შიზოფრენიას" უწოდებს.

"არა მხოლოდ ვწუხვართ, არამედ შემაშფოთებლად მიგვაჩნია იმის წარმოდგენაც კი, სადამდე შეიძლება მივიდნენ ადამიანები ამ სისულელეებისა და ნაგვის წარმოებით. ყველაფერი ეს კეთდება ანტირუსული განწყობების შექმნის მოტივივაციით", - აღნიშნა პუტინმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე