ხვალიდან აფხაზეთის "სამართალდამცავი ორგანოების" რუსეთთან გაერთიანება იწყება

ხვალიდან აფხაზეთის "სამართალდამცავი ორგანოების" რუსეთთან გაერთიანება იწყება

დე ფაქტო აფხაზეთში გრძელდება 2014 წელს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პუნქტების შესრულება; მაშინ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რეგიონთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას მიაღწია, ახლა კი, საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა დაიწყო, რასაც "ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება" ითვალისწინებდა.

მხარეებმა სამართალდამცავი ორგანოების ადგილობრივ საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი სოჭში მოაწერეს. აფხაზური მხრიდან ხელი, ე.წ. შს მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერა, რუსეთის მხრიდან კი, - ძალოვან სტრუქტურას რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე, იგორ ზუბოვი წარმოადგენდა.

ამის შემდეგ, აფხაზურ "პარლამენტში", დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მოხდეს. ასლან კობახიას ინფორმაციით, ეს შეთანხმება დაფუძნებულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებზე, რომლის დასტური და საფუძველი იყო, 2008 წლის შენახმება ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარეებმა ხელი 2014 წელს მოაწერეს.

"ცენტრის ბაზა, აფხაზეთში, სოხუმში იქნება და ხელმძღვანელობა სულ 20 ადამიანით, დაკომპლექტდება, - მათ შორის, 10 რუსი და 10 აფხაზი იქნება. სისტემა, მთლიანად დაქვემდებარებული იქნება რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვან უწყებებზე. დირექტორი, შესაძლოა, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი იყოს, რომელმაც როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის შს სამინისტროებს, ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს. მის ფარგლებში იგეგმება, აფხაზეთში თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც აფხაზეთის შსს ასე სჭირდება. მისი მუშაობის ფინანსური უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან მოხდება". - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრმა ასლან კობახიამ.

ცენტრის მთავარი მიზანია, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ სფეროში მხარეების კოორდინირებული მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, აფხაზეთში ბოლოს დროს ძალიან გამწვავებულ ნარკოტრეფიკინგის თემას.

"ჩვენი მუშაობა მიმართული იქნება იმ კრიმინალების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთში ამინდს ქმნიან... ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსი მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე, უბრალოდ ვერ დავამარცხებთ..." - აცხადებს კობახია, რომლის თქმითაც, პირველი პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო განყოფილებაში, 400 ადამიანი დასაქმდება და ისინი მთელ აფხაზეთში იმუშავებენ.

აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო მზად და კობახიამ ის აფხაზურ პარლამენტს წარუდგინა, რასაც მწვავე პოლემიკა მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა, პარტია "აინარის" წევრი, "დეპუტატი", ალმას ჯოპუა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ შეთანხმების წინააღმდეგ, მწვავე პოსტებს აქვეყნებდა და აფხაზეთის ხელმძღვანელობას "ქვეყნის დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენებაში ადანაშაულებდა"...

კობაიხიას თქმით, იმათ გასაგონად, ვინც ამ შეთანხმებაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს, შეუძლია განმარტოს, რომ ეს არის აფხაზეთის კრიმინალური ჭაობიდან გამოხსნის ერთადერთი გზა.

"პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ შეთანხმებით, მისი მეორე ნაწილი არის ფინანსური შეთანხმება, - რომელიც შსს ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. ორშაბათს, მოკოვიდან სოხუმში ჩამოფრინდება სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც, ადგილზე, ჩვენს სპეციალისტებთან ერთად, ყველაფერს დაითვლიან. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად, დავიწყებთ ჩვენი სამართლდამცავი ორგანოების რეფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს, ჯერჯერობით არ აქვს უნარ,ი პოლიტიკიდან ბოლომდე და ღირსეულად წავიდეს. ისინი შემდეგაც ცდილობენ, თავიანთი საცეცების გამოყენებას, რათა უკან მოსაბრუნებელი გზა დაიტოვონ და ამით ძალიან დიდი ზიანს აყენებენ ქვეყნის იმ სისტემას, სადაც ადრე გავლენა ჰქონდათ... რატომღაც არავის უნდა იმის აღიარება, რომ ჯერჯერობით ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერის გარეშე დაუცველები ვართ...

ვინ აფინანსებს შს და თავდაცვის სამინისტროებს? უშიშროების სამსახურს და ან დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებს?.. ვიღაცეები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გამოდიან დ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ასეთი საკვანძო საკითხები დამოუკიდებლად უნდა მოვაგვაროთ... დიახ, ჩვენ გვაქვს ამის თქმის მორალური და სამართლებრივი საფუძველი, რადგან იარაღით ხელში დავიცავით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიკითხავ, - ვინ ახორციელებს ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას, ამ საქმეს 2009 წლიდან აკეთებს რუსეთის ფედერაცია და შესაბამისად, მისი ნდობის საფუძველი გვაქვს" - აცხადებს კობახია.

მისი დამაჯერებლური ტონის მიუხედავად, ამ პროექტს როგორც პოლიტიკოსებში, ისე ჩვეულებრივ საზოგადოებაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "რუსეთთან ასეთი აშკარა ქვეშევრდომლური ურთიერთობა, აფხაზეთის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო ფორმალურს ხდის". "აიანარას" უარყოფით პოზიციას იზიარებს, "ამცახარა", "აფხაზეთის ეროვნული ფრონტი" და კიდევ 15-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე