თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება

თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება

ვგეგმავთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ანტისაჰაერო სისტემა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და ბუნებრივია, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.

"ამ კონტექსტში სწორედ პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა ნატო-სთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა ნატო-ს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

"ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი გვქონია დღემდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ათასობით ჩვენი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების გაწვრთნას, მაქსიმალური ნატო-ს სტანდარტების უზრუნველყოფით, ასევე ითვალისწინებს ამ ბატალიონების აღჭურვას ნატო-ს ადეკვატური ტექნიკით და ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ ერთობლივად ავაშენოთ საბრძოლო მომზადების ცენტრი, ანუ შევქმნათ ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას მოვახდინოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების სინქრონიზება", - განაცხადა იზორიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს მთავარი მოთხოვნაა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%.

"ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ალბათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი უნდა იყოს, იქედან გამომდინარე, რომ მემკვიდრეობით გვერგო ძველი საბჭოთა ტექნიკა, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი. როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნატო-ს მიერ განსაზღვრული გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% იყოს აღჭურვილობაზე მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, დღეს ამა წლის ბიუჯეტით ეს არის 6%, ანუ 3-ჯერ მეტი გახდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ეს განსაზღვრულია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, რომ მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს სწორედ 3 წლის განმავლობაში და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ", - განაცხადა იზორიამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე