ჩეჩენი გეების დევნაში პარლამენტის სპიკერს ადანაშაულებენ

ჩეჩენი გეების დევნაში პარლამენტის სპიკერს ადანაშაულებენ

ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი, თავად მონაწილეობდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დაკავებაში. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საუბარია "გროზნოს საიდუმლო ციხეზე," სადაც დაუდოვს ორი ადამიანი ჰყავდა გამომწყვდეული და მათგან სხვებზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

Human Rights Watch  კიდევ ერთი ადამიანის მონათხრობზე საუბრობს, რომელიც თავად იყო დაკავებული და გროზნოში სხვა დაკავებულებიც ნახა. 

"მათ ჩვენ ისე ვყავდით, როგორც ზოოპარკში მაიმუნები და გამვლელ-გამომვლელებს ჩვენზე უთითებდნენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული არსებები ვყოფილიყავით," - ყვება ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თავად იყო დაკავებული.

დაუდოვი რომ თავად მონაწილეობდა სექსუალური უმცირესობის დაპატიმრებაში, ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" ადრეც წერდა, თუმცა, რამზან კადიროვი და მისი თანამოაზრეები ჩეჩნეთში გეების არსებობას კატეგორიულად უარყოფდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე HRW-ის ბრალდებებს "ინსტაგრამში" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მზადაა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყონ. თუმცა, "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, დაუდოვი პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და შესაბამისად, არც ადგილობრივი სასამართლოს შიში აქვს...

"მინდა ამ "სიმართლისმაძიებლებმაც" იცოდნენ, რომ მე არასდროს ავწევ ხელს დაუცველ ადამიანებზე, როგორც არ უნდა მეზიზღებოდნენ ისინი," - წერს დაუდოვი, რომლის თქმითაც, ლიბერალური ღირებულებების მიმართ მისი განწყობა ყველამ იცის და ამიტომ გახდა ცილისწამების სამიზნე.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გეი ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები თებერვალში დაიწყო და სავარაუდოდ, 3 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. დევნის შესახებ ინფორმაცია მარტში რუსულმა ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მათ აპრილში 75 ადამიანი დაუკავშირდა, მათგან 52 ამბობდა, რომ ისინი ჩეჩნეთის პოლიციამ ორიენტაციის გამო დააკავა.

როგორც "გარდიანი" წერს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების შევიწროება და მკვლელობა მათი ნათესავებისთვის ღირსების საკითხად ითვლება და ასეთ შემთხვევებზე როგორც ადგილობრივი მმართველობა, ისე რუსული უწყებები თვალს ხუჭავენ. ამიტომ, ძალოვანი უწყებების გარდა, ჩეჩნეთში გეებს საფრთხე საკუთარი ნათესავების მხრიდანაც ემუქრებათ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე